Donnerstag, 26. November 2009

კისისხევის ეკლესიის რესტავრაციის გამო

მეექვსე საუკუნის ტაძრის რესტავრაცია, სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად მიმდინარეობს

[ნინო მიქიაშვილი]http://www.presa.ge/index.php?text=news&i=10564

იმაზე, თუ რატომ მიმდინარეობს შეფერხებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებს შორის უძველესი ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, პრესა.გე მარიკა ლაფაური-ბურკს, საქართველოში სტუმრად ყოფნისას ესაუბრა. იგი 20 წელია გერმანიაში ცხოვრობს. იქ ჩასვლის დღიდან დღემდე 130-მდე ქართული პროექტი მის მიერ არის ინიცირებული და განხორციელებული. მათ შორის ერთ-ერთი კისისხევის ეკლესიის აღდგენაა. ამასთან, მარიკა ლაფაური-ბურკი არის საზოგადოება ”ლილეს” (რომელიც ჰამბურგშია რეგისტრირებული და რომლის მიზანია ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება) ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.

კისისხევში ჩვენ მარიკა ლაფაური-ბურკთან ერთად 18 ოქტომბერს გახლდით ჩასული, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ვესაუბრეთ. ამ სოფლის ისტორიაზე, რომელიც ძალიან სიანტერესოა, ქვემოთ მოგითხრობთ. ამჟამად კისისხევში 800 კომლამდე ცხოვრობს. მათი უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და იმის გამო, რომ მეექვსე საუკუნის ტაძრის რესტავრაცია შეფერხებულია, სალოცავად თელავსა და წინანდალში დადიან.

ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას, გვერდით მიშენებული (სავარაუდოდ მეთექვსმეტე საუკუნეში) აქვს ბაზილიკის ტიპის პატარა ტაძარი, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის სახელობისაა.

- ”ამ ტაძრის ჭერი კრამიტით გადახურეს. მადლობა ღმერთს წვიმა არ ჩამოდის. მე რესტავრატორი არ ვარ, ამ საქმეში ვერ ვერკვევი, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ რაღაც-რაღაცეები შეცდომითაა გაკეთებული. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ერთხელ შელესეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არასწორად გაკეთდა (შესალეს მასალაში სილა გაურიეს) და ჩამოშალეს. სახურავი მაისის ბოლოს მოხსნეს და დღემდე რაღაც ლურჯი ცელოფანი აქვს შემოხვეული. სოფლის ერთ-ერთი ძირითადი დღესასწაული, ნინოობა 2008 წლის 27 იანვარს აღვადგინეთ, პარაკლისი გადავიხადეთ.

ამ ღონისძიებას იმჟამინდელი კულტურის მინისტრი, ნიკა ვაჩეიშვილიც ესწრებოდა. ხალხი აღფრთოვანებული იყო - იქნებ ტაძრის რესტავრაციას საშველი დაადგესო. მაშინდელმა მინისტრმა დავალებები გასცა, რომელიც სარესტავრაციო სამუშაოებს შეეხებოდა. ტაძრის აღდგენის დიდი იმედი მოგვეცა, აღფრთოვანებულები ვიყავით, მაგრამ ამ საქმეს საშველი დღემდე არ დაადგა. ჩვენ ყველანი მზად ვართ უშუალოდ მივიღოთ მონაწილეობა სარესტავრაციო სამუშაოებში, ოღონდ საქმე დაიძრას”, - გვითხრა კისისხეველმა მარიამ ზუროშვილმა.

ამავე სოფლის მკვიდრი, ეთერ მეგრელიშვილი: ”ძალიან ცუდია ტაძრის აღდგენა ასე, რომ გაჭიანურდა. მე მთელი სოფლის სახელით ვაცხადებ, რომ სოფელს ტაძარი ესაჭიროება. ტაძრის აღდგენის შემდეგ, აქ სულ სხვანაირი სულიერება დატრიალდება. კისისხევის ტაძარი უძველესია. სამუშაოები, რომ დაიწყეს, გულში რაღაც ჩაიღვარა, იმედი მოგვეცა. აგერ ჩვენმა მარიკა ლაფაურმა უამრავი გზები და საშუალებები გამონახა, იქით გერმანიაში, აქეთ, რომ საქმე დაწებულიყო და კეთილად დაგვირგვინებულიყო, მაგრამ ბოლოში რა მოხდა, კაცმა არ იცის. ტაძარს სახურავი დღემდე მოხსნილი აქვს”.

მარიკა ლაფაური-ბურკი ბავშობიდან მოყოლებული ზაფხულობით კისისხევში, მამა-პაისეულ სახლში ისვენებდა, რომელიც ტაძართან ახლოსაა. ”როგორც კი მამას დრო გამოუთავისფლდებოდა, ჩამოდიოდა და აქაურობას უვლიდა. ჩვენც ასე გაგვზარდა. ტაძარში ბებიას ხელით გაკეთებულ სანთელს ვანთებდით. ვერ ვიტყვი, რომ დიდი მორწმუნე ოჯახი ვიყავით, ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, როგორც ყველა, იმ დროში, მაგრამ ასეთი რიტუალის პატივისცემა გვქონდა. გადავდიოდით და ეკლესიის ეზოს ვალაგებდით ხოლმე”, - იხსენებს მარიკა-ლაფაური-ბურკი, რომელმაც მისი ვაჟიშვილი, ლაზარე კისისხევის ტაძრის ეზოში მონათლა.

სანამ უშუალოდ ტაძრის გარშემო არსებულ პრობლემებზე გიამბობთ, მარიკა ლაფაური-ბურკის მონაყოლზე დაყრდობით, კისისხევის ისტორიაზე მოგიყვებით - ეს მიწა, როგორც სოფელი, იერუსალიმს ეკუთვნოდა, რისი დამადასტურებელი სიგელიც არსებობს. ამ სოფელს აქვს გამოქვაბულების კომპლექსი - ორსართულიან სისტემაში 24 გამოქვაბულია. გარდა ამისა, სოფლის ტერიტორიაზე 64 ისტორიული ნაგებობაა. ასევე არსებობს მოკლე გზა გარეჯამდე, რომელიც ჯორის გზად არის ცნობილი. ამ გზას თუ დაადგებით, რომელიც ტყეზე გადის, ყოველ 200-300 მეტრში არის პატარა ეკლესია, რაღაც ნაგებობები, სადაც სავარაუდოდ ბერები ჩერდებოდნენ. ჯორის გზაზე უამრავი ქვევრია ჩაყრილი. ვარაუდობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამ გზით დავით გარეჯის მონასტერს ამარაგებდნენ და ქვევრებში პროდუქტებს ინახავდნენ.

ბატონყმობის დროს, კისისხევის ტერიტორიას იყოფდნენ: ჩიჯავაძეები, ბახუტაშვილები, ქობულაშვილები და ჩოლოყაშვილები. მეექვსე საუკუნის ტაძრის წინ ბახუტაშვილების სასახლე იყო, შესანიშნავი ბაღით. ”ამ ბაღის ნარჩენებს ჩემს ბავშვობაში შევესწარი. მამაჩემი თავის ბავშვობისდროინდელ ამბებს, რომ მიყვებოდა, ასეთი გალავანი იყო, ასეთი ბაღი იყოო, ჩემთვის ვფიქრობდი - ნეტავ სად გაქრა-მეთქი?! ახლა მე რომ ვხედავ, არც ისეთი დიდი ასაკოვანი ვარ, მაგრამ იყო და ჩემს თვალწინ გაქრა. ბახუტაშვილების სასახლე 2 წლის წინ აღგავეს მიწისაგან პირისა.

კისისხევის ეკლესიაში დღესასწაულებზე, სხვადასხვა სოფლებიდან ურმებით მოდიოდნენ, მოსალოცად. ეს ტრადიცია ნელ-ნელა დაიკარგა. ეკლესიასთან მისასვლელი საურმე გზა მიითვისეს. ერთხელ, ქვევრებით დატვირთული ურემი ეკლესიის ეზოს მოადგა და იქ მისასვლელიო გზა, რომ ამოქოლილი დახვდა, სულ წყევლა-წყევლით გასცილდა იქაურობას. ეს ბავშვობისდროინდელი მოგონება მეხსიერებაში მწარედ ჩამრჩა”, - ამბობს მარიკა ლაფაური-ბურკი.

მისივე თქმით, სოფელში არსებულ 64 ისტორიულ ნაგებობასა და პატარა ეკლესიებს შორის, კისისხეველები განსაკუთრებით ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას ეთაყვანებიან და მზად არიან (გარკვეული პირები) თავიანთი ეზოს ნაწილი, ტაძართან მისასვლელი გზისთვის დათმონ; ტაძრის აღდგენა-ამოქმედებას, ერთგვარი გამოღვიძების სიმბოლოდ მიიჩნევენ და ამიტომ, ამ დღის დადგომას მოუთმენლად ელოდებიან.

ძეგლთა დაცვვის დეპარტამენტმა (რომელსაც ახლა ძეგლთა დაცვის სააგენტო ჰქვია), კისისხევის პროექტი 2007 წლის დასაწყისში საბჭოზე გაიტანა და დაამტკიცა. ტაძრის აღდგენა მშენებელ-რესტავრატორ მიშა გელაშვილს დაევალა. ”ჩვენ, ანუ გერმანულ მხარეს კვლევები უნდა ჩაგვეტარებინა, რომლის საფუძველზე მიშა გელაშვილს ის სამუშაოები უნდა შეესრულებინა, რაც კვლევებით დადგინდებოდა. გერმანელ ექსპერტს, არქიტექტორ-რესტავრატორ ანდრეას ფორმანსა და მიშა გელაშვილს პრაქტიკულ-ფიზიკური სამუშაოები ერთად უნდა გაევლოთ. გელაშვილი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო”, - გვითხრა მარიკა ლაფაური-ბურკმა.

მისივე განმარტებით, გერმანელმა ექსპერტებმა ის მასალა გამოიკვლიეს, რითაც შელესილია რიყის ქვით ნაშენი ტაძარი. შედეგი, რომელიც მიიღეს, გერმანელებმა სენსაციურად შეაფასეს, რადგან შესალესი მასალა, განსაკუთრებული ხსნარით დამზადებული აღმოჩნდა და გაირკვა, რომ მეექვსე საუკუნიდან მოყოლებული მეოცემდე, ჩვენი წინაპრები ერთიდაიგივე შემადგენლობის სამშენებლო დუღაბს ხმარობდნენ - კირში არეულ შირიმის დაფხვნილ ქვას. მარიკა ლაფაური-ბურკი ამბობს, რომ იგივე ხსნარით ტაძრის რესტავრაცია, მონდომების შემთხვევაში ადვილადაა შესაძლებელი.

”ბედნიერი შემთხვევა მქონდა - პატრიარქთან შეხვედრის საშუალება მომეცა. მის უწმინდესობას სხვა ჩემს საქმიანობებთან ერთად, კისისხევის ეკლესიაზე, ჩატარებულ კვლევებზეც მოვუყევი. ასევე შევხვდი მეუფე დავით ალავარდელს. იქ მიშა გელაშვილიც იყო. შემთხვევით ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილიც მოვიდა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო - ერთად განვიხილეთ ის, თუ რატომ გაიწელა დროში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. აღმოჩნდა რომ პრობლემა შირიმის ქვის ფხვნილი ყოფილა. მოგეხსენებათ, ამ ქვის მოპოვება პრობლემებთანაა დაკავშირებული.

ეს შორსმიმავალი ტექნიკური პრობლემებია, რაზე საუბრითაც მკითხველს არ დავღლი. აქ იკვეთება საქმისადმი მიდგომის პრინციპული საკითხები. თუ საქმის გეგმით, პროფესიონალიზმით და ასევე სიყვარულით კეთება გვინდა, ეს პრობლემები სახელმწიფო დონეზე უნდა მოგვარდეს. ძეგლთა დაცვა რომ ბიზნესი არ არის, ეს ყველასთვის ნათელი უნდა იყოს. უცხოეთში ჩემი 20-წლიანი ცხოვრების გამოცდილებითაც, კვლავ ჯიუტად გავიმეორებ, რომ საქართველოს კულტურაა ერთადერთი, ნამდვილი პოლიტიკა, რასაც ქართული სახელმწიფო გეგმაზომიერად უნდა ახორციელებდეს”, - აცხადებს მარიკა ლაფაური-ბურკი.

საქართველოდან გამგზავრების წინ, მას მშენებელ-რესტავრატორმა მიშა გელაშვილმა გერმანიაში სინჯები გაატანა, რომელიც გოტინგენის უნივერსიტეტში (იქ სადაც ისტორიულ მასალებს იკვლევენ) უნდა გამოეკვლიათ, რამდენად იდენტური იყო იმ ხსნარის, რომელსაც ჩვენი წინაპრები ხმარობდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სინჯში, შირიმის ფხვნილთან კირის ნაცვლად სილა იყო შერეული და პლუს ამას, არ იყო გამშრალი, რაც კვლევის ჩასატარებლად აუცილებელია. მოკლედ, არქიტექტორ-რესტავრატორმა ანდრეას ფორმანმა სინჯების ლაბორატორიაში გადაგზავნა ზედმეტად მიიჩნია.

სანამ ამ სტატიას საბოლოო სახეს მივცემდით, კისისხეველებს ტელეფონით დავუკავშირდით და ვკითხეთ განახლდა თუ არა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები. გვითხრეს, რომ მუშაობა ჩქარი ტემპით მიმდინარეობს, მაგრამ გაურკვეველი ისაა, როგორ - ისე, როგორც ამა ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ, თუ ისე, როგორც მშენებელ-რესტავრატორი მიშა გელაშვილი მიიჩნევს საჭიროდ. ფაქტი ისაა, რომ წვიმები დაიწყო და ტაძრის სახურავი დროზე თუ არ გადაიხურა, მეექვსე საუკუნის ეკლესიას კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება, ვიდრე დღეს აქვს. მარიკა ლაფაური-ბურკი ამბობს, რომ მიშა გელაშვილს უკვე მეორედ სთხოვა გარკვეულ პირს გერმანიაში გაატანოს სინჯი, რომელსაც სასწრაფოდ გამოიკვლევენ და შედეგებს დაუყოვნებლივ აცნობებენ ქართულ მხარეს.

მარიკა ლაფაური-ბურკის განმარტებით, საქმის მსვლელობიდან გამომდინარე, გერმანელი სპეციალისტები საკმაოდ სკეპტიკურად არიან განწყობილნი და თუ სამუშაოები მხოლოდ დამთავრებისთვის გაგრძელდა და არა მდგომარეობის გამოსწორებისთვის, ”ჩვენ ისღა დაგვრჩენია ჩვენი კვლევები გამოვაქვეყნოთ, სინანულით თაროზე შემოვდოთ და კიდევ ერთხელ ვაღიაროთ, რომ ჩვენს კულტურას არც პატივს ვცემთ და არც არანაირი პატარა პროექტის დაბოლოვება არ ძალგვიძს”.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen