Montag, 17. November 2014

ოხოტო (ვისაც უყვარს)

Foto: Pentti Sammallahti


დღეს ცოტა არ იყოს მოსწყინდა ოხოტოს ამ ბნელ უზარზამზარ შენობაში ჯდომა. ცოტა ხნით შეწყვიტა მუშაობა და დაფიქრდა. მერამდენე დღეა უკვე აღარც ახსოვს და როდის მოვიდა აქ პირველად. გამთენიისას უკვე ბურანშია ხოლმე, დღისით ხშირად თვალები ელულება. ცოტას თვალს მოატყუებს თუ არა, ზლაზვნით, ნელა, მაგრამ კვლავ აგრძელებს საქმეს. ერთი და იგივე, ერთი და იგივე. ღამე მაინც უფრო აქტიურად საქმიანობს, თვალიც კარგად უჭრის. აუყვება წიგნებითა და საქაღალდეებით გამოტენილ თაროებს, რომელიმეს გადმოიღებს და ფურცლავს, ფურცლავს ფურცლავს. ძველი ქაღალდების სუნი უკვე მთელ სხეულში აქვს გამჯდარი. თაროების მერამდენე რიგი გალია უკვე. არ ითვლის, უბრალოდ მიყვება დაწყებულ საქმეს. თაროები ჭერამდეა. ალბათ, ხუთი ან ექვსი მეტრი იქნება სიმაღლე. მაღლითა თაროებისთვის ლიანდაგებზე საგორავებელი ძალიან მოხერხებულად და მკვიდრად გაკეთებული კიბეა. ადვილად მისაგორებელი იმ ადგილას, სადაც რაიმეს მოძებნა გინდა. ოხოტო საქაღალდეს ჩამოიღებს ხოლმე იქვე იატაკზე ჩამოჯდება, მიეყუდება და არც ნელა და არც ჩქარა ფურცლავს, ფურცლავს, ფურცლავს. ერთი და იგივე მოძრაობები. ყველაფერი ერთი და იგივეა. მხოლოდ საქაღალდეები იცვლებიან. ხანდახან გამოდის თაროების რიგის ბოლოში და მონიტორებში არის ჩაჩერებული. ხანგამოშვებით სუნთქვას სტვენას ამოაყოლებს. ჩვევა აქვს ასეთი. დღის შუქი უკვე დიდი ხანია არ უნახავს. ზოგჯერ ყურები უთრთის, თითქოსდა გააჟრიალაო.
ამასობაში სხვადასხვა ტექნიკა გამოიმუშავა: ხანდახან გაწვება იქვე, ჩამობნელებულ თაროების რიგში და გონებაში კუნთებს ავარჯიშებს. წარმოიდგენს როგორ დარბის მწვანე მდელოზე, როგორ კაშკაშებს მზე, შემოირბენს მთელ კორომებს, ირბენს, ირბენს, ხანდახან შედგება და ჩაისუნთქვას არომატებით გაჟღენთილ ჰაერს, გაჰხედავს ჰორიზონტს, მზე უკვე მთის წვერზეა. როცა ასეთი წარმოდგენებით გაივარჯიშებს კუნთებს, უბრუნდება ისევ ფურცვლას. მთელი ამ ძებნის მანძილზე ოხოტომ საკუთარი სხეული ამომწურავად შეისწავლა. შეუძლია დაიძინოს როცა უნდა, გაუნძრევლად იწვეს და კუნთები მაინც სულ ფორმაში ჰქონდეს, შეუძლია არ დალიოს, არ ჭამოს. 
როგორმე უნდა იპოვოს იმ ფურცლის ნაგლეჯი. ცნობები კი მწირია… მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ცალხაზიანი რვეულის ფურცლის ნაგლეჯი იყო. ასეთი ფურცელი შესაძლოა ბლოკნოტიდან ამოხეულიც ყოფილიყო. სიტყვების საძებნადაც გამომუშავებული აქვს მეთოდი: - ჰხედავს უსწრაფესად ფ-ს ხ-ს და მ-ს. ესასოები ქმნიან საკვანძო სიტყვებს. მაინც რამდენია ეს დაწერილი სიტყვები! მას მერე, რაც ოხოტო ამ ფურცლის ძებნას შეუდგა, განსაკუთრებით შეუყვარდა კალიგრაფიაზე დაკვირვება. ამისათვის ცაკლე რაიმე დრო არ გამოუყვია. ამდენ ფურცვლაში თავისთავად თვალი გაუვარჯიშდა. თითოეული სიტყვა და სტრიქონის განლაგება, ასოების მოყვანილობა, მათ შორის ადგილები - მთელი სამყაროა მოძრაობაში. ქალაქსაც გავს, ხმოვან ქალაქს. ასოები სიტყვებად, სიტყვები სტრიქონებად და სტრიქონები აბზაცებად. გზებსაც გავს, ხალხის თავყრილობას, თუ მათ მიმოსვლას. ზოგ ფურცელს მეტი რიტმი აქვს, ზოგს მეტი მელოდია.
ოხოტო ფურცლავს და ყოველ ფურცელზე ერთი დახედვისთანავე მაშინათვე ცოცხლდებიან სცენები. ადამიანები სხვადასხვა პოზებში, სხვადასხვა ადგილას, ამ ადამიანების თმების სუნი, კანი, ტანსაცმელი, ამინდი, სახლი, ქალაქი, ადგილი. ოხოტო უკვე მიეჩვია, ამისთვისაც უკვე გამოიმუშავა მეთოდი, რომ ეს წარმოსახული ფილმები, რომლებიც გადაფურცვლებს შორის უცებ ჩდებიან დამღლელი არ იყოს და ისინი ამ სწრაფი მონაცვლეობით ერთ მთლიან ფილმად გაატაროს. ასე უფრო ადვილი ყოფილა. ნუ, ხომ არიან ადამიანებიც, ვისაც მთელი დღე კინოების ყურება შეუძლიათ? მიუხედავად იმისა, რომ საძებნი ობიექტი დროში საკმაოდ ზუსტად არის განსაზღვრული, ოხოტომ თავიდანვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ ამ ძებნით არ შემოფარგლულიყოდა ეტომოლოგიის დასაგდენად თავიდანვე გლობალურად შედგომოდა საქმეს. მისი ლოგიკა მარტივია, - რომც ეპოვა ორიგინალი, განა ესაა საკმარისი? თუ კვლევაა და ცოდნაა, ცოდნა იყოს! აუცილებელია ყველაფერის გადასინჯვა, რომ ასეთი სტრიქონების წარმოშობა ნათელი გახდეს. საიდან გაჩდნენ ისინი ამ თემაში? ფურცვლის დროს კალეიდოსკოპური სცენების ცვლა წარმოსახვაში მაინც ვერ ფარავდა საძებნი ფურცლის გარემოებების წარმოდგენას. ფურცელი კარებში იყო დატოვებული. ნეტა, მოკეცილი და კარების ღრიჭოში გარჭმული? და სადარბაზო? ალბათ სადარბაზო უნდა ყოფილიყო. ოხოტოს სიგრილის შეგრძნებამ დაუარა. სართული? დილით თუ საღამოს? 

ძებნის გეოგრაფია დიდიხანია უკვე გასცდა მცირე აზიასა და ევროპას. შანსები ფაქტიურად მიზერულია. მაგრამ რა იცი, რა არ ხდება სამყაროში… ჯერჯერობით მხოლოდ ანტარქტიდაა გამორიცხული. დანარჩენი მაინც რჩება ძებნის არეალად. მაგრამ იქნება აქაა სწორედ შეცდომა? იქნებ, არ უნდა გამოირიცხოს ანტარქტიდა? ხომ შეიძლება, რომ მას ჯიბეში ჩაედო ეს ფურცელი ან ვინმეს თან გაეყოლებინა შემთხვევით და შემდეგ ანტარქტიკაში აღმოჩენილიყო? ეს ალბათობა ძალიან, ძალიან მცირეა, მაგრამ გამორიცხულიც არ შეიძლება რომ იყოს. ოხოტო ფიქრობს. თავი ოდნავ გვერდით აქვს გადაწეული. მიყუდებული თაროს ნახევრად ბნელ რიგში ცოტა ხანი შეაჩერა ფურცვლა. ცოტა ხანი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო, დღევანდელი დღე არ შეეცვალა და ისევ აქ გაეგრძელებინა ძებნა, სადაც იყო. აი ხვალ კი, ანტრაქტიდის განყოფილებაში გადაინაცვლებდა და იქ დაათვალიერებდა. ლოგიკურიცაა, რატომ აქამდე არ იფიქრა, - აქ ხომ იმდენი მასალაც არ იქნებოდა გადასარჩევი და ძებნაში ცოტაოდენი სიცხადეც გაჩდებოდა. 

ოხოტოს ძებნა ორთემიანია. მეორე თემისთვის შაბათ-კვირა აქვს გამოყოფილი. ეს მეორე თემა სრულიად უინტერესოა, თუმცა ხანდახან ძალიან სასაცილო! თუ ასეთი რამ შეხვდა, ოხოტო თავშეუკავებლად ხმამაღლა, ცოტა სტვენანარევი ხმით გადაიხარხარებს ხოლმე. ასეთ დროს ცდილობს საკუთარ ხმას ყური არ დაუგდოს, ეს სხვათაშორის ცოტა არ იყოს საშიშია. უკვე ჰქონდა ასეთი შემთხვევა, რომ არ იფრთხილა და საკუთარი ხმის ყურის მიგდებით, საკმაოდ დაკარგა ბალანსი. ასეთი ლაფსუსების და სისუსტეების დაშვების ფუფუნება კი მას არ აქვს!
ისეთ საქაღალდეებსა დატომებს, როგორიცაა Lagomorpha, Leporidae, ფორმა-Y, caecotrophie ფანტასტიური სისწრაფით გადაფურცლავს ხოლმე, მსგავსი ტუტუცობებისთვის დროის კარგვა სისულელეა რასაკვირველია. უკვე შეგუებულია, რომ კიდევ რაღაცა პერიოდი ადამიანები მაინც ვერ შეელევიან მსგავს ე.წ. კლასიფიკაციებს და გაუთავებელ დახასიათებებს. რამე მაინც ესმოდეთ…!  ეს ყველაფერი უფრო მსუბუქი სამუშაოა და ამიტომ შაბათ-კვირეები, როგორც წესი სწრაფად გადის. ამ დროს ხანდახან შენობის მეორე ბოლოშიც გადაირბენს ხოლმე მარდად აუცილებელი და საჭირო ე.წ. ბიოლოგიური მოთხოვნილებების გამო. ამ დროს შეგრძნებაა, თითქოს მთელ პლანეტას შემოუარაო და სულმოუთქმენლად ისევ თაროების რიგებში მოირბენს ხოლმე.

მთელი ამ ხნის მანძილზე ყოფილა შემთხვევები, რომ ვინმე ადამიანი შემოვა და ისიც რაღაცეებს ეძებს ხოლმე თაროებზე. ოხოტოს არავინ არ გამოლაპარაკებია. თითქოს ვერც ხედავენო. ოხოტომ უკვე შეამჩნია, რომ ყველა მათგანი მისგან განსხვავებული თემით იყო დაკავებული და ამდენად მაინდამაინც ერთმანეთთან შეხება არ უწევთ. შაბათ-კვირას, სადაც ოხოტო მუშაობს, იქ კი სუნითაც იგრძნობს ხოლმე, რომ მანამდე სხვადასხვანი ყოფილან ამადგილას, ზოგი ამ შაბათ-კვირის დღეებშიც შეხვედრია მას, მაგრამ ეს ყველაფერი ასე თუ ისე ასატანი იყო. თავიდან ინტერესით ხვდებოდა ხოლმე, როცა ვინმეს დაინახავდა თაროების რიგებში, თავისი დიდი და კრიალა თვალებით დააცქერდებოდა ინტერესით, ულვაში უტოკავდა, ამ დროს დაფურცვლასაც შეანელებდა ხოლმე. ახლა საერთოდაც აღარ აინტერესებს ოხოტოს ამ ადამიანების ძებნის საგნები. მისთვის გაუგებარი იყო, მათი ძებნის მეთოდოლოგია. თუ იმას ეძებდნენ, ამას რატომ არ ეძებდნენ?


///////////////
ოხოტო ეძებს წერილს.  დაწერილი ცალხაზიანი რვეულის თუ ბლოკნოტის ფურცელზე. წერილის მთელი სიზუსტით აღდგენა შეუძლებელია. შედგებოდა სამი ან ოთხი სტრიქონისაგან. წერილი დატოვებული იქნა კარებში გარჭმული. ის ადრესატმა ნახა და წაიკითხა. შინაარსი ეხებოდა ფეხმარდ კურდღელს, რომელსაც ჩაუქროლავს. ეს ერთადერთი წერილია დედამიწაზე, (დატოვებული კარებში) რომელიც მხოლოდ ფეხმარდ კურდღელს ეხება. ამიტომ მისი პოვნა ფეხმარდი კურდღლებისათვის მნიშვნელოვანია. ხომ არ იცის ვინმემ?

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen