Mittwoch, 20. Januar 2010

ჩვენი თავიც უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი ადგილიც მსოფლიოში

”ჩვენი თავიც უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი ადგილიც მსოფლიოში”

16:37 18.01.2010

http://presa.ge/index.php?text=news&i=11845


[ნინო მიქიაშვილი]
გერმანიაში გამომავალი გერმანულენოვანი ჟურნალი - ”einBLICK Georgien” ევროპელ მკითხველს გერმანულ ენაზე წარსულთან შეზავებულ თანამედროვე საქართველოს აცნობს. ამ ჟურნალის მეშვეობით გარკვეულწილად შესაძლებელია გაიგო როგორია საქართველოში არეკლილი სამყარო და თვით სამყაროში არეკლილი საქართველო.
ჟურნალის მესამე ნომერი, ხარჯების დაზოგვის მიზნით, საქართველოში დაიბეჭდა. პრესა.გე ამ გამოცემის დამფუძნებელს, მარიკა ლაფაური-ბურკს, რომელიც 20 წელია გერმანიაში, კერძოდ ჰამბურგში ცხოვრობს (მის მიერაა ინიცირებული დაახლოებით 130 ქართული პროექტი), საქართველოში ყოფნისას შეხვდა და ესაუბრა.

როდის გამოვიდა ჟურნალის პირველი ნომერი?

მარიკა ლაფაური-ბურკი: ჟურნალის გამოცემა აგვისტოს ომის შემდეგ დავიწყეთ. ეს ჩემი იდეა იყო, რაც განვახორციელე დოქტორ ფრანკ ტრემელთან ერთად, რომელიც არის ჩემი მეგობარი, თანამოაზრე და ძალიან ძვირფასი ადამიანი. იგი კულტუროლოგია და საქართველოსთვის ფასდაუდებელი პიროვნებაა, ჩვენს ქვეყანაზე უამრავი რამ იცის, ისე, რომ ის აქ მხოლოდ ერთხელ, ერთი კვირითაა ნამყოფი (ინტერვიუ ფრანკ ტრემელთან პრესა.გე-ზე გასული წლის 31 ოქტომბერს გამოქვეყნდა, სათაურით - ”სანამ ლიბერალური საზოგადოების ინტერესები არ გადაილახება, ქართველთა თვითგანადგურებას ბოლო არ ექნება“ http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10562). როგორც კულტუროლოგს, ჩვენი ქვეყანა ძალიან უყვარს; ჩვენი განწყობები, ემოციები, შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა და ამიტომ, მასთან ერთად ჟურნალზე მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.
ჟურნალის პირველი ნომერი (მასალის მოძიება, თარგმნა, დამუშავება) ჩვენი ხარჯებით, იმ იდეით გავაკეთეთ, რომ მის გამოცემას გავაგრძელებდით. გრაფიკაში ერთ-ერთი ქართველი მეგობარი, კოკა ტოგონიძე დაგვეხმარა, ვინც დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს; იგი იქ საქართველოს ერთ-ერთ ბურჯად ითვლება; ჩვენს პროექტებს ყოველთვის აქტიურად ეხმიანება. ჟურნალის პირველი ნომრის დაბეჭდვა (გერმანიაში) სწორედ მან დააფინანსა, ხოლო გრაფიკის ხარჯები გიორგი დუნდუამ გაიღო. ჟურნალი ძალიან მაღალი ხარისხის ქაღალდზეა დაბეჭდილი, შავ-თეთრია და საკმაოდ ძვირი დაჯდა. პირველმა ნომერმა ძალიან ნაყოფიერი შედეგი გამოიღო და მეორეზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ.
რაში გამოიხატა შედეგი?

-სხვადასხვა, შემეცნებითი ხასიათის თემები ბოლო 20 წელია კომპელქსურად არ უთარგმნიათ, არც იქით და არც აქეთ. შეიძლება რაღაც მხატვრული ნაწარმოებები ითარგმნა, მაგრამ ისეთი, რომ კულტუროლოგიულ ჭრილში ინფორმაციებს იძლეოდეს ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე, არ უთარგმნიათ.
ჟურნალი 30-დან 40 გვერდამდე მერყეობს. ჩვენ სამი ქვეთავი გვაქვს: ფაქტები, რეფლექსია, ანალიზი. ვცდილობთ ამ ფარგლებში ჩავჯდეთ. რასაკვირველია, დღევანდელობიდან გამოვდივართ, მაგრამ ეს არ არის ყოველდღიური პრესა; ისეთ მასალას ვარჩევთ, რომელიც ჩვენი აზრით, 5-10 წლის შემდეგაც ღირებული იქნება. ჟურნალის პირველი ნომერი დავარიგეთ, ზოგი გაიყიდა. რეკლამები როცა გამოვაქვეყნეთ, რეაქციებმა ცხადი გახადა ის, რომ ევროპაში ამგვარი გამოცემის მიმართ ინტერესი არსებობს. იქ მსგავსი გამოცემა არ არის.
ტირაჟი რამდენია?

- ჯერჯერობით მხოლოდ 500 ცალი გამოდის, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო მეტი უნდა გამოვუშვათ. მესამე ნომერზე მხოლოდ ერთი ანონსის მიცემა მოვასწარი და იმ წამსვე შეკვეთები მოგვივიდა. ვერ ვიტყვი მთელი ქვეყანა გადაირია-მეთქი, მაგრამ აღმოსავლეთ-დასავლეთის თემატიკა, ან კერძოდ საქართველოს თემები ვისაც აინტერესებს, ისინი ჩვენი ჟურნალით ინტერესდებიან.

რას იტყვით სტატიების შინაარსზე და მათ ავტორებზე?

-ჟურნალს აქვს წინასიტყვაობა, რომელსაც მე და ფრანკი ერთად ვწერთ. მასში ახსნილია რატომ შევარჩიეთ ჟურნალში განთავსებული სტატიები. ჟურნალის გამოცემის საქმეში, ძალიან ერთგულად ჩვენს გვერდითაა ნანა ჭელიძე, რომელიც დიდი ხანია გერმანიაში ცხოვრობს, გერმანისტია, თავისი საქმე შესანიშნავად იცის და ამასთან, დიდი გულის ქართველია. იგი თარგმანებში გვეხმარება. მასთან კონსულტაციებით ურთიერთობაც ძალიან მსიამოვნებს. თარგმანებში გერმანიაში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი, მზია მაისურაძეც დაგვეხმარა და ამბობს რომ კიდევ დაგვეხმარება.
სტატიებს ზოგჯერ კარიკატურებით ვაფორმებთ. ამას აკეთებს გია ლაფაური, რომელიც ჩემი ძმა და ძალიან კარგი კარიკატურისტია. მაგალითად, ჟურნალის მეორე ნომერი მთლიანად კარიკატურებით გავაფორმეთ. თემა იყო ევროპა-საქართველო, ომი და რუსეთი.
ჟურნალზე მუშაობა დღემდე ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ხდებოდა, მაგრამ არ ვიცი მომავალში შეძლებენ თუ არა ჩვენი და ამ საქმის გულშემატკივარნი დახმარებას. ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნდა ლაშა ბაქრაძის ძალიან კარგი ორი სტატია, აზია-ევროპის საკითხებზე; ვაჟა-ფშაველას ”ნაციონალიზმი და კოსმოპოლიტიზმი” ვთარგმნეთ; ”კავკასიის სამართლის ტრადიცია” ძალიან აქტუალური თემაა, რაზეც ევროპაში არავინ არაფერი იცის.
ამას წინათ ინტერნეტით მოვისმინე ერთ-ერთ ახალგაზრდა ინტელექტუალთან ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც საზოგადოების ლიბერალიზაციაზე საუბრობდა - რა გვაქვს ქართველებს, რომელი ტრადიცია გვინდა დავაბრუნოთ? - ხელის მოჭრისო. ამგვარ ფრაზას მოაზროვნე ადამიანისგან კი არა, არავისგან არ უნდა ვისმენდეთ. ისტორიულად ცნობილია, რომ ამდაგვარი მომენტები, არსებობის რაღაც ეტაპზე, თითქმის ყველა ერს და ქვეყანას ახასიათებდა. ჩვენ თუ წინ ვიყურებით და ჰუმანურობაზე ვსაუბრობთ, ნახევარი სიმართლე, ან სიმართლის მეათასედი კი არ უნდა ვთქვათ?! რომ ვიღაცისთვის ოდესღაც ხელი მოუჭრიათ?! არამედ, მინიმუმ აი, იმ კულტურაზე უნდა ილაპარაკო, რომ ჩვენ ასეთი ფასდაუდებელი სამართლებრივი კოდექსების დიდი ტრადიცია გაგვაჩნია. ეს ქართველებმა უნდა იცოდნენ (თუ აქამდე ამაზე არაფერი გაუგიათ) და გერმანელებისთვისაც ძალიან საინტერესოა.
პირველ ნომერში ანდრეი ილარიონოვის სტატიებიც ვთარგმნეთ, მეორე ნომერში რუსული სტატიებიდან ამონარიდები მოვაგროვეთ. ჩემი სურვილია ჟურნალის რაღაც ნაწილი რუს ავტორებსაც დავუთმოთ, რომელთა სტატიები ჟურნალის კონცეფციაში ჯდება.
საერთოდ, კავკასიურ თემებს ვუტრიალებთ. საქართველოს ვიღებთ, როგორც სამყაროს ერთგვარ სარკეს - საქართველო სამყაროს როგორ ირეკლავს და თვით სამყარო როგორ ირეკლება საქართველოში. ეს საკითხი აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალურია. ასეთი სამუშაოები ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ბევრი რამ დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი მაინც უნდა ვეცადოთ.
ჟურნალში ფრანკ ტრემელი ერთგვარ შემკვრელ სტატიას ყოველთვის წერს. მასალები ისეა შერჩეული, რომ ერთ იდეას ემსახურება; მთლიანობაში ეს ხედვაა სამყარო, დასავლეთ-აღმოსავლეთის პრობლემატიკა, კავკასიის რაღაც განსაკუთრებული ფენომენი, რაც სინამდვილეში არსებობს და ეს დღევანდელი ევროპისთვის (და არა მარტო ევროპისთვის) უცნობია.
ამასთან, ეს ჟურნალი ემსახურება ევროპასთან ჩატეხილი ხიდის გამთელებას, ჩვენს ერთგვარ დაბრუნებას; მეცხრამეტე საუკუნიდან მსოფლიო ისტორიაში ჩვენი ადგილი დავკარგეთ და დაბრუნებისთვის დღემდე ბრძოლა გვიწევს. ეს ბრძოლა დღეისთვის განსაკუთრებით მწარე და სასტიკია, მაგრამ მიუხედავად შექმნილი მდგომარეობებისა, დიდი შანსია საქართველოსთვის. ჩვენ ჩვენი თავიც უნდა დავიბრუნოთ და ჩვენი ადგილიც მსოფლიოში.
ამისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. უპირველესად ერთმანეთისთვის ისეთი იმპულსების შექმნა, რომ ბევრი ღირსეული ადამიანი, რომლებიც ცალკეულად არსებობენ, რაიმე სივრცეში გაერთიანდნენ. ახლა მგონი ქართველების, ჩვენი ქვეყნის ფუნქცია და მნიშვნელობა, თუ რისთვის, რატომ უნდა იარსებოს ამ ქვეყანამ, მსოფლიოსთვის გაურკვეველია.

რას აძლევს ჩვენს ქვეყანას ეს ჟურნალი და რას ეუბნება ევროპას ჩვენზე?

- უპირველესად ესაა კომუნიკაცია სიტყვით, დაწერილით. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი, პირველად იყო სიტყვაო?! ამ სიტყვებს ჩვენ უდიერად ვექცევით და ამიტომაა კომუნიკაცია რაღაცნაირად დაკარგული, ერთმანეთს შორისაც და ქვეყნებს შორისაც. გვინდა ერთგვარი წვლილი შევიტანოთ, ამ კომუნიკაციის აღდგენაში და აღმოსავლეთ-დასავლეთის, თუ ევროპასა და საქართველოს შორის საერთო ენის გამონახვაში.
ჩვენ სულ ვუტრიალებთ იმას, თუ სად არის ჩვენი კავშირები, ჩვენი განსაკუთრებულობა და მნიშვნელობა, რომელ აზრობრივ სივრცეებში გვინდა განვითარება, რასაც ვერც ერთი-ორი-სამი და ვერც 10 ჟურნალით ვერ ამოწურავ, მაგრამ ჩემთვის საქართველოს ისტორიულ ადგილზე დაბრუნება, ანუ მისი მომავალში განთავსება, ყოველთვის უმნიშვნელოვანეს თემად დარჩება, ასე იქნება ალბათ მრავალი ათეული წელი და ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს.
ჩვენი შეხედულებით, ახლა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სამყაროსთვის რაღაც ახალი ისტორია იწყება და მიუხედავად ჩვენი ბევრი ჩავარდნისა, უნდა ავკრიფოთ ყველაფერი ის, რამაც ეს ჩავარდნები განაპირობა (მინიმუმ ბოლო 100 წლის მანძილზე) და იმავე ტემპში ჩავჯდეთ, როგორშიც სამყარო ყალიბდება, თავისი ახალი გლობალური ხედვებით, რაც ერთი მხრივ ჩვენ შეგვიძლია ძალიან პოზიტიურად გამოვიყენოთ, თუ ამას შევძლებთ.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen