Sonntag, 22. Dezember 2013

ჩემი ფორთოხლისფერი ცრემლები (თბილისური ამბებიდან)


მინდოდა რაღაც სხვა ამბად ამის მოყოლა, სადმე ტრანსფორმირება. თავში სხვადასხვანაირად უკვე დავწერე კიდეც რამოდენიმეჯერ. ახლა თან ნახევრად მეძინება. მაინც დავიწყე. რაღაცა სულ სხვა. თუ მიებმება სიტყვა ერთი მეორეს, დაინახავთ დიდ ფორთოხლისფერ ცრემლებს, როგორ მოგორავენ, ერთი მეორე მესამე. დიდი, ლამაზი ფორთოხლები. ახლა კიდევ უფრო შავად ჩანს ჭუჭყიანი ასფალტი. მთელი ქუჩა ფორთოხლის არომატით გაჟღენთილი, წვენის გამოსხმის ხმაც რომ გაიგონეთ. ეს კადრი, ეს, ეს ეს ეს ეს, - შევანელებ: ბორბალი მოდის მოდის მოდის და ჭჭჭჭჭჭღღღჭჭჭპჭჭღ. ფორთოხალი გაჭყლეტილია! ჰაჰ! ფორთოხლები! ოთხი თუ ხუთი. ოთხი თუ ხუთი. ოოო! ოთხი თუ ხუთი? ოთხი თუ ხუთი?  ისუნთქავ ამ ტკბილ ჰაერს, რომელიც აღძრავს უამრავ სხვადასხვა, ერთმანეთთან საპირისპირო შეგრძნებებს, ყველაფერი ირევა ისე, რომ თითქოს ომიაო. ბრძოლის ველზე ხარ თუ რაღაც მსგავსი. ვიბნევი, არ ვიცი, რომელ შეგრძნებას უნდა გავყვე, რომელიღაცა ბიოლოგიურს, რომელიღაცა სოციუმებისას, რომელიღაცა ქვეცნობიერებისას. მანქანები კი მოდიან, კიდევ, კიდევ, მეხუთე, მეექვსე. ფორთოხლის სუნი უფრო და უფრო მძაფრია. ამ სუნის სიამოვნება არის ეტყობა, რაც ასე რევს შეგრძნებებს. გაჭყლეტილი ფორთოხლები უკვე გაშავდნენ. გამვლელები თავის გზას აგრძელებენ. 
ეს მტირალი ბავშვი ახლა მთლად გადაფიჩინდა და ჩართული აქვს ღრიალი. დედამისი ისევ დაბნეული დგას პარკებით. გახვრეტილი პარკიდან კი, კიდევ მოგორავენ და მოგორავენ ახალი ფორთოხლები. ისინი მანქანის ქვეშ შეგორდებიან და აქეთ, მეორე მხარეს გამოგორდებიან. ქუჩას გორაობით გადაკვეთავენ და ბილიარდის ბურთებივით ჯგუფდებიან, ნელ-ნელა ისევ იშლებიან. თბილისის ქუჩაა. 2 კვირის წინ. ჯაბას სახლსა და არქიტექტორების სახლს შუა ქუჩაზე. მანქანა ისე გავაჩერე, რომ საპირისპირო მხრიდან ვეღარ წამოსულიყვნენ. გადავედი და ცოტა გატალახიანებული ფორთოხლების (ბილიარდის ბურთების) შეგროვება დავიწყე. ქალს სახე რაღაცნაირად გაუნათდა. იმანაც დაიწყო შეგროვება. ერთმა ასაკოვანმა კაცმაც დაიწყო შეგროვება. ქალს რატომღაც დამნაშავის სახე აქვს და შიგადაშიგ გმადლობ, გმადლობო გაიძახის. სიგნალი და ჩოჩქოლი მატულობს, მანქანები ვეღარ მოძრაობენ. აქცია გვაქვს, - ფორთოხლების შეგროვება. თითქოს ბილიარდს ვთამაშობთ. ბავშვი ახლა ჩუმად ტირის. გარშემო მანქანების სიგნალების ხმას ყურები ვეღარ უძლებს. ორი წუთი გავიდა? სამი? სულ მთლიანად სამი?

ჰაჰაჰა! აი ესეც წელი და ახალი მალე მოვა! მერე კიდევ მოვა, მერე კიდევ მოვა, მერე კიდევ მოვა! და ოდესმე აღარ იგორებენ ჩემი ფორთოხლისფერი ცრემლები.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen