Sonntag, 6. Dezember 2009

სონატური ალეგრო ჟურნალისტთა ქარტიის თემებზე. 2009

http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11202

სონატური ალეგრო ჟურნალისტთა ქარტიის თემებზე

14:40 04.12.2009


[მარიკა ლაფაური-ბურკი, ჰამბურგი]
დროში პარალელურად, მაგრამ შინაარსით სრულიად განსხვავებული ჟურნალისტური ქარტიების შექმნის თაობაზე.

თემა I
ახლად შექმნილი ევროპის ჟურნალისტთა ქარტია

2009 წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პირველად შეიქმნა ევროპული ქარტია, პრესის თავისუფლებისთვის. ქარტიას ხელი 19 ქვეყნის წამყვანმა გამომცემლობებმა მოაწერეს. მათ შორისაა რუსეთიდან. ქარტიას შეგიძლიათ გაეცნოთ -http://www.pressfreedom.eu/de/index.php
ქარტიის 10-პუნქტიანი ტექსტი ვებგვერდებზე 8 ენაზეა გამოქვეყნებული და აქ მოყვანილ ბმულზე, შესაძლებელია მასზე ხელისმოწერა, შესაბამისი ფორმულარის შევსების შემდეგhttp://www.pressfreedom.eu/de/sign.php ასევე შესაძლებელია სიის დათვალიერება, სადაც ხელმომწერი ჟურნალისტების გვარებია მითითებული. საქართველოდან, როგორც მისალოდნელი იყო, არავინაა წარმოდგენილი. თუმცა, პოსტსაბჭოთა სივრციდან, ბალტიისპირეთის გამოკლებით, არც სხვები აწერენ ხელს.
ევროპული დოკუმენტის შექმნის ინიციატორი, ჰანს-ულრიჰ იორგესი, რომელიც ამავდროულად ცნობილი ჟურნალის ”შტერნის” მთავარი რედაქტორია, აღნიშნავს:
”ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ევროპის საბჭოს კომისია, თავადვე სცემს პატივს ამ ქარტიას და იზრუნებს, რომ ის მთელ ევროპაში აღესრულებოდეს. ჩვენ ასევე გაგვაჩნია მოლოდინი, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებისთვის, ამ ქარტიის აღიარება ერთ-ერთ მოთხოვნად იქცევა. ქარტიის მთავარი მიზანია, რომ ევროპაში, ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტებიც გაერთიანდნენ და პრესის თავისუფლების ხელყოფის შემთხვევაში, ჩვენს ჟურნალისტ კოლეგებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დაეყრდნონ ძირითად პრინციპებს”.
ევროპული ჟურნალისტური ქარტიის შექმნის იდეა 2007 წელს, ბატონ იორგისა და ევროსაბჭოს კომისრის ვივიენ რედინგთან შეხვედრისას დაიბადა. ქარტიას ხელი მოეწერა ჰამბურგში, რომელიც გერმანიის ცნობილი მედიამეტროპოლია. ხელმოწერისას მიწვეულნი იყვნენ ის ქვეყნებიც (რუსეთი, სერბეთი, თურქეთი, ბელორუსი), რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

ევროპულ ქარტიაში ყურადღება გამახვილებულია ჟურნალისტის დაცულობაზე, მისი უფლებების შეუზღუდველობაზე - ათივე პუნქტი ამ საკითხებს ეხება. დოკუმენტის შემუშავებას წინ უსწრებდა სხვადასხვა შეხვედრები, რომელთა შესახებ მითითებულ ვებგვერდზე შეიძლება წაიკითხოთ. ეს შეხვედრები ევროსაბჭოში არსებული კომისიისMedia Task Force სამუშაო ფორმატშიც შედიოდა. ევროპული ქარტიის ტექსტი შეიმუშავეს ცნობილმა გამომცემლობებმა: ”Stern”, SPIEGEL, ”Focus”, von der ”Frankfurter Allgemeinen Zeitung”, ”Frankfurter Rundschau”, ”Tageszeitung” (taz), ”Bild”, ”Die Zeit” და ”National Geographic”–მა.
ამ ქარტიის ინიციატორები, თვით დემოკრატიულ ქვეყნებშიც (მაგალითად, გერმანიაში) იცნობენ გახმაურებულ სკანდალებს, ჟურნალისტების მოსყიდვის, დაშანტაჟების (ბოლო წლებში გახმაურებული BND–ს ფარული მოსმენები) ფაქტებს... ამ ბოლო კვირაში განვითარებულ დრამატულ დისკუსიებს, რომელიც ნიკოლაუს ბრენდელის (მთავარი საზოგადოებრივი არხის, ZDF–ის ხელმძღვანელი) მოხსნას მოჰყვა, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ სკანდალად გადაიქცა.
”გრემიის ბოლო სხდომაზე, პარტიების წარმომადგენლებმა ღიად განაცხადეს, რომ მათ სურთ თავად გადაწყვიტონ, თუ რომელი პოლიტიკოსი იქნება ამა თუ იმ ინტერვიუზე მიწვეული. ეს ნამდვილი სიგიჟეა” - ”შტერნისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს გავლენიანი ჟურნალისტი, ყოფილი წამყვანი-მოდერატორი, ულრიჰ ვიკარტი. ის პირდაპირ მიუთითებს (abendblatt.de) მერკელის როლზე ამ გადაწყვეტილების მიღებისას: ”გვაქვს ინფორმაცია, რომ ბრენდელის გათავისუფლების შესახებ მითითება, კანცლერის აპარატიდან მოდის.
მემარცხენე თუ მემარჯვენე მიმართულების სხვადასხვა გამოცემები ერთხმად აღნიშნავენ ბუნდესლანდ ჰესენის მინისტრთა პრეზიდენტის როლანდ კოხის პირად როლს ამ გადაწყვეტილების მიღებისას. ამასთან დაკავშირებით მის გამოსვლას დიდი კრიტიკა მოჰყვა. თავად როლანდ კოხის (CDU), ამ პოლიტიკური აკრობატის, დახასიათებას აქ არ შევუდგები, მაგრამ ამ სკანდალად ქცეულ ამბავს, მისი მონაწილეობა კიდევ უფრო ამძიმებს.
ნიკოლაუს ბრენდელის ინციდენტის გამო, გერმანიის ჟურნალისტებმა ევროპის ჟურნალისტების ქარტიას უკვე წერილობით მიმართეს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, რაიმე ჩარევა, ან ევროპული გამოხმაურება მოსლაოდნელი არ არის.

თემა II
ქართველ ჟურნალისტთა ქარტია

დღეს საქართველოში ოფიციალურად გაფორმდება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მასზე მუშაობა დაახლოებით 1 წელი გაგრძელდა და სხვადასხვა შეხვედრების საფუძველზე, 11 პუნქტად ჩამოყალიბდა. პროექტი ევროსაბჭომ 53 ათასი ევროთი დააფინანსა. როგორც ინიციატორებმა საჯაროდ განმარტეს, პროექტი წერტილოვნად და ეტაპობრივად ფინანსდებოდა.
თავიდანვე ავღნიშნავ, რომ არც ერთი წუთით არ შემაქვს ეჭვი ქართული ქარტიის ინიციატორების მონდომებაში, შექმნან რაიმე მოქმედი ბერკეტი, ქართული მედიასივრცის გასაუმჯობესებლად. ევროპულისგან განსხვავებით, საქართველოში იქმნება დოკუმენტი, რომელმაც თავისი მომავალი მუშაობით ეთიკური და არაეთიკური ჟურნალისტი უნდა გამოავლინოს. ასეთი მიდგომით ავტორები ქარტიას აძლევენ გარკვეული ”ფიცის” სტატუსს, რომელსაც ჟურნალისტი საზოგადოების წინაშე დებს. ამის შესახებ 13 ნოემბერს, გადაცემა ”საკანში” სტუმრად მყოფმა ია ანთაძემ განაცხადა.
არ ვკამათობ იმაზე, რომ ჟურნალისტი ეთიკის ნორმებით უნდა ხელმღვანელობდეს. ჩემი აზრით, ქარტიის პუნქტები ყველა ჟურნალისტისთვის პროფესიული ეთიკის საფუძველია. როგორც საქართველოში შექმნილი რეალობა გვაჩვენებს, ჩვენ არ გვაქვს პროფესიონალური ჟურნალისტური სკოლა და ის ისევე უნდა ავაშენოთ, როგორც სხვა დარგები, რომლებიც უკვე განადგურებული, თუ ახლად აღმოცენებულია. ჟურნალისტს ეს პრინციპები პირველი საჯარო მასალის გამოქვეყნებამდე უნდა ჰქონდეს შეთვისებული. ჟურნალისტიკა საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძარღვია და ჟურნალისტის ინდივიდუალური თუ კოლექტიური ეთიკა, საზოგადოებასთან ერთად ვითარდება. ეს კომპლექსური პროცესია, რომელსაც ყოველდღიური ძალისხმევა სჭირდება. ჟურნალისტი, სხვა დარგის მოღვაწესთან შედარებით, ყოველდღიურად დგას მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე, საკუთარი, კოლექტიური ეთიკის გააზრებით, შეთვისებული პროფესიული ცოდნით.
საქართველოში მედია სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, რაც არავისთვისაა ახალი და უცნობი ამბავი. მედია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სფერო, მთლიანად პოლიტიზირებულია, სახელისუფლებო, ან არასახელისუფლებო მხარეებადაა დაყოფილი; საერთოდ არ არსებობს ანალიტიკური ჟურნალისტიკა. ამ კუთხით ქართული მედია მხოლოდ ინტერვიუებით შემოიფარგლება, სადაც მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე ექსპერტებს, ან ე.წ. ექსპერტებს, ამა თუ იმ მოვლენის შეფასებას სთხოვენ. ვფიქრობ, უფრო საინტერესო სივრცე რეგიონალური ბეჭდვითი მედიაა.
ქარტიის ჩანაფიქრის მიხედვით, საზოგადოების წევრს შესაძლებლობა ექნება მიმართოს საბჭოს, თუ ის რომელიმე ჟურნალისტის გამოქვეყნებულ მასალას არ ეთანხმება. ალბათ იგულისხმება, რომ ასეთ შემთხვევებს ქარტიის საბჭო შეისწავლის და დაადგენს, დაარღვია თუ არა ჟურნალისტმა ეთიკური ნორმები.
ჩემი აზრით, ასეთი ქარტიის შინაარსი, საფუძველშივე პრობლემატურია და ჩნდება ეჭვი, რამდენად იქნება ეს დოკუმენტი მედიასივრცისთვის სასიკეთო წინსვლის მომტანი. უაღრესად დიდ პატივს ვცემ გაწეულ დიდ შრომას, გაუმჯობესების სურვილს, მზადყოფნას, რომ თავიანთი ხელმოწერით დაადასტურონ საზოგადოებისთვის სამსახურში მზადყოფნა, რომელიც ქართველმა ჟურნალისტებმა ენთუზიაზმით გასწიეს.
ჩემი წერილის მიზანია არა ინიციატორების კრიტიკა, არამედ იმ კითხვების გაზიარება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით წარმოიშვა.
თავად კონტექსტი, რომ ჟურნალისტთა სივრცე ეთიკურებად და არაეთიკურებად უნდა დაიყოს, ისევ ის ახალი მოდის სიტყვაა ქართულ მედიაში, ”წყალგამყოფი”, რომ დაარქვეს. გარკვეულწილად ქარტიის ავტორების მიზანიც, როგორც ჩანს, სწორედ ეს წყალგამყოფია, მაგრამ ჩვენი აზრით, მთლიანად ამ ქარტიის შინაარსი ბევრი მიზეზის გამო შიდა, პროფესიული საკითხია, რომელიც შესაფერის სივრცეში უნდა განიხილებოდეს. იმედია, ინიციატორებიც დაგვეთანხმებიან, რომ ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტური ეთიკის დარღვევა, დაბალი პროფესიული ხარისხის ბრალია. ჟურნალისტის კვალიფიკაციის გასაუმჯობესებლად, სხვადასხვა სემინარებით თუ ერთმანეთთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ქსელის ოპტიმალურად ამოქმედებით, დღეს არსებული მრავალი ხარვეზის აღმოფხვრაა შესაძლებელი.
დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, რისთვისაც მტკიცებულებების წარმოდგენა ზედმეტია, მაგრამ გავიმეორებ, რომ არაეთიკურობა ხშირად არაპროფესიონალიზმის ბრალია.
მიმაჩნია, რომ ეთიკურობის საკითხის გადაწყვეტა, არა იმდენად ცალკეული ჟურნალისტების, არამედ უშუალოდ რედაქციებში მოსაგვარებელი პრობლემაა. ამიტომ, თუ ჩვენ ცალკეული ჟურნალისტის პროფესიულ კვალიფიკაციაზე ვიზრუნებთ და რაიმე ჟურნალისტთა ასოციაცია კი რედაქციებთან შიდა დისკუსიებს გამართავს, ეთიკურობის თაობაზე, ალბათ საქართველო კიდევ ერთხელ აღარ დაიყოფა ამ გამუდმებული ”წყალგამყოფებით”, რომლებითაც ისედაც საკმარისადაა დასერილი.
თუ საბჭო სამართლიანად შეაფასებს დავუშვათ 10 შემთხვევას და წლიურ, თუ კვარტალურ ანგარიშს ობიექტურად გამოაქვეყნებს, რომელშიც ასახული იქნება რომელმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ეთიკური ნორმები და ლოჯისტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, არ გამოაქვეყნებს სხვა დანარჩენ 20 შემთხვევას, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ საბჭოს ანგარიში ობიექტურია?
თუ ფიქრობენ ქარტიის ინიციატორები, რომ 10 განაჩენით პრეცენდენტს შექმნიან, დანარჩენი ოცისთვის და ასეთი, რბილად რომ ვთქვათ, ”გაფრთხილებით” შეამცირებენ არაეთიკურ ქმედებებს? არ დაგვავიწყდეს, რომ საქმე სერიოზულ მორალურ განაჩენს ეხება, რომელსაც ზოგჯერ იურიდიულ პროცესზე მეტი ემოციური დატვირთვა შეიძლება გააჩნდეს.მსგავსი ”გაფრთხილებები” შესაძლებელია საგადასახადო კომისიის მიერ გამოვლენილ შემთხვევებს ან კრიმინალურობის პრევენციისათვის გამოსადეგი ხერხი იყოს, თუმცა ბეგარის არგადახდაც ეთიკის სფეროში შედის.აქედან გამომდინარე, გამოვთქვავთ ეჭვს ქარტიის საბჭოს მუშაობის სრულფასოვნებაზე, არა მისი წევრების იდეალიზმის და ენთუზიაზმის დეფიციტის გამო, არამედ იმ მორალიზმით (და არა მორალით), რაც ამ ქარტიაშია ჩადებული. ხოლო თუ ის სრულფასოვანი არ იქნება, მეტ ზიანს მოიტანს, ვიდრე მისი არ–მუშაობა.
მედიის განვითარებისათვის ევროსაბჭოს სხვადასხვა პროგრამები აქვს. საინტერესო იქნებოდა დაზუსტება, საქართველოს ქარტიის შინაარსზე მისი დაფინანსებისას იყო თუ არა პროგრამის მოთხოვნა აქცენტი ეთიკურობის მხრივ გაკეთბულიყო.
ევროპული ქარტია - ჟურნალისტის შეუზღუდველობა და დაცვა, ქართული ქარტია, - ეთიკა
ამ შედარებით საინტერესო სურათს ვღებულობთ. საინტერესოა, რატომ არაფერი გაგვიგია ამ ევროპული ჟურნალისტური ქარტიის შექნაზე? თუ გაგვიგია, რატომ არ ჩავებით ჩვენც ამ პროცესში? თუ, ვინმემ იცის და არ გვიყვება? ქართული ჟურნალისტური ქარტიის შექმნის პროცესში, რომელიც, როგორც ირკვევა, ევროპის ჟურნალისტურ ქარტიასთან დროში პარალელურად იქმნებოდა, ხომ არ არის ეს ევროსაბჭოს კიდევ მორიგი ბიუროკრატიზმის შედეგი?
საქართველოს არ აქვს ბევრი დრო, კონცეპტუალური სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებისთვის. თუ საქართველო კვლავ ვერ შეძლებს სრულფასოვნად ჩართვას მიმდინარე მსოფლიო პროცესებში, მისი მომავალი უიმედოდ ბუნდოვანია. მაშინ ვეღარც ეთიკური ჟურნალისტიკა გვიშველის.
ამ კონკრეტული მაგალითითაც, რომ ვიმსჯელოთ, საქართველოს ჟურნალისტებს უნდა დაედასტურებინა ევროპულ ქარტიაში მონაწილეობა და პარალელურად ემუშავათ საკუთარი მედიასივრცის ხარისხის გაუმჯობესებაზე. თუნდაც, ამისთვის ჩამოეწერათ ქარტიის მსგავსი 11 პუნქტი, რომელიც მორალიზმის გარეშე, შიდა რეგულირებისთვის რაიმე ბერკეტად ჩაითვლებოდა, როგორც ქარტიის შემქნის ინიციატორებმა განმარტეს, ნახსენები იყო, რომ ამ 11 პუნქტის ჩმოყალიბება ევროპელ ექსპერტებთან კონსულტაციებითაც მიმდინარეობდა. ევროსაბჭო და მისი ექსპერტები, ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი ბიუროკრატები არიან. ისინი ქმნიან და ხელმძღვანელობენ რა სხვადასხვა პროგრამებს, აგზავნიან ისეთივე ერთი და იგივე ექსპერტებს, რომლებიც ასევე ამ პროგრამების ხარჯზე ნებისმიერ ”კეთილ საქმეს” უხელმძღვანელებენ, იქნება ეს ზიმბვაბვეში, ახალ ზელანდიაში თუ საქართველოში. გავიხსენოთ თუნდაც ღაზას და ისრაელის უთვალავი პროექტები და პროგრამები. მათი შედეგები თვალნათლივ არაეფექტურია. კრიტიკოსები, პირიქით, აღნიშნავენ, რომ საზოგადოების თვითჩამოყალიბების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. ამ პროექტების გაუქმების შემთხვევაში, მთელი რიგი ევროსტრუქტურები უმუშევრები დარჩებიან. თუმცა, რეალური შედეგი ასეთ სამუშაოებს ხშირად არ მოუტანია.
როგორც ქარტიის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ქალბატონმა ია ანთაძემ 13 ნოემბერს საკანში სტუმრობისას განმარტა, ევროპელები დაინტერესებულნი იყვნენ ამ პროექტით, არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ მოლდოვაშიც. ხოლო შემდეგ ომის თუ სხვა მიზეზით, ინტერესი განელებიათ. ის კვლავ მიმდინარეობდა მხოლოდ ადგილობრივი ენთუზიასტების ხარჯზე და ავტორის თქმით, სამუშაო ბოლომდე მიიყვანეს. როგორც საუბრის კონტექსტიდან ირკვევა, ევროპელები დაინტერესებულნი ყოფილან, რომ საფეხურეობრივად ჩამოყალიბდეს რაიმე ინსტიტუციური პროფესიული გაერთიანება. ქარტიის შემდეგი საფეხური იქნება ასოციაციის შექმნა, რაც ალბათ, დაახლოებით თავის დროზე, საბჭოთა სისტემაში არსებული პროფესიული კავშირის ტიპის ინსტიტუცია უნდა იყოს. ევროსაბჭოს ამ მიზნის ფორმულირებას მხოლოდ ვეთანხმებით - შემუშავებული დოკუმენტი რაიმე ინსტიტუციის შექმნის საფუძველი უნდა იყოს.
საქართველოში ფაქტობრივად დაანგრიეს ის ინსტიტუციები, რისი რეფორმირებაც იყო საჭირო. დემოკრატიისა და საზოგადოების ლიბერალიზაციის პროცესები ხანგრძლივია და ყველა საზოგადოებამ ეს გზა თავისი კულტურული კონტექსტიდან გამომდინარე უნდა გაიაროს.
აქ კვლავ მივდივართ იმ წერტილთან, რომ ევროპელები ხშირად ვერ აფასებენ სად, რა სახით, როგორ და რა მექანიზმებით სჯობს დემოკრატიის ხელის შეწყობა. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში მეტად ან ნაკლებად ეთიკური მოსახლეობა ცხოვრობს და აქაური მედიასივრცეც ამიტომაა ასეთი სუსტი. ეთიკა ყოველ ინდივიდს თავისთვის უნდა ჰქონდეს, თავისი ცხოვრების მანძილზე ჩამოყალიბებული. ამ ჩამოყალიბებაში მას გარემოც ხელს უნდა უწყობდეს. სხვათა შორის, ძალიან ადვილია მაღალი პროფესიონალიზმით, სწორედ ჟურნალისტიკაში გადაფარო საკუთარი ეთიკური დამოკიდებულებები. ჟურნალისტური ეთიკა მარტო ქართული პრობლემა არ არის. მთელ მსოფლიოში კონიუქტურა აქვს ყვითელ პრესას. ყველამ კარგად იცის გავლენიანი მედიასაშუალებების ძალა და შორს რომ არ წავიდეთ, გადავხედოთ ევროპულ პრესას, თუ რას წერდა და აჩვენებდა საქართველო–რუსეთის ომთან დაკავშირებით და ადვილად დავრწმუნდებით, რომ აქ ეთიკის ნორმა არ შესრულებულა.
არაეთიკურობას ვერანაირი ფიცით ვერ აღმოფხვრის კაცობრიობა. ამიტომ ევროპელებმა უკეთ გადაწყვიტეს საკითხი - ისინი თავიანთ ქარტიაში ჟურნალისტის აბსოლუტურ შეუზღუდაობას და აბსოლუტურ დაცულობას მოითხოვენ. ეთიკურს, თუ პროფესიონალიზმით მოვარაყებულ არაეთიკურ ჟურნალისტიკას მკითხველი არჩევს, არაპროფესიონალიზმს კი, არც ერთი რედაქცია არ დაუშვებს.

Coda

ეთიკის კლასიკური ფორმულირებაა კანტის ცნობილი შეკითხვა - ”რა უნდა ვქნა?” რაიმე ქმედება მხოლოდ მაშინ არის ნებაყოფლობითი, როცა ცოდნა და სურვილი გაერთიანებულია. საქართველომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რომ ჩაერთოს ევროპულ პროცესებში, იქ, სადაც ის დღეს არსებობს და ამავდროულად იმუშაოს ყველა იმ ხარვეზზე, რაც ჩვენი კონტექსტიდან გამომდინარე შეგვექმნა.
ბოლოს, მაგალითისთვის ვახსნებ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, რომელიც ირიბად ჟურნალისტიკასაც ეხება: წელს მთელმა ევროპამ იზეიმა ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავი. ზეიმს მხოლოდ საქართველო გამოაკლდა, დაკავებული იყო რა, საკუთარი ამბიციური პოლიტიკური ბრძოლით. ამ მოვლენას აქ პოლიტიკურად არ შევაფასებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ომგამოვლილი საქართველო, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიორი იყო, თავისი მსხვერპლით და მსხვერპლის გაღების მზადყოფნით, ამ საერთაშორისო ღონისძიებებში ”სცენაზე არც ერთ როლში” წარმოდგენილი არ გახლდათ. თითქოს, ესეც არაეთიკურია...
ვეთანხმებით ახლად შექმნილი ქარტიის ინიციატირებს, რომ ახლა ქარტიის საბჭოს მუშაობაზე არის დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება შემდგომში ქართული მედია-სივრცის რეგულირება და მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. უნდა ვიმედოვნოთ, რომ არ იქნება საჭიროება ქარტიის საბჭოსათვის, "ქარტიის საბჭოს ეთიკის ქარტიის" შექმნისათვის.
ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს ახალ ჟურნალისტურ ქარტიას წარმატებებს ვუსურვებ!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen