Dienstag, 23. März 2010

არ ღირს, სხვაგან ცხოვრება ნოსტალგიით უმოქმედო გახადო

არ ღირს, სხვაგან ცხოვრება ნოსტალგიით უმოქმედო გახადო
ქეთევან ქურდოვანიძე
ინტერვიუ მარიკა ლაფაური-ბურკთან
საქართველოს უნივერსიტეტი 11-16 მარტი 2010

ევროპის საზოგადოებაზე ზეგავლენა საჭიროებს დიდ ძალისხმევას, პირველ რიგში, სახელმწიფო სტრატეგიას

არიან ადამიანები, რომელთა მოღვაწეობაც გასაკვირი მრავალფეროვნებითა და ნაყოფიერებით გამოირჩევა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნიჭიერება ცალსახად არ შეიძლება გამოვლინდეს. ეს განსაკუთრებით დასაფასებელია მაშინ, როდესაც შემოქმედი უცხო გარემოში ახერხებს, წარმოაჩინოს საკუთარი ინდივიდუალობა ისე, რომ არ დაკარგოს ჰარმონიული თანხვედრა არსებულ კულტურულ თუ სოციალურ ფასეულობებთან. სწორედ ასეთ ადამიანად გავიცანი ჰამბურგში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე მარიკა ლაფაური-ბურკი, რომელიც ოცი წელია, გერმანიაშია და ამ ხნის გან მავლობაში 130-ამდე ქართული პროექტი განახორციელა. არ დავიშურებდი ეპითეტებს ქალბატონი მარიკას მისამართით, მაგრამ მერწმუნეთ, მისი საქმიანობის წარმოჩენას ასეთი სიტყვამრავლობა სულაც არ სჭირდება. მარიკა ლაფაური-ბურკი ჰამბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს,ხელმძღვანელობს გერმანულ-კავკასიურ საზოგადოება `ლილეს” და 1999 წლიდან მოყოლებული, როდესაც პირველი კულტურული პროექტი განახორციელა, ქართული საქმის ფასდაუდებელი მოამაგეა. და თუ ოდესმე დაიწერება წიგნი თანამედროვე ქართულ კულტუროლოგიაზე, ღრმად მწამს,
რომ მარიკა ლაფაური-ბურკის სახელი აუცილებლად დაამშვენბს ამ გამოცემას. მის მიერ ორგანიზებული ფესტივალები, განხორციელებული პროექტები, პუბლიცისტური თუ კულტუროლოგიური ნაშრომების ჩამონათვალი რამდენიმე გვერდს მოიცავს. ზოგადი წარმოდგენისთვის მხოლოდ აღვნიშნავ: არაერთი მუსიკალური, თეატრალური თუ კინოფესტივალი, პროექტი ჰამბურგის სენატისთვის, ”ქართული პოლიფონია 2003” გერმანიის რვა უნივერსიტეტთან ერთად, არაერთი ქართველი რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა; იგი არის დოკუმენტური ფილმის ავტორი, რამდენიმე ეკლესიის რესტავრაციის პროექტის ინიციაორი და კოორდინატორი, სხვადასხვა შემოქმედებითი საღამოს ავტორი, რამდენიმე ჟურნალის გამომცემელი; მის კალამს ეკუთვნის არაერთი პუბლიცისტური წერილი. დამეთანხმებით, ეპითეტები მართლაც არ არის საჭირო. ახლა კი თავად მას ვკითხოთ, როგორ მოახერხა ამდენის მოსწრება.

შესაძლოა, ასეთი შემოქმედებითი ნაყოფიერება სწორედ სამშობლოს მონატრებით იყო გაპირობებული, ან იქნებ ნოსტალგია არაფერ შუაშია და უფრო მეტს შეძლებდით, საქართველოში რომ ყოფილიყავით?


ძალაუნებურად, გერმანიაში ჩამოსვლისთანავე დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. 1989 წლიდან მოყოლებული, ჩემი სპეციალობის გამო, ბევრ ადამიანთან ურთიერთობა მიწევდა. ამ პერიოდში, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კონტაქტები თითქმის არ არსებობდა, ინფორმაციის სრული ვაკუუმი იყო. სამშობლოზე ნოსტალგია არა მაქვს, რადგან ის არ დამიტოვებია. ვცხოვრობ უცხოობაში, რომელიც უკვე კარგად ნაცნობია ჩემთვის. წლების განმავლობაში მივხვდი,რომ სხვა ქვეყანაში ინტეგრირებისა და ადაპტაციის მიუხედავად, ყოველთვის უცხო ქვეყანაში ვიცხოვრებ. არ ღირს, სხვაგან ცხოვრება ნოსტალგიით უმოქმედო გახადო. ამას ერთგვარად დადებითი მხარეებიც აქვს, ყოველ შემთხვევაში, მისი დადებითად შეფასება შეიძლება. დისტანცია საკუთარ ქვეყანასთან, ასევე, საკუთარ თავთან ხშირად გიჩვენებს იმ რაკურსს, რომელიც დიფერენციაციის საშუალებას გაძლევს. სხვათა შორის, დღეს საქართველოსათვის ერთნაირად საჭიროა სხვაგან თუ სახლში მცხოვრები მისი მოქალაქეები, თუ ყოფილი მოქალაქეები. როგორ წარიმართებოდა საქართველოში ჩემი ყოფითი ცხოვრება, ალბათ, ახლა ამის ნებისმიერი სახით წარმოდგენა სპეკულაციური იქნება, მაგრამ მამაჩემის ცხოვრების გაგრძელებას, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან შევეცდებოდი.

მარტომ განახორციელეთ ყოველივე თუ...

ჩემი პროექტები ჩემი ინიციატივებია. საზოგადოებრივი საქმიანობა მარტო არასდროს კეთდება. თუ რამდენად ვპოულობ კარგ პარტნიორებს, რამდენად შეიპყრობს ჩემ გვერდით ვინმეს ასეთივე ენთუზიაზმი, ეს ჩემზეა დამოკიდებული. გვერდით მდგომი ყოველთვის მყოლია და ხშირად ის ქართველი არ ყოფილა.

როგორ დაარსდა საზოგადოება "ლილე", კიდევ ვინ არიან მისი წევრები, როგორ მოქმედებს ის?

"ლილე" 1999 წელს შვიდმა ადამიანმა დააარსა. არის სამკაციანი საბჭო. პასუხისმგებლობა დასტურდება საბჭოს ორი წევრის ხელმოწერით. არსებობს მცირედი შემოწირულობით, ენთუზიაზმით, ე.წ. საზოგადოებრივი საწყისებით, პროექტის გრანტებით.

თქვენ პროფესიით მუსიკოსი ბრძანდებით და, ბუნებრივია, პროექტებს ამ მიმართულებითაც ახორციელებთ, მაგრამ საინტერესოა თქვენი, როგორც პროფესიონალის, პოზიცია, რამდენადაც ვიცი, ამჟამად არ ხართ აქტიური მუსიკოსი ან, უფროზუსტად, შემსრულებელი.

პიანისტი და ორღანისტი გახლავართ. გერმანიაშიც ორღანზე სწავლის გასაგრძელებლად აღმოვჩნდი. წლების განმავლობაში ვუკრავდი სხვადასხვა კონცერტს, კამერულ მუსიკას, გამოვდიოდით ტრიო "თბილისის" სახელით, მამუკა ფარესიშვილთან და ზურა შამუგიასთან ერთად, საორღანო კონცერტებითა და სხვა. აქტიურ საშემსრულებლო მოღვაწეობას ორი მიზეზით ჩამოვშორდი: ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ფორმაში ჩადგომა და კონტაქტების დამყარება შევძელი, რომლებიც მინდოდა საქართველოში გასახორციელებელი პროექტებისათვის გამომეყენებინა, ჩემს ამ შეთავაზებას საქართველოში არავინ გამოეხმაურა. საქმე ეხებოდა ბაროკოს კაბინეტის შექმნას თბილისის კონსერვატორიის ბაზაზე. ჩემთვის ეს საკმაოდ ძლიერი ემოციური ტრავმა იყო. მუსიკოსის პოზიცია ჩემში ახლა უფრო ურყევია, ვიდრე ადრე- ჩემთვის მუსიკის გაგება და მასთან ზიარება ადამიანის სრულყოფის ერთ-ერთი გზაა.

თქვენ 130-ამდე კულტურული პროექტი განახორციელეთ. რომელს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად და თქვენი აზრით, რა ზეგავლენა მოახდინეს მათ ევროპულ საზოგადოებაზე?

რთულია ასე თქმა. ყველა პროექტს აქვს თავისი გავლენის რადიუსი და თუ ის ამას ემსახურება, მაშინ გამართლებულია. ჩვენი პროექტები არაერთხელ დასახელებულა წლის საუკეთესო პროექტებად. გერმანიაში შრომას აფასებენ. ყოველთვის წარმატება გვქონდა და ჩვენ მიერ შეძენილი საქართველოს გულშემატკივართა რაოდენობაც ამაზე მეტყველებს. ამჟამინდელი პროექტებიდან მაინც გამოვყოფდი ჩვენი გერმანულენოვანი ჟურნალის einBLICK Georgien-ის გამოცემას.
ევროპის საზოგადოებაზე ზეგავლენა, როგორც თქვენ აღნიშნავთ, დიდ ძალისხმევას საჭიროებს; პირველ რიგში, სახელმწიფო სტრატეგიას, კონცეფციის კოორდინირებას, რაც საქართველოდან უნდა მოდიოდეს. სამწუხაროდ, ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ბევრი დრო გვაქვს დაკარგული. ჩვენი (ვგულისხმობ საქართველოს) შესაძლებლობები საკმაოდ რეალურია, რაც ამჟამად
ოპტიმიზებული არაა. საზოგადოება "ლილეს" ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია.

როგორ აყალიბებთ ხოლმე ამა თუ იმ ღონისძიების კონცეფციას, რა არის თქვენთვის ამოსავალი აქტუალობა თუ მარადიული ფასეულობები?


ყოველთვის ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაინტერესებს. აქტუალობა ჩვენთვის ნაკლებად დასაფიქრებელია, რადგან იმდენი დრო გვაქვს უმოქმედობაში დაკარგული, რომ ყველაფერი საშინლად აქტუალურია.

ცნობილია, რომ თქვენ დიდი დრო და მონდომება დაუთმეთ ქართული ეკლესიების
რესტავრაციის საქმეს -ატენის სიონი, კისისხევის ეკლესია. ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა. იყო თუ არა შედეგები?


გეთანხმებით, თემა რთულია. ჩემი აზრით, აქაც, ისევე როგორც სხვა მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში, ბევრი რამ მენეჯმენტის პრობლემაა. 2005 წლიდან ძალზე ინტენსიურად ვიმუშავეთ. მუშაობას ვაგრძელებთ. შექმნილია დიდი და მნიშვნელოვანი ქსელი გერმანიის უნივერსიტეტებში. არსებობს დიდსულოვანი სპონსორი გერმანიიდან. შედეგებს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანს ვისურვებდი. ჯერჯერობით ფასეულია კვლევები, რომლებიც ჩავატარეთ და თუ მათ ათვისება-დანერგვას საქართველოში ჯერაც ვერ ახერხებენ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი უკვე დაფიქსირდა და რეალურად არსებობს.

ახლა ცოტა რამ კინემატოგრაფზეც გვითხარით, მოსწონთ გერმანელებს ქართული ფილმები?

მოსწონთ. მათი არმოწონება შეუძლებელია. ქართული კინო არსებობს, უკვე შექმნილია და იმედია, მას მომავალში განვითარება ექნება. კინოს კონკრეტული პრობლემები აქვს და შემოქმედებითი გარემოს შექმნა მხოლოდ კინემატოგრაფის პრობლემა არაა.

როდესაც თქვენ მიერ ჩატარებული ღონისძიებების ნუსხას ვეცნობოდი, ჩემი ყურადღება მიიპყრო გერმანულენოვანი მწერლის თენგიზ ხაჭაპურიძის შემოქმედებითმა საღამომ.

სამწუხაროდ, ქართველი მკითხველი ნაკლებად იცნობს მის ნაწარმოებებს. რა ნიშნით მიიქცია მან თქვენი ყურადღება _ როგორც ნიჭიერმა შემოქმედმა, თუ ეს კიდევ ერთი ქართული კულტურული აქცია იყო?


ძალიან სამწუხაროა, რომ თენგიზ ხაჭაპურიძეს ნაკლებად იცნობენ საქართველოში. ის არათუ ნიჭიერი მწერალია, არამედ გულანთებული ქართველია, რომელიც დიდ შინაგან კულტურასთან ერთად ზომიერებითა და გაწონასწორებულობითაა გამორჩეული. ჩვენთვის ეს უფრო გაცნობითი ხასიათის საღამო იყო. მისი მთარგმნელობითი თუ სხვა პოტენციალი საქართველოს უნდა ეძვირფასებოდეს. ასეთ ადამიანებს დაფასება და წარმოჩენა სჭირდებათ. ისინი თვითონ არასოდეს იყვირებენ: ყურადღება მომაქციეთო.

ბოლო დროს აშკარად შეინიშნება თქვენი დაინტერესება ფილოსოფოს გივი მარგველაშვილის შემოქმედებით. რამდენადაც ვიცი, მასზე ფილმიც მზადდება


გივი მარგველაშვილით ჩემი დაინტერესება მხოლოდ ბოლო დროინდელი არააა. იგი საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოაზროვნეა, რომლის ბიოგრაფია მეოცე საუკუნის ყველა კატაკლიზმით მრავალჯერ იქნა ჩატეხილი. ეს ერთ-ერთი მიზეზიცაა, რომ მისი სახელი სათანადოდ პოპულარული არაა. ჩვენ რამდენიმე, შედარებით მომცრო, მაგრამ ძალიან შინაარსიანი პროექტი უკვე განვახორციელეთ. ფილმზე დაწყებული მუშაობა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ფილმის მიზანია გივი მარგველაშვილის ნააზრევის მაყურებლამდე მიტანა. ჩემთან ერთად ფილმის შემოქმედებით ჯგუფში მუშაობენ ნიკო ტარიელაშვილი, გია ლაფაური, ფრანკ ტრემელი.

რა გამოცემაა einBLICK Georgien? თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ამ ჟურნალის დაარსება აუცილებელი იყო. აგრეთვე, თქვენს მეგობარს, ჟურნალის თანარედაქტორს, ისტორიკოსსა და კულტუროლოგს ფრანკ ტრემელს საქართველოსთვის ფასდაუდებელი შენაძენი უწოდეთ. იქნებ დაწვრილებით განგვიმარტოთ თქვენი ორივე შეფასება.

ჟურნალი ფოკუსირებულია საქართველოზე, როგორც სამყაროს ერთ-ერთ თანამონაწილეზე. ამდენად, ის არა მხოლოდ საქართველოზეა. ამ კონცეფციას უკავშირდება ჟურნალის სახელწოდებაში ჩადებული სიტყვათა თამაშიც და, ასევე, მისი გრაფიკული გამოსახულება, სადაც ეს სათაური სარკისებურად აირეკლება. ჟურნალი საზოგადოებრივია, თუმცა ფართო მკითხველისათვის არაა გათვალისწინებული. ეს გამოცემა, ალბათ, უნდა ავსებდეს ნიშას, რომელიც კულტურულ-ისტორიულ ასპექტში გააანალიზებს ახალი ეპოქისათვის შექმნილ და შესაფერის თემებს. ასეთი შინაარსის გამოცემა ევროპულ ენაზე არ არსებობს. სამეცნიერო აკადემიური გამოცემები მწირად, მაგრამ მაინც მოიპოვება (სხვათა შორის, ესეც პრობლემაა, რომ სამეცნიერო გამოცემებისათვის რაიმე კარგი საძიებელი არ არსებობს). სამწუხაროდ, საშუალება არ გვაქვს, გამოცემას უფრო ფართო რეკლამა გავუწიოთ. გერმანულენოვანმა საქართველოს საელჩოებმა ჩვენი წერილები უპასუხოდ დატოვეს. ჩვენი აზრით, ამ გამოცემის არსებობა საქართველოს ინტერესებშია და, ალბათ, საქართველოს საგარეო საქმეთა თუ დიასპორის სამინისტროები ხელს უნდა უწყობდნენ ამ საქმეს. ჯერჯერობით საკუთარი ხარჯებით ვმუშაობთ და ჩვენთვის თავიდანვე გასაგები იყო, რომ ამ საქმეში კომერციული ინტერესი ვერ ჩაიდებოდა. მთარგმნელობითი საქმიანობა დღეს საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს.
(გაგრძელება გვ10)
მარიკა ლაფაური-ბურკი: დროის შეგრძნება გარკვეულად ადამიანების სოლიდარობას გულისხმობს, მათ ერთმანეთთან შეკავშირებას, აზრობრივ სივრცეში გაერთიანებას არ ღირს, სხვაგან ცხოვრება ნოსტალგიით უმოქმედო გახადო
ქეთევან ქურდოვანიძე
(დასაწყისი გვ.6)
რაც შეეხება დოქტორ ფრანკ ტრემელს, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანს შევხვდი. მისი მსოფლმხედველობა, საქართველოს შესახებ ფუნდამენტური ცოდნა, აკადემიური განათლება, დაბალანსებული საუკეთესო ადამიანური თვისებებით, ჩვენს მეგობრობას განსაკუთრებულს ხდის. საქართველოს მხარდასაჭერად მისი აქტიურობა, რომელიც მსჯელობის ლოგიკით, დელიკატურობით,
მიზანში მორტყმით გამოირჩევა, უცილობლად დასაფასებელია. ესმისი მხრიდან მხოლოდ ჰუმანური პრინციპების ერთგულებაა. მოხარული ვიქნებოდი, საქართველოს ასეთი პიროვნებების შეფასების უნარი რომ ჰქონდეს.

თქვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში ამოვიკითხე, რომ მზადდება `ნაძვის ხე _ ფილოსოფიურ-დოკუმენტური ესსე”.

ეს თემა სხვადასხვა მედიასშევთავაზეთ. ვნახოთ, თუ გამოვა რამე. შეიძლება, ჩვენს ჟურნალში მაინც მოვახერხოთ მასზე საუბარი. ნაძვის ხე ეხება ე.წ. ნორდმან ნაძვს, რომელმაც საშობაოდ მილიონობით ევროპელის სახლში დაიმკვიდრა თავი განსაკუთრებული და ლამაზი წიწვებით. ეს ქართული სოჭია, რომელსაც გავრცელების პატარა არეალი აქვს. ამ ხის ისტორიით საინტერესოდ შეიძლება რთული თემების მოყოლა, მისი აღმოჩენიდან დღევანდელ გლობალურ სამყაროში სრულ გაუცხოებამდე.

რა არის ქართული კულტურული ცხოვრების განვითარების მთავარი შემაფერხებელი, რატომ აღმოჩნდა ქართული ხელოვნება, ეპოქალური თვალსაზრისით, მარგინალურ მდგომარეობაში ვერ მოახერხა წარსული მიღწევების კულტივირება? როგორი იქნება მისი მომავალი?

დიდი ხანია, საქართველოში ჩამოყალიბდა კონფორმისტული აზროვნება, რომელიც, განსაკუთრებით შევარდნაძის ეპოქაში,
მრავლისმომცველი გახდა. მან სახიფათო მუტაცია განიცადა, როდესაც გარეგნული სილაღით შეინიღბა. 90-იან წლებში შეცდომები არა მარტო ქართული საზოგადოების მიერაა დაშვებული, არამედ, მასთან ერთად, დანარჩენი მსოფლიოს მიერაც, რომელიც ვერ დაეწია ახალი დროის მოთხოვნებს.
გლობალიზაცია დღეს რეალობაა და ვერავინ გაექცევა. ამიტომ ჩვენ, სხვებთან ერთად, მის ფორმირებაში აქტიურად უნდა ვმონაწილეობდეთ. თითქოს რთული ამოსავალი წერტილი გვაქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, პრიორიტეტები და საჭიროებებიუფრო თვალნათელი უნდა იყოს ჩვენთვის.კავკასია სხვადასხვა ეპოქაში ყოველთვის იყო გლობალიზაციის მოდელი. ჩვენ, ვგონებ, ამ მოდელის, კულტურული მეხსიერებისა და სივრცის დიგიტალურ სისწრაფეში მოყვანას უნდა ვცდილობდეთ. ქართული პოლიფონიის ფენომენის გაგებითა და გათვალისწინებით, სხვადასხვა პროექტების სახით, ფორმებს უნდა ვქმნიდეთ. და თუ ეს ყველაფერი გავიგეთ, გვჭირდება დრო. დრო, რომელიც არა გვაქვს. ამიტომ, ვიტყოდი, დროის, დროულობის შეგრძნებაა მთავარი, რაც ჩვენთვის საბედისწერო განზომილებაა. დროის შეგრძნება გარკვეულად ადამიანების სოლიდარობას გულისხმობს, შეკავშირებას, აზრობრივ სივრცეში გაერთიანებას. სხვანაირად ვერ შევიგრძნობთ დროს, რომელიც თავისთვის ცალკე წიკწიკებს.
საქართველო პატარა ქვეყანაა და, სირთულეების მიუხედავად, მისი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. მას დიდი პოტენციალი აქვს თანამედროვე სამყაროში თავისი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. საამისოდ საკუთარი აზროვნების გადახედვა და საკუთარი ძალების მობილიზება სჭირდება.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen