„გათხარე შენი ხსოვნის წიაღი.
შემდეგ: იპოვე ასე დიდი ხნის
დამარხული და დავიწყებული
ადამიანი!
მიეხმარე: ჩაასუნთქე, ამოასუნთქე,და მოგონების ნაზი მიდამოს
ჰაერი ისევ აუვსებს ფილტვებს.და აი, ისევ ამეტყველდება (როგორც ოდესღაც)და აი, წელში გაიმართება
და გაივლის (როგორც ოდესღაც)და გაიცინებს და მოგიყვება
თავის საყვარელ, ძველ ანეგდოტებს.“ ...
შემდეგ: იპოვე ასე დიდი ხნის
დამარხული და დავიწყებული
ადამიანი!
მიეხმარე: ჩაასუნთქე, ამოასუნთქე,და მოგონების ნაზი მიდამოს
ჰაერი ისევ აუვსებს ფილტვებს.და აი, ისევ ამეტყველდება (როგორც ოდესღაც)და აი, წელში გაიმართება
და გაივლის (როგორც ოდესღაც)და გაიცინებს და მოგიყვება
თავის საყვარელ, ძველ ანეგდოტებს.“ ...
ეს ამონარიდი ნაირა გელაშვილის თარგმანით გივი მარგველაშვილის ლირიული პროზიდანაა, რომლითაც ანას, მის შვილს ამ დღეებში გივი მარგველაშვილთან დამშვიდობება სურს.
გივი მარგველაშვილი ამ ქვეყნიდან წავიდა 13 მარტს; თითქმის შეუმჩნევლად, ხმაურში, კაცობრიობისათვის კიდევ ერთი გამოწვევის შესაძლო კულმინაციის დროს. სწორედ ისეთ დროს, როცა გივი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებულ „უნივერსალური ინსტრუმენტს“ , საზოგადოებას ნებისმიერი კრიზისის დასაძლევად შეუძლია მიმართოს და ჰუმანური ღირებულებების ორიენტირად გამოიყენოს. კრიზისი, რომელსაც ვფიქრობ, გივი მარგველაშვილი, როგორც სხვა დროსაც, მას იმედად აქცევდა, ადამიანების ცნობიერების გაფართოების იმედად. დარჩებოდა ყოველთვის ოპტიმისტური და გეტყოდა გულითადად გასამხნევებელს როგორც ცალკეულ ადამიანს, თუ თავისი შემოქმედებით - საზოგადოებას, მთელ კაცობრიობას.
ძვირფასი იყო და იქნება ყოველთვის ჩვენი შეხვედრების ახლა უკვე მეხსიერებაში გამოხმობა, მისი ცხოვრებისადმი და მოვლენებისადმი ინტერესი, შეფასებისას ბოლოს მაინც ყოველთვის იმედიან ელფერში მოუყვანა, და ხალისიანი დამშვიდოდება ყოველ ჯერზე: „ აბა, ცხვირი მაღლა!“ - და დაყოლებული დამახასიათებელი ჩაცინება.
გივი მარგველაშვილს ერთხელ შევეკითხე, თუ რომელ თამაშს ითამაშებდით-მეთქი. მიპასუხა: „ლიტერატურულ თამაშს, როდესაც წიგნის გმირებს ვათავისუფლებ თავიანთი თემისაგან და მათ ვეხმარები სხვა თემებში გადასასვლელად, რომ გათავისუფლდნენ და მონოთემატური არსებობისაგან თავი დაიხსნან“.
გივი მარგველაშვილი ამ სიტყვებით, მთელი თავისი შემოქმედებით, ფილოსოფიითა და ლიტერატურული მემკვიდრეობით, მისი Opus magnum, თავისი ცხოვრებისადმი დამოკიდებულებით, ყოველდღიურობით თუ ყოველი ნაცხოვრები წუთით, ცდილობს ადამიანის დახმარებას, მის გვერდით დგომას, ის არასოდეს დაღლილა, არასოდეს ხელი არ აუღია ადამიანებისათვის პლანეტარული მასშტაბის მზრუნველობაზე. დედამიწა და ადამიანის არსებობა გივი მარგველაშვილთან „წიგნისმიერი განზომილებაა“, ადამიანი წიგნის პერსონაჟია, „მხოლოდ ცოდნაშია ხსნა“, რომლის გაცნობიერების ინტენსიურობამ ოდესმე ადამიანის კოგნიტიური სამყარო უნდა მოიცვას. გივი მარგველაშვილთან ბიბლიოთეკა ცოდნათა ერთიანობაა, ხოლო ადამიანი, როგორც „ბიბლიობიოლოგიური“ არსება „ონტოკონტექსტოლოგიკურ“ გარემოშია, რომელიც თავისი მომნაწილეობით შექმნილ კონტექსტზე პასუხისმგებელია: „ჩვენ ყველაფერზე ვართ პასუხისმგებელნი, განსაკუთრებით საკუთარ თემაზე“.
რეალურსა და წიგნის სამყაროს განზომილებების შერწყმით ადამიანს შიშსა და ტრამვებთან დისტანცირების საშუალება ეძლევა, მისი ცნობიერება ფხიზელია და წონასწორობის დაცვა შეუძლია. „აბსოლუტური არ უნდა მოითხოვო. გადარჩენის გზა შუალედურშია. უღირსი ადამიანები შენს გუნდში ყოველთვის აღმოჩდებიან. ყველასთან უნდა მოხერხდეს თანამშრომლობა. მთელი ხელოვნება სწორედ სინთეზია და დაკავშირება.“ - ამბობდა გივი მარგველაშვილი.
მისი, წიგნში გამოკეტილი პერსონაჟები სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ მკითხველის გამოსღვიძებლად, ცდილობენ მკითხველის სიფხიზლეს, რომელმაც აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა „დაწერილი“ უსამართლობის წინააღმდეგ. მკითხველს კი ხშირად ეძინება, მოქმედება ნელდება, ჩერდება და ყოველ ახლიდან წაკითხულ სტრიქონზე იმედი ისევ იღვიძებს. ხშირად პასუხის მოლოდინში ეძინებათ სწორედ.
მარგველაშვილი არ გვთავაზობს გადაწყვეტილ პასუხს, მასთან ვერ ნახავთ ცუდს და კარგს, არამედ: „პესიმიზმის ადგილი არ უნდა იყოს! უკვე ვამბობდი, - შუალედურის მოძებნა, - და არა გადაჭარბება! როგორც ძველი ბერძნებიც ამბობდნენ. ყველაფერი უკვე ნათქვამია. მე მხოლოდ ვიმეორებ. თუ არ გადაამეტებ, მაშინ გამთლიანება უფრო ადვილია. ეს არის გზა იმ სიმტკიცისაკენ, რომ ყველაფერი დაშლას გადაურჩეს. ეს უნდა ასწავლო ადამიანებს, - არგადაჭარბება!“ - მითხრა მან ჩემს მიერ ჩაწერილ ერთერთ საუბარში.
გულის შეძვრამდე-ამაჩუყებელია გივი მარგველაშვილის ერთი ფრაზა. ფრაზა, რომელიც ვთხოვე დაეწერა, მხოლოდ ერთი წინადადებით, მისი "ფრთიანი ფრაზა".
და აი ისიც: „Let’s come together! Right now! In sweet harmony! Let’s come together“.
ძვირფასო მკითხველო, არ ფიქრობთ რომ ახლაა ეს დრო? Right now!
და კიდევ ერთი რჩევა გივი მარგველაშვილისაგან:
„ჩუქება ადამიანის ბუნებაში დევს. ყველა ჩუქნის რაღაცას სხვას. შობის დღესასწაულიც აჩვენებს რომ ჩუქების სურვილი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. თუ ჩუქების საჭიროება სწორედ იქნება მიწოდებული, თუ მისი მიღება და გაცემა გსურს, მაშინ ასეთ კლიმატის კონფერენციებზე გვჭირდება ვინმე, ვინც აჩუქებს, რომელიც ამ თანხას გადაიხდის. საჭიროა ამ ყველაფრის ერთგვარი დასასრული. ამ მჩუქნელს სხვებმაც უნდა მიბაძონ, ჩუქება უნდა გაგრძელდეს. საკმარისი ადამიანები არსებობენ დედამიწაზე, ვისაც ეს ხელეწიფებათ. აუცილებელია ეკოლოგიური საშინელების შეჩერება. Mმსოფლიო შეიძლება აღაფრთოვანო ასეთი ჩუქების აქტით. ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური საშობაო ზეიმი! მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს! მე აქ დიდ პოტენციალს ვხედავ. ადამიანებმა მხოლოდ უნდა გაიგონ ეს შესაძლებლობა, რადგანაც, ვიმეორებ, ჩუქება ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა.“
გივი მარგველაშვილმა დაგვიტოვა თავისი გულუხვი საჩუქარი: თავისი ფილოსოფიურ-ლიტერატურული თამაშები.
მან თავის ცხოვრება ფაქტიურ და ფიქტიურ ემიგრაციაში, აქაც, საქართველოში და იქაც გერმანიაში, თავის ენობრივ თავშესაფარში უცხოობაში განვლო, აღიარებასა და განაპირებას შორის. მისი შემოქმედების ბიოგრაფიული დრო არ დაემთხვა ისტორიის მსვლელობას.
მისი წიგნის პერსონაჟი, - "მე"- დარჩა ბოლომდე როგორც თითქოს ყველა დროს მომცველი, მარადი რაინდი, კეთილშობილი, ადამიანზე მოფიქრალი, ადამიანების იმედით.
ახლა ჩვენზეა, ძვირფასო მეგობრებო, გივი მარგველაშვილის ამ დიდი განძის, მისი ლიტერატურული თამაშების "ამეტყველება და წელში გამართვა".
ad deum გივი! „In sweet harmony!“
Adieu, ძვირფასო, დიდო ადამიანო!...
მარიკა ლაფაური. 15 მარტი, ჰამბურგი
ფოტო: იულია სოლოვიოვა. 2013. ჰამბურგი, Fleettheater. პროექტის ავტორი: მარიკა ლაფაური
მარიკა ლაფაური, 15 მარტი, ჰამბურგი.
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen