Sonntag, 15. November 2009

ატენის სიონი


http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10007
[ნინო მიქიაშვილი]
ატენის სიონში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ირგვლივ, პრესა.გე გთავაზობთ ინტერვიუს მარიკა ლაფაური-ბურკთან, რომელიც 20 წელია ჰამბურგში ცხოვრობს; იქ ჩასვლის დღიდან დღემდე 130 ქართული პროექტი მის მიერ არის ინიცირებული და განხორციელებული.
მარიკა ლაფაური-ბურკე ატენის სიონის გადარჩენის საქმეში, 2004 წლიდან, გერმანელ ექსპერტებთან ერთადაა ჩართული. ამასთან, არის საზოგადოება ”ლილეს” (რომელიც ჰამბურგშია რეგისტრირებული და რომლის მიზანია ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება) ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
კითხვები მარიკა ლაფაური-ბურკთან მანამდე გვქონდა გაგზავნილი, სანამ საპატრიარქო, ბაგრატის ტაძარსა და ატენის სიონზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დროებით შეჩერების ინიციატივით გამოვიდოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ ხუთშაბათს საპატრიარქომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას კომპეტენტური პირებისგან შემდგარი კომისია, რომელშიც შევლენ, როგორც მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. ბაგრატის ტაძრის და ატენის სიონის შემდგომი ბედი, მხოლოდ ამ კომისიის დასკვნის დადების შემდეგ გაირკვევა.
- რა კავშირი გაქვთ ატენის სიონში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან?
მარიკა ლაფაური-ბურკი:- ამ პროექტზე 2004 წლიდან ვმუშაობთ (“ლილეს” 3 წევრი). მაშინდელი მდგომარეობა ისეთი იყო, რომ სამხრეთის ფასადზე ფრესკების გამაგრება რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურს დაევალა. ამ პერიოდში საქართველოს ერთი ქრისტიანი კაცი ესტუმრა, რომელიც საქართველოში მანამდე ხშირად ჩამოდიოდა. მას საქართველო ძალიან უყვარს და ატენის სიონის ფრესკებით აღფრთოვანებულმა, მათი გადარჩენის მიზნით, საშუალებების გამოძებნა გადაწყვიტა.
ამ საქმიანობისთვის მას ევროპაში ისეთი პარტნიორი სჭირდებოდა, ვინც ასეთი პროექტის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფდა. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა მრავალი შეხვედრა - ისე, როგორც გერმანელებმა იციან; ადვოკატის საშუალებითაც კი შეამოწმეს ჩვენი საქმიანობა, რომ ჩვენს სანდოობაში დარწმუნებულიყვნენ. ამ ფაქტს განსაკუთრებით ავღნიშნავ, რადგან ჩვენ ამ კონტაქტის გამყარებისთვის ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, ზურგს გვიმაგრებდა დასავლეთ ევროპაში ჩვენი მრავალწლიანი მუშაობა, ქართული კულტურის ირგვლივ.
საბოლოოდ სპონსორი მოიძებნა, რომელმაც სამხრეთ ფასადის ფრესკების გამაგრება საკმაოდ სოლიდური თანხით დააფინანსა. ჩვენ მათთან ხელშეკრულება დავდეთ და ასევე, 2004 წელს ხელშეკრულება საპატრიარქოშიც გაფორმდა. სამუშაოები მალევე დაიწყო. მასალის სინჯების კვლევები გერმანიის ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორატორიაში ჩავატარეთ. სამუშაოების ციკლი ორ საფეხურად გავყავით. სამუშაოების დაწყებისთანავე, მას მერე, რაც დავიწყე მასალის შეგროვება, ატენის სიონზე (ისე, როგორც ამას ვაკეთებ ყოველთვის, როცა რაიმე პროექტს ვიწყებ) ჩემთვის ნათელი გახდა, რა განსაკუთრებილ ძეგლთან გვაქვს საქმე. აქ ამის აღწერას აღარ შევუდგები.
იმის გამო, რომ ატენის სიონი განსაკუთრებული ძეგლია, პარალელურად კომლექსურ კვლევებს მოითხოვს; იმ მასალების მიხედვით, რაც ხელთ მქონდა, გერმანიაში სხვადასხვა მეცნიერებთან კონტაქტების დამყარება დავიწყე.
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ პარალელურად მიმდინარეობდა აშშ-ს მიერ დაფინანსებული საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები. ჩემთვის პირველი დღიდანვე ნათელი იყო, რომ ჩვენს პროექტებს ერთმანეთთან კოორდინირებულად უნდა ემუშავათ და ვცდილობდი კონტაქტი დამემყარებინა საქართველოში, ატენის სიონზე მომუშავე სხვა ჯგუფებთან.
დაახლოებით ერთი წლის თავზე, ამ მიზნით ვესტუმრე საქართველოს კულტურის მინისტრის მაშინდელ მოადგილეს, ნიკა ვაჩეიშვილს. შეხვედრა ძალიან გულისხმიერი იყო; გადაწყდა, რომ ჩვენი კონტაქტების გამოყენებით, კოორდინირებულ მუშაობას გავაგრძელებდით. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ სხვანაირად მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა - მაშინ, როდესაც სხვა ბევრი პრობლემა კომპლექსურად მისახედია, შეუძლებელია ფრესკების გამაგრების სამუშაოების გაგრძელება.
გერმანელი ექსპერტებთან (ამ მომენტისთვის, პროფესორი ერვინ ემერლინგი; ბიოლოგი, დოქტორი ტომას ვარშაიდი; პროფესორი რაინერ ბარტელი და არქიტექტორი ანდრეას ფორმანი, რომლებიც ინტერნაციონალური მასშტაბით ცნობილი სპეციალიტები არიან, იკომუსის, იუნესკოს მრჩევლები და სხვადასხვა ინტერნაციონალური პროექტების ექპერტები) თითქმის 2 წლიანი მუშაობის შედეგად, მათი გადატვირთული კალენდრის ფონზე, ამ პროექტით მათი დაინტერესება შევძელით. ისინი პირველივე დღიდან, საქართველოს და ატენის უერთგულესი გულშემატკივრები გახდნენ.
დღეისთვის ატენის სიონის ირგვლივ მთელი ქსელია შექმნილი: მიუნხენის ელიტა უნივერსიტეტი, ძეგლთა დაცვის ფირმა “დი ბაუჰუტე”, გოტინგენის, ბერლინის და აახენის უნივერსიტეტები.
რა გამოიკვეთა დღემდე ჩატარებული კვლევების შედეგად?
- ჩვენმა კვლევებმა უცნაური შემთხვევა აჩვენა - ფრესკების გრუნტი ნაწილობრივ კირის შელესილობაზეა და ნაწილობრივ თაბაშირზე. ე.ი. ამ განსხვავებულობის გამო, მათ სხვადასხვანაირი დამუშავება სჭირდებათ. თვით ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მასალაა ნახმარი, პრაქტიკაში გამონაკლისი შემთხვევაა და ახლა ამაზე მსჯელობა მხოლოდ ჰიპოთეზურად შეიძლება.
ამ ეტაპზე, რა ტიპის სამუშაოებს ატარებთ?
- ამ წუთას ვაფინანსებთ და ვხელმძღვანელობთ პროექტს, სადაც ხდება ყველა არსებული მასალის თავმოყრა, შემდგომი კვლევები და აქედან გამომდინარე, კონცეფციის გამომუშავება, რომელიც ამოცანების შესრულების მიზნით, სხვადასხვა საფეხურებად იქნება დაყოფილი.
ვისთან გქონდათ შეხვედრები საქართველოში, ატენის სიონთან დაკავშირებით მიმდინარე საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით?
- აქამდე უამრავი შეხვედრა გაიმართა. აქედან მთავარი და გადამწყვეტი ის შეხვედრა იყო, რომელიც ატენში 2007 წლის აგვისტოში შედგა და რომელსაც ესწრებოდნენ: კულტურის სამინისტროდან დელეგაცია, ნიკა ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით; მიტროპოლიტი დავითი (ალავერდელი), სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად; გერმანელი ექსპერტები და პროექტის სპონსორი, გერმანიიდან.
გერმანელმა ექსპერტებმა თავიანთი კვლევა წარმოადგინეს, რაც მანამდე ჩაატარეს - ტაძრის გამაგრების პირველი და აუცილებელი გეგმა. დაისახა ის ნაბიჯები, რასაც ახლა ვაკეთებთ. გერმანალების მიერ ჩატარებული ეს კვლევა, ერთ-ერთ გერმანულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა და ასევე წარდგენილი იყო ძეგლთა დაცვის საერთაშორისო კონფერენციაზე. ესაა პირველი ნაშრომი ატენზე, რომელიც ევროპულ სამეცნიერო წრეებში გამოქვეყნდა და რომელშიც ამ პროექტზე მანამდე მომუშავე ყველა ქართველი სპეციალისტია მოხსენიებული.
აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ გერმანელი ექსპერტები თავიდანვე მხარს უჭერდნენ ატენში სამონასტრო ცხოვრების განახლებას. ამაზე ზემოხსენებულ შეხვედრაზეც მკაფიოდ ითქვა. ლაპარაკი იყო მხოლოდ იმაზე, რომ ჯერ აუცილებელია მთელი კონცეფციის შექმნა, ტაძრისთვის გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ რაიმე მშენებლობის დაწყება. ასევე, მონასტრის კელიების აშენება კლდეზე რეკომენდირებული არ იყო. მხოლოდ ყველა სამუშაოს დასრულების შემთხვევაში, გააზრებული მომცრო ტიპის ნაგებობების აშენების შესაძლებლობა განიხილებოდა, როგორც ესთეტიკის თვალსაზრისით, ასევე საინჟინრო რისკების გათვალისწინებით.
მთავარ სამონასტრო ნაწილს, ექსპერტები გვათვაზობდნენ, ატენის შესასვლელ ნაწილში, ანუ, კლდიდან მოშორებით. ესთეტურ მხარეს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან, ატენი უნიკალური ძეგლია - კლდეზე გადმოკიდებული, “ჰაერში”. ანუ, უდიდესი საინჟინრო ძალისხმევით, სუბკონსტრუქციაზეა აშენებული, რომლის პრეცენდენტი ქრისტიანულ მშენებლობაში არ მოიპოვება. ამიტომ თავად ეს სუბკონსტრუქცია არის საინჟინრო თვალსაზრისით საკუთრივ ცალკე ძეგლი!!! ძეგლის აღქმა ლანდშაფტში, არის ამ ძეგლის განსაკუთრებული უნიკალურობა და მის მისტიურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.
გარდა არქიტექტურული და საინჟინრო განსაკუთრებულობისა, საქმე გვაქვს ქრისტიანულ სამყაროში უძველეს ფრესკებთან, რაც ასევე უნიკალურია. პლუს ამას, დაახლოებით 600-ზე მეტი წარწერაა, ტაძრის კედლებზე გარედან, ქვაზე და შიგნით, რომლებიც სხვადასხვა ენებზეა შესრულებული. ამაზე საქართველოში ბევრი საფუძვლიანი გამოკვლევა არსებობს. ქვები ძალიან დაზიანებულია და ამ წარწერებს დიდი საფრთხე ემუქრება. ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ქვების საფუძვლიანი კვლევა. საქართველოში ასეთი კვლევების ჩატარების არანაირი საშუალება არ არსებობს.
გერმანელი ექსპერტებისთვის, რომლებიც ტაძრის რეკონსტრუქციაზე მუშაობენ, ცნობილია თუ არა, რომ იქვე, ტაძართან ძალიან ახლოს, დაგეგმილია დიდი სამონასტრო კომპლექსის აშენება? ხუროთმოძღვრების საბჭოში, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე ირწმუნებიან, რომ იქვე, ბულდოზერით მიმდინარე სამუშაოები, ტაძრის არსებობას საფრთხეს არ უქმნის.
- გერმანელ ექსპერტებს ეს უკვე ვაცნობეთ. ასევე, ჩვენი არქიტექტორი, ანდრეას ფორმანი, რომელიც მიმდინარე პროექტს პრაქტიკულად ასრულებს, ადგილზე ბევრჯერ იყო. ბოლო დროს მან ყველაფერი თავისი თვალით იხილა. სიმართლე უნდა გითხრათ - არ გვინდა სპონსორი საბოლოოდ დაფრთხეს. ის უკვე ისედაც ძალიან დაეჭვებულია და ჩვენთან ერთად მოთმინებით ელოდება, თუ როდის დალაგდება და გაირკვევა მუშაობის ის გეგმა, რომელიც არის კომპეტენტური და არ დააზიანებს ძეგლს!
ჩვენი ექსპერტების აზრით, მითუმეტეს ამ ეტაპზე არ შეიძლება მხოლოდ გეოლოგის დასკვნაზე დაყრდნობა, რადგან კლდის სიმყარის გარდა, სხვა ბევრი კომპონენტია გასათვალისწინებელი. ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს თანხებს და ცოდნას, საქმეს (რბილად რომ ვთქვათ) ოპტიმალურად ვერ ვახმართ. ზოგადად საქართველოში განხორციელებულ პროექტებში ჩემი გამოცდილებაა, რომ ყველა პროექტს ერთი და იგივე ნაკლი აქვს - რთული კომუნიკაცია, თანამედროვე ინფორმაციების არა მარტო არქონა, არამედ მათი უგულვებელყოფა. ჩვენ ჩვენი პროექტებით გვინდოდა ინტერნაციონალური მუშაობის და საქმის მსვლელობის სანიმუშო პრეცენდენტი შეგვექმნა. მიუხედავად ნიკა ვაჩეიშვილის დიდი მონდომებისა, ჩემთვის გაურკვეველია, თუ რატომ არ გამოგვდის ეს.
ზემოხსენებული ექსპერტები საქართველოსთვის ფასდაუდებელი ინტელექტუალური შენაძენია, არა მარტო კონკრეტული პროექტის გამო. ჩვენთვის კულტურა უნდა იყოს პოლიტიკა. პროექტებზე მუშაობისას ვიძენთ ჩვენს გვერდზე მყოფ არა მხოლოდ პროფესიონალებს, არამედ გულშემატკივრებსაც (მითუმეტეს, როცა თავიანთ დარგში ასეთი ცნობილი სპეციალისტები არიან).
ისინი პროფესიონალური დახმარებისას მოთმინებით ეკიდებიან ყველანაირ არაკომფორტულობას, რომელიც საქართველოში ასეთი მუშაობის დროს შეიძლება წარმოიშვას და ამასთან, ჩვენი ერთგული მხარდამჭერები არიან. ასეთ ურთიერთობებს უნდა გავუფრთხილდეთ. ყოველი ასეთი ურთიერთობა, ხომ იგივე ”სახალხო დიპლომატიაა”, საერთაშორისო მასშტაბით. ეს მხარდაჭერა აგვისტოს ომის შემდეგ (ჩვენთვის ისეთ პრორუსულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა) ჩვენი საგარეო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს. ამ საკითხებზე მე პირადად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან არა ერთხელ აღმინიშნავს.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen