Mittwoch, 26. Januar 2011

ქართველური ენები თუ ქართული ენის დიალექტები

ქართველური ენები თუ ქართული ენის დიალექტები

გია ოკუჯავა

ღია წერილი ბატონ დავით პაიჭაძეს, 18 იანვრის “დიალოგში“ არ გამოცხადებულ რესპოდენტთან დაკავშირებით.

ბატონო დავით,

დიდი ინტერესით ველოდი თქვენს გადაცემას 18 იანვარს, უპირველესად იმიტომ, რომ მოხდებოდა იმ თემის განხილვა, რომელიც უკვე კარგა ხანია მუსირებს ქართულ საზოგადოებაში და ბევრი მითქმა-მოთქმის საბაბიც გახდა.

გასულ წელს მეც ვიყავი ჩართული ამ დისკუსიებში და გამოვთქვი კიდევაც ჩემი აზრი ინტერნეტ სივრცის საშუალებით : „ქართველური ენები და “ევროპული ქარტია რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ“ (ქართველი “ფუტლინგვისტები“ და „ერთობილი საქართველოსთვის“ მებრძოლი მათი ისტორიკოსი მიმდევრები) „ www.scribd.com/doc/30758966/Put-Lingv…

ერთმა ქართველმა მწერალმა, რომელსაც ჩემი გულისტკივილი გავუზიარე ამ პრობლემის გარშემო, პასუხად მომწერა: „…ასევე საკმაოდ შემაშფოთებელი იყო იმ უცნაური ხალხის (იგულისხმა ფუტ-ლინგვისტები -გ.ო.) უცნაური აზრების გაცნობა, რადგან მართლა არ ვიცოდი თუ ჩვენი სიბეცე უკვე აქამდე იყო მისული. თუმცა მეგონა და ახლა მითუმეტეს დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მეტ პრობლემას, ჩვენ თვითონ ვუქმნით საკუთარ თავს„.

მადლობა მინდა მოგახსენოთ ამ თემის სერიოზული განხილვისთვის, იმიტომ რომ დღემდე ეს განხილვები მიუწვდომელი იყო ფართო საზოგადოებისთვის და ის ვერ გასცდა რეგიონალური ტელევიზიებისა თუ ბულვარული გაზეთების ფარგლებს. განსაკუთრებით მაინტერესებდა ბატონ ტარიელ ფუტკარაძის მოსმენა. ბევრჯერ დაუჩივლია ბატონ ფუტკარაძეს წერილობითი ფორმითაც, თუ როგორ „ჩაგრავენ“ მას კოლეგა ლინგვისტები, მისი მეცნიერული შეხედულებების გამო და საჯარო ინტერნეტ სივრცეშიც განუთავსებია შიდა მიმოწერისთვის განკუთვნილი წერილებიც კი.

ციტატა მისი „სააპელაციო განცხადებიდან“: „მიმაჩნია, რომ ავთანდილ არაბულის სუბიექტურობამ ზეგავლენა იქონია თქვენი კომისიის მუშაობაზე, რამაც განაპირობა ჩემ მიმართ პოლოტიკური და არა აკადემიური გადაწყვეტილების მიღება“ მე არ ვიცი უკეთესი საშუალება, ვინემ ცენტრალური ტელევიზიის არხი, სადაც შეგიძლია საკუთარი მოსაზრებები მართლაც მთელ ქვეყანას გააგებინო.

გადაცემის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე უკვე ვნახე ანონსი, რომ ბატონი ფუტკარაძე არ მიდიოდა „დიალოგზე“… ლაშა გახარიას ერთი ლექსი გამახსნდა რატომღაც:

თენერ კოჩი ჟინ ლეხი რე,-
ართი აფუ „ხი“ დო „ორე“
დუდ დიკაკენ, იშ წამალი
დიხაშ გორგალც ვაგაგორე.
ვართ ოხვამეს იხვამე დო
ვართ შელორსათ მიშიმორე,
დოღურუნი-საფლეს გორთანც,
ვანთხორი და თიში მორე!

ბოდიშს მოვუხდი მკითხველს ამ სტრიქონების ართარგმნისთვის, მაგრამ ბატონი ფუტკარაძის აზრით ხომ გაგებინება არ არის უმთავრესი კრიტერიუმი. ამ ლექსის მაგალითზეც შეუძლია იგრძნოს მაგ თეზის „სისწორე“. დასანანია, რომ ბატონ ფუტკარაძეს არ ეყო იმის ვაჯკაცობა, რომ ტელეკამერების წინ დამჯდარიყო და ეკამათა ოპონენტებთან, მიზეზად კი „რაინდობას“ იბრალებს: „საჯაროდ, ტელევიზიით ქალის მხილება არ მიმაჩნია კარგ ტონად“-ო წერს თქვენდამი მიწერილ წერილში, რომელიც მეორე დღესვე განათავსა ინტერნეტში, თითქოსდა ინტერნეტი არ იყოს საჯარო. http://www.scribd.com/doc/47159549/Tariel-Putkaradze-Tserili-B-n-David-Paichadzes-Da-Chemi-Komentarebi-18-Ianvris-Gadacemis-Gamo

ყველამ, ვინც იცნობს ბატონ ფუტკარაძეს, იცის მისი თავმდაბლობისა და რაინდობის შესახებ: ასეთი მაგალითები ინტერნეტში მის მიერ განთავსებულ წერილებშიც მრავლად მოიპოვება. ციტატა: „მე, ფილოლოგიის მეცნიერთა დოქტორი ( 1998) და პროფესორი (2001), სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და ხელმძღვანელი, საერთაშორისო კონფერენციებისა და ექსპედიციების ხელმძღვანელი, მონოგრაფიების, სახელმძღვანელოებისა და მრავალი სხვა გამოკვლევის ავტორი – ციტირების მაღალი ინდექსის მქონე ქართული ენის მკვლევარი……..“

ბარემ აქვე ვკითხავ ბატონ ფუტკარაძეს ამ საერთაშორისო კონფერენციებს რომელ „საერთაშორისო ენაზე“ უძღვებოდა? რაც შეეხება მის რაინდობასა თუ ტაქტიანობას, ქალბატონებისა თუ კოლეგების მიმართ, ამის მაგალითებიც უხვადაა მის ნაწერებში: ციტატა:“არ ვაპირებ ჩემი შემდგომი მსჯელობა ავაგო გოგოლაშვილ-დობორჯგინიძე-ფურცხვანიძეების საეჭვო ღირებულების მასალების მიხედვით. მკითხველისათვის აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ დასახელებული ავტორები ბოლშევიკური პათოსითა და ხელისუფლებისადმი პოლიტიკური „ ბეზღობის ნაცადი სტილით ითხოვენ…“

ან კიდევ: „აშკარაა ამათ კომუნისტური რეჟიმის ნოსტალგია შემოაწვათ“… ქართველებს ვინ დაეძებს, უცხოელი კოლეგებიც თუ ევროპული ორგანიზაციებიც, რომ რუსი იმპერიალისტების სამსახურში დგანან, ამასაც მედგრად უმხელს ხოლმე ბატონი ფუტკარაძე საზოგადოებას: ციტატა: „ უცხოეთიდან კარგად დაფინანსებულმა მღვრიე საინფორმაციო თუ „სამეცნიერო“ დეზინფორმაციებმა ვინმე რომ არ დააბრკოლოს“… უცხოელი კოლეგების მიმართ, კიდევ უფრო „მორიდებულია“ ბ-ნი თეიმურაზ. გვანცელაძე:

ციტატა: „ვ. ბოედერმა არ თუ ვერ დაინახა ა. ონიანისა და კ. გაბუნიას სისუსტე, ა. ონიანის ტაქტის ნაკლოვანება, გვერდი აუარა ტ. ფუტკარაძისა და ამ სტრიქონების ავტორის არგუმენტებს და ნებსით თუ უნებლიედ, თანამზრახველად მოევლინა საბჭოთა რუსეთის იდეოლოგებსა და მათ ევროპელ მსახურებს… .“

კი მაგრამ თქვე დალოცვილებო, აგერ ასეთ სერიოზულ გადაცემაში მიგიწვიათ კაცმა, დამჯდარიყავით და გემხილებინათ ჩვენი სამშობლოს შინაური თუ გარეული „მტრები“, ვინ გიშლიდათ, ან რა დროს რაინდობა იყო, როცა ქვეყანა თავზე გვექცევა თურმე და თქვენს მეტი მშველელი არ გვყავს?
ბატონო დავით, ყველაზე დამაფიქრებელი ბ-ნ ფუტკარაძის მიერ თქვენდამი მიწერილ საჯარო წერილში, არის მისი დასაწყისი და დასასრული. ეს გახლავთ სწორედ ის ინსტიტუციონალიზაცია საკითხისა, რომელიც ასე მორიდებულად აღნიშნეს თქვენმა რესპოდენტებმა ბატონმა კახა გაბუნიამ და ქალბატონმა ნინო დობორჯგინიძემ თქვენს გადაცემაში და არ ჩაღრმავებიან მას. სამაგიროდ ბატონ ფუტკარაძეს არ ერიდება არავისი და არაფრის. იმისათვის რომ თავის ნააზრევს მეტი „დამაჯერებლობა“ მისცეს ბატონი ფუტკარაძე შემდეგ ამპლუაში წარმოგვიდგენს თავს თქვენდამი მიწერილ წერილში : პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრიაპირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი. ბატონი ფუტკარაძე, მისივე ვებ-გვერდის ინფორმაციით, იმავდროულად ქუთაისშიც მოღვაწეობს, მაგრამ „დაავიწყდა“ რატომღაც აღნიშვნა, თორემ ამხელა თანამდებობები რა გამოსატოვებელი იყო: -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველური დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; – ქსუ ქართული ენისა და ზოგადი ენათმეცნიერების დეპარტამენტის სრული პროფესორი.

“ჩაგვრაზე“ გამახსენდა: „ ვიღაცის“ ხათრით საქართველოს კანონი საჯარო მოხელეების შესახებაც კი დაურღვევიათ მგონი ბატონი ტარიელისთვის,თანაც ორჯერ, ის კი გაიძახის „პოლიტიკურად“ მჩაგრავენ-ო. თავის წერილს კი ბატონი ფუტკარაძე ამთავრებს შემდეგი სიტყვებით : საქართველოს ბრძენი პატრიარქი ჰყავს. გარდა ამისა, მან კარგად იცის საქართველოსეკლესიისა და ქართველი ერის ისტორია; სწორედ ამიტომ ამბობს ის, რასაც ამბობს: ქართული წერილობითი კულტურა ყველა კუთხის ქართველმა შექმნა ზოგად ეროვნულ ქართულ ენაზე; ამიტომაა ეს ენა ყველა ქართველის დედაენა…“.

მისი უწმინდესობა, რომ ბრძენი ადამიანია ფუტკარაძის შეხსენების გარეშეც იცის და იცოდა ქართულმა საზოგადოებამ. ეს ფუტკარაძე -გვანცელაძეს აეხილათ ეხლა თვალები როცა დასჭირდათ ეტყობა, თორემ 90 -იან წლებში მიტინგები რომ იმართებოდა საპატრიარქოსთან , მაშინ რატომღაც ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან: არ არის საჭირო ასეთი მიტინგები, ორივე მხარე საქრთველოსა და მისი ეკლესიის ცოდვილნი შვილები ვართ ჩვენ: არა აქვს მნიშვნელობა რომელია მართალი – არ ეგების საპატრიარქოს ჩარევა პოლიტიკურ გარჩევებში და რომელიმე მხარეზე დგომა-ო.

სწორედ ეს ინტიტუციონალიზაცია, გნებავთ პოლიტიზაცია, ენათმეცნიერული საკითხებისა, რომელშიც უწმინდესი და უნეტარესიც კი გარიეს ბატონმა ფუტკარაძემ, მისმა მიმდევრებმა და მათმა მფარველებმა სასულიერო წრეებში, არის გულსატკენი და შემაშფოთებელი და არა მათი ფსევდო ლინგვისტური გამოხტომები: რამდენი წიგნიც არ უნდა გამოსცენ ფუტკარაძემ და მისმა მომხრეებმა, როგორც არ უნდა ატრიალონ ენათმეცნიერული თეორიები მეგრული და სვანური არის ის, რაც არის: ენები!!!

რაც შეეხება ამ ენების მეგრულ -ლაზურისა და სვანურის დიალექტობისა თუ ენობის ყველაზე მთავარ არგუმენტს , თვითონვე წერს ბატონი ფუტკარაძე: „როგორც წესი, – სოციოლინგვისტური კრიტერიუმების საფუძველზეა ჩამოყალიბებული ენათა სტატუსი – მეტიც, მსოფლიოს ენათა უმრავლესობა ენად “მოინათლა” ენათმეცნიერების ჩამოყალიბებამდე “. აბსოლუტურად სწორია აზრია, რომელიც ნამდვილად არ არის ბატონი ფუტკარაძის კალმის ნაყოფი , ბატონი ტარიელის ამ წინადადებაში მხოლოდ ბრჭყალები გახლავთ, რომლითაც ის სათავისოდ „ატრიალებს“ ამ თეზისს და ნათლობის აქტს აუფასურებს. ენათმეცნიერული თეორიებით ჯერ არცერთი ენა არ შექმნილა დედამიწაზე . ლინგვისტიკა არსებული ენის კვლევას მისდევს და არა მის შექმნას. მოლაპარეკენი თვითონ განსაზღვრავენ რა არის მათი მეტყველება: ენა თუ დიალექტი.
1. “მარგალურ დო ლაზურ მიჩქუ, შონურ ვამიჩქუ დო ოკო ქიდიბგურუე“ – იტყვის მეგრელი და გულისხმობს მეგრულ-ლაზურ და სვანურ ენას!
2. “კახური და აჭარული ვიცი, იმერული არა და უნდა ვისწავლო “ – იტყვის კახელი?

არც არჩილ მეფე გახლდათ ლინგვისტი, მაგრამ დაწერა რატომღაც„ ყველა გვითქვამს რაც ენაა, მეგრულიცა, სომხურიცა …….“ დავუჯეროთ არჩილ მეფეს? ბატონი ფუტკარაძის ლოგიკით რა თქმა უნდა არა და აი რატომ: საკმაოდ დიდი ხანი გაატარა არჩილ მეფემ მეფის რუსეთის კარზე და იქ ჩაუნერგეს მას შორსმჭვრეტელმა ცარიზმის მოხელეებმა მეგრულის ენობის იდეა, თან ურჩიეს სომხურთან კონტექსტში ეხსენებინა ეგ ამბავი…

ბატონ ფუტკარაძის ციტატა: “სამაგალითოდ შევეხები მხოლოდ ნ.დობრჯგინიძის დეზინფორმაციას„ ქალბატონ ნინო დობორჯგინიძის წიგნები, დეზინფორმაცია კი არ გახლავთ, რომლის საჯარო მხილებასაც „განერიდა“ ვითომ ბატონი ფუტკარაძე და შეიძლება არც ბატონი ტარიელის ნაშრომებივით ციტირების მაღალი ინდექსი ჰქონდეთ , მაგრამ ქალბატონ ნინოს ნაშრომები, ნამდვილად წარმოადგენენ ლინგვისტური კვლევის სამაგალითო ნიმუშებს და არაერთხელ გამოუციათ ევროპაში . ციტირების ინდექსს რაც შეეხება, რაოდენობრიობა რომ ყოველთვის ხარისხობრივობის ნიშანი არ არის, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა.

მშვენივრად იცის ბატონმა ფუტკარაძემ ეს და ამიტომ ვერ მივიდა „დიალოგში“ მონაწილეობის მისაღებად, იცოდა ვერ იმსჯელებდა ისე მედგრად, როგორც თუნდაც ამ თქვენდამი მიწერილ უსტარში. ასე კი ადვილია , ინდულგენციასავით აიფარო საპატრიარქოს სახელი და მერე წერო რაც გინდა!

მივყვეთ თანმიმდევრობით: ფუტკარაძის ციტატა – სათაური- „თანამედროვე სეართაშორისო საინფორმაციო ქსელში არსებული ინფორმაციები ქართველთა იდენტობის შესახებ (მეცნიერული და პოლიტიზებული კვალიფიკაციები) „ჯერ რომ ემსჯელა და მკითხველისთვის მიენდო დასკვნა ბატონ ფუტკარაძეს არ ჯობდა /პრეზუმფცია / , ან შეემზადებინა მაინც მკითხველი ასეთი დასკნისთვის და ბოლოში ეთქვა , პოლიტიზებულია ეს კვალიფიკაციები და ამიტომ არის საშიში-ო. შიში თვითონ აქვს ბატონ ფუტკარაძეს იმისი, ვაითუ მთლად ჩემსავით არ “წაიკითხონ“ ეს ტექსტები-ო, ამიტომ მაშინვე აყენებს მკითხველს “სწორ“ გზაზე.
Ethnologue – languages of the world
ბატონ ფუტკარაძის ციტატა: მსოფლიო გლობალური ქსელის ძირითადი ეთნოლოგიური ენციკლოპედიის მიხედვით (2010 წლის მდგომარეობით), საქართველოში არის შემდეგი ეთნოსები: აზერბაიჯანელები – 308 000, ასირიელები (აისორები) – 3 000, აფხაზები – 101 000, ბაცბები – 3 420, ბერძნები – 38 000, ლაზები – 2 000, მეგრელები – 500000, ოსები – 100 000, რუსები – 372 000, სვანები (სამწერლობო ენად იყენებენ ქართულს და რუსულს) – 15 000, სომხები – 448 000 , ურუმები – 97 746, ქართველები – 3 901 380 სრულიად გაუგებარია, რას ერჩის ბატონი ფუტკარაძე ამ ენციკლოპედიის ავტორებს: ჯერ ერთი – არც ფუტკარაძისთანა ვაიპატრიოტების გამოისობით გაქცეული აფხაზები და ოსები გამოუყვიათ და დაუთვლიათ ცალკე და მეორე : ამ ენციკლოპედიაში ენებია ჩამოთვლილი და ორიგინალში არსად გვხდება ფუტკარაძის მიერ ნახსენები სიტყვა „ ეთნოსები“: A. Kibrik 1991; T. Sebeok 1963. The number of individual languages listed for Georgia is 13. Of those, all are living languages. Languages of Georgia
Georgia. 4,473,000. National or official languages: Georgian, Abkhaz. Literacy rate: 99%. Immigrant languages: Armenian (448,000), Chechen, Greek (38,000), Lak (250), Lezgi (3,650), Lishán Didán (120), Pontic (120,000), Russian (372,000), Tatar (3,100), Turkish (3,100), Udi (500), Ukrainian (52,000). Information mainly from E. Haby 1975; A. Kibrik 1991; T. Sebeok 1963. The number of individual languages listed for Georgia is 13. Of those, all are living languages.

შეიძლება ცოტათი ციფრებში კი იყოს შეცდომა, მაგრამ ჩვენ აგერ ბარე 20 წელია ამომრჩეველთა რიცხვი ვერ დაგვიდგენია ზუსტად დღემდე და ამ უცხოელებს მაგ შეცდომაზე ვედავოთ ეხლა. შემდეგ ჩამოთვლილია დანარჩენი ენები განმარტებებით, მაგალითად:

Georgian [kat] 3,900,000 in Georgia (1993 UBS). Population total all countries: 4,255,270. Ethnic population: 3,981,000 (1993 UBS). Also in Armenia, Azerbaijan, Iran, Kazakhstan, Kyrgyzstan, Russian Federation (Asia), Tajikistan, Turkey (Asia), Turkmenistan, Ukraine, United States, Uzbekistan. Alternate names: Common Kartvelian, Gruzinski, Kartuli. Dialects: Imeretian, Racha-Lexchxum (Lechkhum), Gurian, Adzhar (Acharian), Imerxev Kartlian, Kaxetian (Kakhetian), Ingilo, Tush, Xevsur (Kheysur), Moxev (Mokhev), Pshav, Mtiul, Ferejdan, Meskhur-Javakhuri. Imerxev is in Turkey, Ferejdan may no longer be spoken in Iran. Classification: Kartvelian, Georgian Laz [lzz] 2,000 in Georgia (1982). Adjar, Georgia, a few villages. Alternate names: Chan, Chanuri, Chanzan, Laze, Zan. Dialects: Xopa (Hopa), Chxala (Ckhala), Vice-Arxava (Vital-Arkhava), Atina, Samurzakan-Zugdidi, Senaki. Classification: Kartvelian, Zan Mingrelian [xmf] 500,000 (1989 B. Hewitt). Lowland west Georgia. Alternate names: Margaluri, Megrel, Megruli. Dialects: Officially considered a single language with Laz [lzz] called Zan, but linguists recognize they are not inherently mutually intelligible. Classification: Kartvelian, Zan

თანაც გაითვალისწინეს ამ ენციკლოპედიის ავტორებმა ეტყობა , რაიმე არ დაგვაბრლონ ფუტ-ლინგვისტებმა-ო და ეს ჩანაწერებიც დაურთეს ქართველურ ენებს ყველგან:
ქ ა რ თ უ ლი : Classification: Kartvelian, Georgian
მ ე გ რ უ ლი : Classification: Kartvelian, Zan
ლა ზ უ რ ი : ClasClassification: Kartvelian,Zan
ს ვ ა ნ უ რ ი : Classification: Kartvelian, Svan

ფუტკარაძის ციტატა: “ევროპაში 2004 წელს შექმნილი და ინტერნეტში ფართოდ რეკლამირებული რუკის მიხედვით, კავკასიაში მცხოვრები ეთნოსებია: ადიღელები, ქართველები, მეგრელ-სვანები, აფხაზები, სომხები, აზერბაიჯანლები, ბერძნები, ქურთები და სხვ. “

ბატონი ფუტკარაძის წერილში დაწუნებული ყველა ატლასები/რუკები ენებისა გახლავთ პატივცემულო მკითხველო და ისინი ეთნო-ლინგვისტური განაწილების ჩვენებას ისახავენ მიზნად, მოცემულ ტერიტორიაზე გავრცელებული ენებისა, თანაც არა ყველა ენისა , არამედ პირველადი/მშობლიური ენისა. სიტყვა “ეთნოს“-ს ბატონი ფუტკარაძე განიხილავს ამ ტერმინის ყველაზე ფართო მნიშვნელობით. ამიტომ მისთვის ეთნოსი და ერი ტოლფარდი ცნებებია , ხოლო რამდენადაც ის ფიქრობს, რომ „ მსოფლიოში დედაენა ეთნოსის ძირითად განმსაზღვრელად მიიჩნევა “ , ბოლოში ღებულობს პოსტულატს: ერთი ეთნოსი-ერთი ერი-ერთი ენა . შესაბამისად Ethno-lingvistic – მისთვის – ეროვნულ- ლინგვისტურს ნიშნავს! ამიტომ ტეხავს ის განგაშს, ამიტომ თარგმნის ის ამ რუკის სათაურს შემდეგნაირად : „ეროვნულ – ლინგვისტური განაწილება სამხრეთ კავკასიაში“!

ამ რუკაზე კი ნაჩვენებია ის ენები, რომლებიც საქართველოში მცხოვრები ეთნოსებისა თუ ხალხების მიერ გამოიყენება , როგორც პირველადი / (ისტორიულად პირველს არ ვგულისხმობ) , მშობლიური ენები და არა ზოგადად ენების გავრცელება ( ცოდნა – მოხმარება ): ამ ბოლო მიზანს, 50 ფერიანი ატლასი დასჭირდება და ბოლოს ნატვრის ხესავით აჭრელებული გამოვა. ამიტომ არის რუკაზე მაგ. საზღვარი ქართულსა და სომხურს შორის, ან ქართულსა და აფხაზურს, ქათულსა და ოსურს შორის იქ, სადაც არის.

საინტერესოა, რომ ბატონ ფუტკარაძეს ხმა არ ამოუღია იმ შეცდომებზე , რომელიც ამ ატლასში მართლა გაპარვიათ მის შემდგენლებს : – არსად ჩანს ლაზური ენა – მეგრულ-სვანური – არც ეს ტერმინი გაუპროტესტებია ბატონ ფუტკარაძეს . სინამდვილეში , მეგრელები და სვანები უნდა ვიყოთ „ნაწყენნი“ -ერთად მოგვაქციეს, ერთ ფერში ეს ორი სხვადასხვა ენა (ესეც დაყოფაა ?).

- საენათმეცნიერო წრეებში ცნობილია, რომ ბატონმა ფუტკარაძემ არა მარტო მეგრულ-ლაზურ-სვანური “ გაადიალექტა“ , არამედ „ დილექტთა დიფერენციაციისა და განდასების ახალიორიგინალური“ ვარიანტი შექმნა, რომელსაც ბატონ თეიმურაზ გვანცელაძის გარდა არავინ იზიარებს და ვგონებ “ მეგრულ-სვანური დიალექტიც“ , ამ ახალი განდასების ნაწილია.

ან კიდევ შეიძლება ამ ციტატის ავტორის აზრს გაუწია ხათრი : „ სვანები დიდი ტომია – 200 000 მებრძოლი ჰყავთ. ესაა ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი, რაც შესაძლოა იყო მთელი მოსახლეობის მესამედი ან მეოთხედი თუ ასე იყო, მაშინ სვანების საერთო რიცხვი ნახევარ მილიონზე მეტი ყოფილა,. ასეთი მრავალრიცხოვანი ხალხი, ცხადია მცირე ტერიტორიაზე ვერ იცხოვრებდა. სად ცხოვრობდნენ სვანები? დიოსკურიის მაღლა მდებარე მთებიდან მოსხებისა და კოლხების მაღლა, ასევე ქვეყნის სიღრმეში – მთიელი ტომების მეზობლად. ჩანს ქალდების, ტიბარენების, მესხების, კოლხების მაღლაც ცხოვრობდნენ სვანები. შემდეგდროინდელ შავშეთ-აჭარა-გურიის მთიანეთში მცხოვრებთაც, ჩანს იმ დროს, სვანების სახელით იცნობდნენ. მაშასადამე, სვანები გაგრძელებით ცხოვრობენ რიონის ხეობიდან ვიდრე დიოსკურიამდე. ცხადია, ნახევარმილიონიანი ხალხი მცირე ტერიტორიაზე ვერ მოთავსდებოდა. ისინი ბუნებრივია დასავლეთ საქართველოშიც ცხოვრობდნენ. …“ (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე , ჟურნალი – სვეტიცხოველი, 2010)
“ნაწყენნი“ კი არა მადლობლები ვართ მეგრელები ამ ენციკლოპედიის ავტორებისა: ერთფერში მაინც მოგვაყოლეს სვანებთან ერთად დასავლეთ საქართველოს ნაწილში. თორემ მეუფე ანანიას აზრით ბუნდღაც არ ყოფილა დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს დღევანდელი ტერიტორიაზე მოსახლე ჩვენი წინაპრებისა, არც ფოთი და ფაზისი ყოფილა იქ, დღეს სადაც არიან და იასონის შთამომავალი არგონავტი ბერძნებიც , რომ მივიღეთ ზარზეიმით ამ ათეული წლების წინ და ლამის ქუთაისამდე ჩავიყვანეთ რიონის გავლით , ისინიც გაგვიცურებია.

ციტატა: „ ჭოროხის შესართავთან, მის მარცხენა მხარეს, ამჟამადაც ერთი დიდი და რამდენიმე მომცრო ზომის ტბა არის. ალბათ აქ მდებარეობდა ძველი ქალაქი ფაზისი „ „ფაზისი არმენიის მდინარედ მიიჩნევა სტრაბონის მიერ (სტრაბ. XI, თავი XIV, 7)…. აშკარაა, რომ ფაზისი არაა სტრაბონისთვის დასავლეთ საქართველოს მდინარე … კოლხეთი მდებარეობდა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ მის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს – ტრაპეზუნტიდან ჭოროხის მიმართულებით.“ (მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე , ჟურნალი -სვეტიცხოველი, 2010)

ვერ გავიგე მაინც, რას გვერჩიან მეუფე ანანია და ბატონი ფუტკარაძე? ერთი გაიძახის , აღიარეთ რომ „დიალექტია“ თქვენი ენა ,თუ არა და ველური და უმწიგნობრო ტომი ხართო, მეუფემ აგერ ჭოროხს იქით გაგვასახლა მეგრელები, და ფოთიც და რიონიც მიაყოლა ზედ…..

ახლა კი კვლავ “გამყალბებლებს“ დავუბრუნდეთ: ბატონი ფუტკარაძის ციტატა : „ ამგვარი არაადექვატური კვალიფიკაციები და გაყალბებული რუკები სათავეს იღებს მეფის რუსეთის დროინდელი ენობრივ- ეთნიკური დივერსიებიდან „- გვაფრთხილებს ის და პროფესორ კირიაკოვს, არა მარტო საქართველოს , სვანების “დაშლაშიც“ კი ადანაშაულებს: „ …მაგ. პროფ. იური კირიაკოვის მიერ განხორციელებულ პროქტში “ მსოფლიოს ენათა რეეესტრი“ ქართველური ეთნიკური სამყარო წარმოდგენილია შემდეგ დამოუკიდებელ ეთნოსებად (EG): მეგრელი, ლაზი,ქართველი, ბალელი / ზემო სვანი/ და ქვემო სვანი „ ზემოთ ხომ ვამბობდი ბატონი ფუტკარაძისთვის ენა -ერი ტოლფარდი მცნებებია მეთქი, იმიტომ აბრალებს ახლა პროფ.კირიაკოვს სვანებიც კი დაშალა ცალკე ერად-ო. „დაშლის“ მიზანი რომ ჰქონოდა ავტორს ამ რეესტრში, მეგრელ-სვანზე შეჩერდებოდა და არ მისცემდა ბატონ ფუტკარაძეს ამდენი კრიტიკის საფუძველს. „ენების რეესტრი“ რომ გააკეთა იმიტომ გამოყო მან ბალელი /ზემო სვანი/ და ქვემო სვანი, მშვენივრად იცის ეს ბატონმა ფუტკარაძემ, მეც ვიცი: მაგრამ ახლა მაგის ახსნა რომ დავიწყო , პროფ კირიაკოვის მომხრეობაც დამბრალდება და გავჩუმდები ჯობია. ბატონ ფუტკარაძის ციტატა: „ევროპის ისტორიის ახალ რუკებზე არაადეკვატურადაა წარმოდგენილი საქართველოს რეალობა, მაგ. 10 საუკუნის რუკაზე გვერდიგვერდ ჩანს აფხაზეთი და იბერია“

ბატონ ფუტკარაძისა და მისი მომხრეების შეცდომა ის გახლავთ, რომ ისინი შემდეგნაირად ფიქრობენ: აფხაზეთს იმიტომ არ აღიარებენ ცივილიზებული ქვეყნები დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომ იციან, 10 საუკუნეში არ არსებობდა აფხაზეთის სამეფო მაგ ადგილასო !!! ამიტომაც შეიქმნა “საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი კომისია“- მეუფე ანანიას ხელმძღვანელობით, რომ გაასწორონ ისეთი ისტორიული რუკები და ნაშრომები , სადაც აფხაზეთის სამეფოა მოხსენიებული ან ოსების სამაჩაბლოში

დასახლების არასწორი თარიღები, თორემ „ვიღაცეები“ რუსების გავლენით ამ არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ კვლავაც მთელ მსოფლიოში და ვიღუპებით! მე-10 საუკუნის, თუნდაც სწორი რუკის საფუძველზე , გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოს საზღვრების გადასინჯვას დაიწყებს, დავიჯერო ? ან იქნებ უფრო იმან აღაშფოთა ბატონი ფუტკარაძე, იბერია რომ არის მაგ რუკაზე გამოსახული, მისი ისტორიული „კვლევების“ მიხედვით, არც ეგ უნდა იყოს სწორი მაინცდამაინც.

და ბოლო ბრალდება, რომელსაც ფუტკარაძე კვლავ ლამის მთელ მსოფლიოს უყენებს: „ ყველასთვის ნათელია, რომ თანამედროვე მსოფლიოში რთულია საქართველოს დანაწევრების დაკანონება მხოლოდ შეიარაღებული აგრესიის გზით, ამიტომ არის მცდელობა, „ მეცნიერული“ კვალიფიკაციებით და ისტორიული სინამდვილის გაყალბებით მოიძებნოს საფუძველი ქართველთა ნაწილის არაქართველებად გამოცხადების “.

„დედაენაა ეთნოსის ძირითადი განმსაზღვრელი“ – წერს ბატონი ფუტკარაძე . საინტერესოა „დიალოგში“, რომ ყოფილიყო, რას უპასუხებდა ბატონ კახა გაბუნიას წოვა- თუშების მაგალითს: არ არიან ქართველები იმიტომ, რომ მშობლიური ენა არაქართული აქვთო, თუ ენით არაქართველები არიან, მაგრამ ეროვნებით ქართველებიო?

ენა ეთნოსის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანია და არა ძირითადი. ამერიკელებისა თუ უამრავი სხვა ხალხის დედაენა ინგლისურია, რა ისინი ყველანი ინგლისელები არიან, ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში უმეტესობის დედაენა თუ სახელმწიფო ენა ესპანური რომაა, ისინიც ესპანელები არიან, ან შვეიცარიაში თუ ოთხი სახელმწიფო ენაა… ბევრი ჩვენი თანამოქალაქე რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და არ იცის ქართული, ქართველი არ არის ?… ძველია ეგ თეორია ბატონო ტარიელ და ევროპაში მე-16 საუკუნეში იცნობდნენ უკვე დევიზით „ cuius regio, eius lingua“ ( ვინც მმართველია, ენაც მისია ) ,მე-18/19 საუკუნეებში მოიკიდა ფეხი ევროპის რიგ სახელმწიფოებში. თავიდან საკმაოდ პროგრესულმა იდეებმა მოგვიანებით „ Sprachnationalism“-ის ფორმები მიიღო და საკმაოდ ბევრი ენები შეიწირა საფრანგეთში, ხოლო ესპანეთში, ფრანკო რომ არ დამარცხებულიყო,ჩვენი მონათესავე ბასკურიც მიჰყვებოდა გაქრობილი ენების კვალს.თუმცა დღევანდელი თურქეთისკენ თუ გაიხედავ, იქაც დაინახავ მაგ ენობრივი ნაციონალიზმის შედეგს, რომლის მსხვერპლნიც არიან ქურთები, ლაზები, იმერხეველები, ჩერქეზები და კიდევ ბევრნი სხვანი. თუ არ ვცდები პეტიცია მისწერა თქვენი უნივერსიტეტის მმართველმა ბატონმა ანდრიაძემ თურქეთის მთავრობას ამას წინათ, ლაზებს ტელევიზია გაუხსენით-ო, არ დაუზუსტებია ოღონდ ლაზურ ენაზე, თუ ქართული ენის ლაზურ დიალექტზე უნდა ყოფილიყო გადაცემები, ამიტომ დაიბნენ თურქები და დღემდე არ აკეთებენ მგონია მაგ საქმეს.

ისე საინტერესო მიდგომაა : საქართველოში ერთი ამბავი გაქვთ ატეხილი: არიქა მეგრელები წიგნებს გამოსცემენ, ვეფხისტყაოსანს თარგმნიან, ტელეგადაცემებს ითხოვენ და ა. შ. – იღუპება საქართველო-ო და თურქებს რა პირით თხოვთ ლაზებსა და დანარჩენ ჩვენს თანამემამულეებს მიმიხედეთო …

ციტატა ბატონ ფუტკარაძის წერილიდან : „ ქ-ნი დობორჯგინძე ივანე ჯავახიშვილს ქართველთა დამანაწევრებელი თეორიის მომხრედ აცხადებს. სინამდვილე სხვაგვარია. ივანე ჯავახიშვილი ერთენოვანი ქართველოლოგიის მხარდამჭერი იყო ჩემს დაბადებამდე ბევრად ადრე…“

“ ქართველთა დამანაწევრებელი თეორიის მომხრე – არსად ქალბატონ ნინოს არ დაუწერია და არ უთქვამს ამ თეორიას ემხრობოდა დიდი ისტორიკოსიო. ან როგორ იტყოდა, როცა ეს თეორია ბატონი ფუტკარაძის მოგონილია და დავიჯერო ქალბატონ ნინოს არ ახსოვდა , ბატონი ივანე ჯავახიშვილი , ფუტკარტაძის “დაბადებამდე ბევრად უფრო ადრე“ , რომ მოღვაწეობდა.

არც ერთენოვანი ქართველოლოგიის მხარდამჭერი არ ყოფილა დიდი მკვლევარი – რაც არ არსებობდა, იმას მხარს როგორ დაუჭერდა ? ქ-ნი დობორჯგინიძე ივანე ჯავახიშვილს ქართველური ენების თეორიის მომხრედ მიიჩნევს და არც მისთვის და არც ივანე ჯავახიშვილისთვის ეს თეორია არ ყოფილა ქართველთა დანაწევრების თეორია.

2010 წლის მაისში საპატრიარქოს უნივერსიტეტში , მაშინ პროფესორი პარმენ მარგველაშვილი იყო უნივერსიტეტის რექტორი, რომელიც მერე ყველას გასაოცრად ბატონმა თეიმურაზ გვანცელაძემ შეცვალა – ჩატარდა დიდი ივანე ჯავახიშვილისადმი მიძღვნილ კონფერენცია. ამავე უნივერსიტეტის გაზეთში, რომელმაც ფართო საზოგადოებას ამცნო ამ კონფერენციის შესახებ ვკითხულობთ : „ იმ ხანად ( მე-20 საუკუნის დასაწყისში) გავრცელებული მოსაზრების თანახმად, აღმზრდელობითი თვალსაზრისითა და , ასევე, საზოგადოებაში ეროვნული გრძნობების კიდევ უფრო გასაღვივებლად სასურველი იყო, მეცნიერებს საქართველოს ისტორია გაზვიადებული წარმოეჩინათ. ბატონი ივანე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ ტენდენციას და ამტკიცებდა, რომ მეცნიერება პირუთვნელი უნდა იყოს, ისტორიკოსმა სიყალბესა და ფაქტების დამახინჯებაზე უარი უნდა თქვას და ისტორიული წყაროების შესწავლას კრიტიკულად უნდა მიუდგნენო. თუ საქართველოს ისტორიის შესწავლა მართლა გვინდა, მაშინ მამულიშვილობა მეცნიერებაში არ უნდა აგვერიოსო …“

ძალიან ხშირად ბატონი ფუტკარაძე მის მიერ დამოწმებული ავტორების ნაშრომებიდან მხოლოდ იმ ნაწილებს იყენებს რომელიც მას აწყობს. თორემ როგორ დავიჯერო, არც ბატონ ფუტკარაძეს და არც სხვა მის მიმდევრებს არ ჰქონდეთ წაკითხული ბატონ ივანე ჯავახიშვილის ის წიგნი სადაც ავტორი ამბობს : „ კოლხიდის მოსახლეობა მეგრულლაზურ შტოს ეკუთვნოდა. პლინიუსი ამბობს: “ზღვის პირას ჰენიოხები (რომელთაც იგი სანების ანუ ზანთა ტომადა სთვლის _ გენს შანნორუმ Hენიოცჰორუმ), ამპრევტები (Aმპრეუტაე), ლაზები… და შემდეგ კოლხების ტომები ცხოვრობენო” (Nატურ. Hისტორია ლიდ V, &11). პტოლომეს სიტყვით ზღვის პირას კოლხიდაში ლაზები ცხოვრობდნენ, იმათ ზემოდ მეგრელები (მაგრალოი) და ეგრისში მოსახლე ტომებიო (Gეოგრ. ლიდ. III. ცაპ. IX, 5). პირველ საუკუნეს ქრ.წ. შემდეგ კოლხიდაში ლაზებისა და მეგრელების ტომები ცხოვრობდნენ; ძველად, როოგორც ეტყობა, უპირატესობა და ძალა კოლხების ხელში ყოფილა, _ ეს იქიდანა ჩანს, რომ მათ მთელ ამ ქვეყანას თავისი ტომის სახელი _ კოლხიდა _ მიანიჭეს; მერე ლაზები გაძლიერებულან და ამავე ქვეყანას ლაზიკა დაერქვა.

პლინიუსისა და პტოლემეს ცნობები ამტკიცებენ რომ კოლხიდაში მხოლოდ მეგრულ-ლაზურ შტოს წარმომადგენელი ტომები ცხოვრობდნენ, მაგრამ ამას ცოტაარ იყოს ის გარემოება არღვევს, რომ ეხლა იმ ადგილებში, სახელდობრ გურიასა და იმერეთში მეგრული-კი არა, ქართულია გაბატონებული. გურულები და იმერლები მეგრელ-ლაზების მიწა-წყლის შიგ შუა გულში არიან შეჭრილი და მეგრელებსა და ლაზებს ერთმანეთისაგან აშორებენ. ამის მიუხედავად ჩვენი ზემოაღნიშნული დასკვნა იმის შესახებ, რომ თავდაპირველად მთელ კოლხიდის მიწა-წყალი მხოლოდ მეგრელ-ლაზებს ეკუთვნოდათ, მაინც შეურყეველი რჩება იმიტომ, რომ გურიის საგეოგრაფიო სახელების დაკვირვება გვიმტკიცებს, რომ იმ ადგილას,სადაც ეხლა გურულები ცხოვრობენ, წინად მეგრულად მოსაუბრე ტომი უნდა სახლებულიყო; ბევრ სოფლებისა და მდინარეების სახელების მნიშვნელობის ახსნა მხოლოდ მეგრულის საშუალებით შეიძლება, ან არადა, მაგალითად: ჯიხანჯირი (ჯიხა-ციხე), ჯუმათი, ჭყონგვარი (ჭყონი _მუხა {რკონ}), მდინ. ოჩხამური (ო+ჩხოამური,ჩხომი _ თევზი,როგორც ო-კალმახე (А.Ца-гарели Этюды. II, 71), ო-ჭილაური(ო+ჭილა+ური= საჭილავო , ჭყვიში, ჭყვიშაური, ჭანიეთი, მდ. გუბაზეული, მდინარე კინტრიში, ონჭიკეთი და სხვა. ამგვარსახელების დარქმევა მთებისა და მდინარეებისათვის ცხადია მხოლოდ მეგრულ-ლაზურ შტოს ტომებს შეეძლოთ, მაშასადამე ძირითადი და თავდაპირველიმოსახლეობა გურიაში მეგრელებისა უნდა ყოფილიყო. მაგრამ მარტო გურიაში-კი არა. ეხლა ცხენის წყალი მეგრულის აღმოსავლეთის სამზღვრად ითვლებს (А. Цагарели Этюды); საგეოგრაფიო სახელები კი ამტკიცებენ, რომ ამ მდინარის აღმოსავლეთითაც თავდაპირველად მეგრელებს უცხოვრიათ. მაგალითად: სოფ.ჯიხაიში (ჯიხა _ ციხე), ჩხენიში, კულაში,ნაჯიხევი (=ნაციხევს). ქუთაისის ჩრდილოეთითაც მდ. რიონის მიდამოებიც ძველად მეგრელებს უნდა სჭეროდათ; აქაც ასეთი საგეოგრაფიო სახელები გვხვდება, როგორც მაგალითად: ჯიმასვარა (ჯიმა=ძმა), ოფურჩხეთი, ვანჭეიში, ტყვიში, ნაკოროლეში, გცვერიში, სურმუში, კორენიში, ოკრიბა და სხვა. თვით პლინიუსი ამბობს: რიონი მეგრელების მიწაზე დიოდაო (ღჰიონ რეგიო Eნგრიტიკე, ნატურ. ჰისტ. ლიდ VI,&11, Латищевь, Известия II, 179) ასე უნდა იყოს, შეცდომით სწერია ღჰოან რეგიო ჩეგრიტიცე). საგეოგრაფიო სახელების შესწავლა მაშასადამე უეჭველ ჰყოფს, რომ მთელი ის მიწა-წყალი, რომელიც კოლხიდის სამზღვრებს შუა იყო მოქცეული, თავდაპირველად მხოლოდ მეგრულ-ლაზურ შტოს ტომებს ეკუთვნოდა. ასე იყო, როგორც ჩანს, სტრაბონისა, პლინიუსისა და პტოლემეს თხუზულებებიდან, პირველს ორს საუკუნეში. შემდეგ, დაახლოვებით დროს განსაზღვრა ჯერჯერობით შეუძლებელია, _ ერთ-ერთი ქართველი ტომთაგანი, ან აღმოსავლეთით, ან არა და სამხრეთ აღმოსავლეთით შიგ შუაგულში შეჭრილან და მეგრელები და ლაზები ერთი-ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილ ადგილების მცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ. ამის გამო ეხლანდელი გურულები და იმერლები გაქართლელებულ მეგრელ ლაზებად უნდა ჩავთვალოთ."

რა ვქნათ ეხლა ბატონო ტარიელ , დავიჯერო დიდი ივანე ჯავახიშვილი ვერ ხვდებოდა ამ გამოკვლევაში თუ რაიმე საშიშროება იმალებოდა? ან მეგრული „დიალექტი“ რომ ყოფილიყო მაშინ , ქართულის შეთვისებას გაუსვამდა ხაზს დიდი მეცნიერი. ან იქნებ, თქვენგან დაწუნებული „ ქართიზაციის“ თეორის გასამტკიცებლად დაწერა ეს წიგნი დიდმა ისტორიკოსმა რუსული იმპერიის კარნახით.

ან „დავერევით“ ეხლა მეგრელები, გურულებსა და იმერლებს ჩვენი ტერიტორიები დაგვიბრუნეთო?, ან იქნებ სვანები შემოგვიტევენ მეგრელებს, ჭოროხს იქით მიბრძანდით ბატონო, ჩვენ ვსახლობდით აქ , 200.000 არმია რომ გვყავდა მაშინო / ეჰ, ნეტავი მართლა ჰყოლოდათ იმ დროს სვანებს მაგხელა არმია, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა დღეს /.

ციფრებზე ერთი ანეკდოტი გამახსენდა: “ მეგრელს ჰკითხეს რამდენი ხართ სულო? და 3 მილიონი ბატონო-ო უპასუხა. ეგ როგორო ? – “1 მილიონი მეგრელები ვართ, 1 მილიონს გვარი აქვს მეგრული და 1 მილიონს დედა ჰყავს პატონი მაგრალი“-ო. იმედია ამ ხუმრობის გამო „სეპარატიზაციასთან“ ერთად „ მეგრელიზაციასაც „ არ დამაბრალებს ბატონი ფუტკარაძე, თორემ მომიწევს სამუდამოდ გერმანიაში დარჩენა! ფუტკარაძის ციტატა “ ენისა და კილოს გამიჯვნის პრობლემურ თემაზე სატელევიზიო შოუ კარგ შედეგს არ მოიტანს ქვეყნისთვის; ეს სამეცნიერო აუდიტორიის თემაა „ – რომ წერს ბატონი ფუტკარაძე , მაშინ ასე ვკითხავ – 2007 წელს არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტში რომ ჩატარდა სამეცნიერო განხილვა მიტროპოლიტ ანანიას მონაწილეობით , მაშინ რატომ არ მიბრძანდა არცერთი ამ სამეულისგან – ფუტკარაძე/გვანცელაძე /ტაბიძე . მარტო ეს მცირედი ამონარიდი აწ გარდაცვლილი პროფესორ მიხელ ქურდიანის გამოსვლიდან, რომლითაც მან გამოხატა თავისი გულისტკივილი და თხოვა მეუფე ანანიას აერიდებინა როგორმე ქართული საზოგადოებისთვის ამ ენათმეცნიერული საკითხის ინსტიტუციონალიზაცია, საკმარისია იმ სულისკვეთების დასანახად, რომელიც ამ განხილვაზე სუფევდა :

„…..რას ეძახიან სვანები თავის ენას -„ ლუშნუ ნინ“ ანუ სვანური ენა ( დიახ, ენა და არა დიალექტი). რას ეძახიან მეგრელები და ლაზები თავის ენას – „მარგალური ნინა“ და „ლაზური ნენა ( ისევ ენა და არა დიალექტი). თუ მათ ქართველობას ეს პატუა ენები ხელს არ უშლიდა ამ 2300 წლის განმავლობაში, ახლა დავიქცევით, ახლა დაბრკოლდებიან ?.

კარგი, ვთქვათ , ზანური ( მეგრულ-ლაზური) და სვანური უსინდისოდ ( მეცნიერულ სინდისიერებას ვგულისხმობ ) გამოვაცხადეთ დიალექტებად, რა ვუყოთ წოვა-თუშურს, ის ხომ წარმოშობით ქართველური ენა არ არის- ნახურ ენათა ჯგუფს ეკუთვნის, ისიც ქართულის დიალექტად გამოვაცხადოთ, თუ ზეზვა გაფრინდაულის ტომს ვუთხრათ: ქართველები არ ხართ, რაკი თქვენი ენა ქართულის დიალექტი არ არისო? მაგრამ მავანნი ამაზე არ ფიქრობენ, მათი მიზანი საკუთარი ამბიციების ეკლესიის ხარჯზე დაკმაყოფილებაა.

მე არ მჯერა რომ სიცრუე გადაარჩენს ჩვენს ერს, ენას და სახელმწიფოს, რადგან ჩვენ ღვთის ხალხი ვართ, სიცრუის მამა კი სატანაა…….თუ ჩემზე მიდგება საქმე , მე მირჩევნია დიდ ქართველ მეცნიერებთან: ალექსანდრე ცაგარელთან, ნიკო მართან, ივანე ჯავახიშვილთან, იოსებ ყიფშიძესთან,აკაკი შანიძესთან, გიორგი ახვლედიანთან, არნოლს ჩიქობავასთან,ვარლამ თოფურიასთან, გიორგი როგავასთან, ქეთევან ლომთათიძესთან, ტოგო გუდავასთან, გივი მაჭავარიანთან, თამაზ გამყრელიძესთან, ბესიკ ჯორბენაძესთან, ავთანდილ არაბულთან და ა.შ. ერთად, საქართველოს მტრის იარლიყი მქონდეს მიკერებული, მაგრამ მართალი ვიყო უფლისა და ერის წინაშე, ვიდრე მავანივით პატრიოტის სახელი დავიჩემო და საქმით ვუმტრო საქართველოს„

არ გაითვალისწინა სამწუხაროდ მეუფე ანანიამ არც ბატონი მიხეილის, არც იქ მყოფი სხვა ენათმეცნიერების თხოვნა და განაცხადა : ციტატა: „საეკლესიო წესია, ყველა ენაზე უნდა იყოს წმინდა წერილი. სულიწმიდის ნება იყო, როდესაც წმიდა მოციქულები ამეტყველდნენ სხვადასხვა ენაზე, რომ ყოფილიყო მეგრული ენა ჭყონდიდელების დროს ან სვანური ენა,მაშინ იქნებოდა ნათარგმნი წმიდა წერილი ამ ენებზე […] ენათმეცნიერული კვლევა კი შეიძლება თავიდან დაიწყოს“.

კადნიერებაში იმედია არ ჩამომერთვევა, თუ შევბედავ პატივცემულ მიტროპოლიტს და ვიტყვი: ეს უკვე ლინგვისტიკაში საეკლესიო დოგმების გადმოტანის მცდელობაა და არა ენათმეცნიერული არგუმენტები. „ ჭყონდიდი, რომელ არს მეგრულითა ენითა მუხა დიდი“ – მე 12 საუკუნის ტექსტიდანაა თუ არ ვცდები. 12 საუკუნეში თუ იყო მეგრული ენა, ათასწლეულის დასაწყისში არ იყო ვითომ? ჭყონ-, ჭყონ-დიდი, ჭყონ-დარ, ჭყონ-დიდელის მიმართებებზეც, რომ აღარაფერი ვთქვა.

ნამდვილად არ მსურს საეკლესიო დოგმების განხილვა, ერთს ვიტყვი მხოლოდ: ბერძნები დღესაც მხოლოდ ბერძნულს მიიჩნევენ , ლათინურისა და ჰებრეულის გვერდით ბიბლიის ერთადერთ ჭეშმარიდ ენად და თითქმის მთელ დასავლეთ ევროპას 16 საუკუნე დასჭირდა სანამ ლათინურისგან გათავისუფლდებოდა და საკუთარი სახელმწიფოების ენებზე დაიწყებდა წირვა- ლოცვას საკუთარ ქვეყანაში. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა , რომ , ის რომ წმიდა წიგნი არ თარგმნილა მეგრულად და სვანურად იმ დროს, სულაც არ ნიშნავს ამ ენების არ არსებობას საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში. იქნებ ამ იტალიელ მისიონერსაც რუსებმა ურჩიეს 17 საუკუნეში , დაგვეხმარე მარტო არჩილ მეფეს არ დაუჯერებენ ქართველები და მეგრული როგორმე ენად მოიხსენიე შენს ნაწერებში-ო: ” Obgleich die Mengrelische Sprache eine eigene Sprache ist, führen sie ihre Kirchdienste auf georgisch durch, genau wie die Europäer Latein als Ihre Religionssprache betrachten” – Don Giuseppe Giudice

ბატონო დავით,
გამიგრძელდა ცოტათი სიტყვა, მაგრამ ნამდვილად მტკივნეული გახადეს ბატონმა ფუტკარაძემ და მისმა მიმდევრებმა ეს საკითხი. გამიგია სადღაც : ბავშვს არ უნდა ჰკითხო სერიოზულად- დედა უფრო გიყვარს თუ მამაო .ორივე მშობელია და არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენო პატარა. მეგრულიცა და ქართულიც ორივე მშობლიური ენაა ჩემთვის და სამეგრელოს სხვა შვილებისთვისაც და ფუტკარაძე კი ჩაგვჯინებია: ან ერთი აირჩიე ან მეორე-ო. ფუტკარაძე და მის მიმდევრებს კი არა, მსოფლიოს ყველა ლინგვისტს რომ გადაუტრიალდეს ხვალ ჭკუა და თქვას მეგრული დიალექტიაო- ამით მეგრული მაინც ვერ გახდება დიალექტი.

ფუტკარაძისა და მისი მიმდევრების ჯინაზე ვიმღერებთ კიდევაც იმაზე მეტს, ვიდრე გვიმღერია, ვიკვლევთ კიდევაც იმაზე მეტს ვიდრე გვიკვლევია, დავწერთ კიდევაც იმაზე მეტს ვიდრე გვიწერია, ვთარგმნით კიდევაც იმაზე მეტს ვიდრე გვითარგმნია, დავბეჭდავთ კიდევაც იმაზე მეტს, ვიდრე გვიბეჭდია, ბავშვებს ვასწავლით იმაზე მეტს, ვიდრე გვისწავლებია და რაც მთავარია ვილაპარაკებთ კიდევაც იმაზე მეტს მეგრულად, ვიდრე გვილაპარაკია და ამას გავაკთებთ არა იმიტომ, რომ „სეპარატიზმი“ თუ რაღაც ჯანდაბა-ოხრობა გვამოძრავებს, არამედ იმიტომ რომ მხოლოდ ასე შეიძლება გადარჩეს ეს ენა , 21 საუკუნეში- საუკუნეში , რომელსაც მეცნიერები „ ენების გაქრობის საუკუნეს“ უწოდებენ .

მშობლიურ- აქამდე მართლაც ზეპირად მოტანილ ენაზე-, სიმღერა, წერა , ბეჭდვა , თარგმნა / ბიბლიის თარგმნას არ ვგულისხმობ/ , ამ ენის სწავლა / და არა ამ ენაზე სწავლება / სეპარატიზმის გამოვლინება და ქვეყნის დაშლის სურვილი კი არ გახლავთ, არამედ ამ ენის შემდგომი შენარჩუნებისა და განვითარების სურვილია. ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების აკრძალვისკენ კი არა, არწასახალისებისკენაც კი არის მიმართული ასხამს ჩვენი მტრების წისქვილზე წყალს და არა მეგრულ-ლაზურ- სვანურის ენებად არსებობა.

მინდა ხაზი გავუსვა: ის რომ მაგ. მეგრული დღეს საფრთხის წინაშე დგას , იმიტომ კი არა არის, რომ ქართული სახელმწიფო ან საზოგადოება მიზანმიმართულად გადაშენებას თუ გაქრობას უპირებს / bedrohte Sprachen / endangered Languages / ეს არის ბუნებრივი პროცესი , რომელიც გლობალიზაციის თანმდევია და თუ რატომ ამის განმარტებას ახლა ვერ შევუდგები.

ერთი , გნებავთ 100 იყოს, ადამიანი თუ აყვირდა ზუგდიდში, სკოლები, უნივერსიტეტები, სასამართლოები და ა.შ. გამიხსენით სამეგრელოში მეგრულ ენაზეო, ამის გამო რა მთელი სამეგრელოს მოსახლეობა და მეგრულად მოლაპარაკენი უნდა გამოვაცხადოთ სეპარატისტებად?

წინა საუკუნის 30-იან წლებში, როცა იმპერიას მართლა ჰქონდა ყველა ბერკეტები, რათა გაეხადა მეგრული ენა სწავლების და ღვთისმსახურების ენად, რა ბატონმა ფუტკარაძე/გვანძელაძემ გადაგვარჩინა მაშინ ? მარტო კ.გამსახურდია, თ.სახოკია და სხვა სასულიერო თუ საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგობა შეუშლიდა ხელს რუსებს თავიანთი საქმეების გატარებაში, სამეგრელოს მოსახლეობასაც რომ არ გაეწია წინააღმდეგობა. სხვათაშორის ფუტკარაძე-გვანცელაძე ხშირად იმოწმებენ კ.გამსახურდიასა და თ.სახოკიას მაგ თემაზე დაწერილ წერილებს და როგორც ჩვევიათ ხოლმე მერე თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ, ნახეთ ორივე არ თვლიდა მეგრულს ენადო. ასევე ხშირად იშველიებენ ისინი ბატონ ზვიად გამსახურდიას ერთ სტატიას, რომელშიც ზემოთ აღნიშნული მოვლენების ისტორიული რაკურსია მოცემული და 90- წლებში კარსმომდგარ სირთულეებს შეეხებოდა და არა ქართველური ენების კლასიფიკაციას , თუმცა იმ სტატიის ამ ნაწყვეტის განხილვას გაურბიან : „დღევანდელ მეცნიერებაში გარკვეულია, რომ თანამედროვე ქართული და მეგრული წარმოადგენენ ერთი საერთო პროტოქართული (მარის ტერმინოლოგიით ე.წ. იაფეტური) ფუძე-ენის ორ განშტოებას, რომელთაგან ერთი (ქართული) გახდა სამწიგნობრო ენა, ხოლო მეორე (მეგრული) შემორჩა დასავლეთ საქართველოში, როგორც ხალხის სალაპარაკო ენა … “.

ამ განშტოებებს გულისხმობდა მისი უწმინდესობაც თავიდან, ეს მერე ფუტ- ლინგვისტებმა ირბინეს საპატრიარქოში მეუფე ანანიას დახმარებით და განავრცეს, უფრო სწორად ერთ შტოდ გადააქციეს ის მუხა, რომელიც სამი ძლიერი შტოსგან შედგებოდა, მერე მეგრულ-ლაზურ-სვანური ფოთლები დაკიდეს ზედ და ახლა იმასაც ამტკიცებენ ერთ-ტოტიანი მუხა უფრო ძლიერია, უფრო გაუძლებს ახლანდელ გამოწვევებს და ვერც ფოთლებს მოაშორებს ვინმე ასე იოლად-ო. სანამ ამ წერილს დავასრულებდი ბატონმა ფუტკარაძემ სტატია დადო Scrid-ზე რომელიც იწყება სათაურით : raca gmertsa… Uploaded by: Tariel Putkaradze უკვე სათაურშივე მოახდინა ინსტიტუციონალიზაცია.არ გამიხსნია ,ვიცი ეს წერილი მეორე ამდენი გამომივა.

მისი სამწერტილის გაგრძელებით კი დავასრულებ:

. . . არა სწადდეს,
არა საქმე არ იქნების,
ანანიას მოთხოვნებით
ვერც კვლევები დაიწყების,
ფუტკარაძის ნაწერები
მხოლოდ ჩვენს მტრებს წაადგების-
მეგრულ-ლაზურ და სვანური
დიალექტად ვერ იქმნების.
ეგ „ნაშრომნი“ – „ფუტ-ლინგვისტებს“
შავ ლაქებად დააჩნდების.
„შერ-რე“ ,“ ნაჭყ-ხორ“, „გუჯ-დადიას“,
„დიალექტზე“ ემღერების.
ჩვენ ვიმღერებთ კვლავაც „ჩელას“ ,
ნუთუ ცოდვად ჩაგვეთვლების?
გვეყო „მტრების“ იქ ძიება,
სადაც ენა მიგვიდგების,
მაგ ძახილით ჩვენს სამშობლოს,
არაფერი წაადგების.
ლაზ-მეგრელთა იბერობა-
ქართველობით დაიწყების.
„ნანაშ ნინა“ ხელს რას უშლის,
არც „ჩონგური“ დაიშლების.
ბრძენსა უთქვამს – „მოყვარესა
მტრულად ნურვინ მიუდგების“-
„შეძახილმა ხე გაახმო“ -
ამას ვითომ ვერა ვხვდებით?
საბრძოლველი სულ სხვაგან გვაქვს,
„ჩელა“ იქაც დაგვჭირდების!
ნუთუ ბნელა კვლავ ჩვენს თავში,
და აღარ-არ გათენდების!

გია ოკუჯავა
ქ.ფრანქფურტი
2011, 25 იანვარი

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen