დაიბეჭდა გაზეთ "კახეთის ხმაში"
ბოლო დროს საქართველოს ინტერნეტსივრცეში ვრცელდება სხვადასხვა სტატიები, ვიდეოები, რომლებიც ევროპის დისკრედიტაციას ემსახურება. განსაკუთრებით თვალში საცემია სკოლებში (უმეტესად ეს გერმანიას ეხება) სქესობრივი მომწიფებისათვის ბავშვების მომზადების კრიტიკა, იმ სრულიად არასწორი ინფორმაციების გავრცელებით, რომელიც როგორც ჩანს რუსეთის გავლით საქართველოში შემოდის. საქართველოში ამ მასალას შემაშფოთებლად ინტენსიური “განხილვები” სდევს თან. უცნაურია, რომ ეს აქტიური “კრიტიკოსები”, რომლებიც მრავალ საათს ხარჯავენ მსგავსი დემაგოგიის გასავრცელებლად, არც ერთხელ არ დაინტერესდებიან ინტერნეტში ყველგან ხელმისაწვდომი ინფორმაციების გადახედვით, თუ რა მასალაა დამტკიცებული გერმანიის სკოლებში მსგავსი გაკვეთილის ჩასატარებლად. ამ ვიდეოების კომენტირებისას ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობს და თავიან აღშფოთებებს გამოხატავენ. ეს სავალალოა, თუმცა უფრო უარესად მეჩვენება ამ პროპაგანდაში იმ ადამიანების მონაწილეობა, ვინც პოლიტიკური ორიენტაციის დისკრედიტაციით უნდა იყვნენ დაკავებულნი. ამდენად, ვფიქრობ რომ ეს ეთნო-ორთოდოქსიის მარწუხებში მოქცეული ადამიანების კომენტირების ფარგლებს სცილდება და მსგავსი მასალის ასეთი სიმრავლით გამოჩენა პროპაგირებული ევროაზიული პოლიტიკის კონტექსტში ექცევა.
ინტერნეტში მცირე ძებნის შემდეგ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ვიდეო ერთი და იგივე კადრებს შეიცავს, რომლებსაც ასევე მოკლე ძებნის შემდეგ მივყევართ ინტერნეტ პორტალთან სახელწოდებით,- Medien Klagemauer TV. ეს გვერდი რეგისტრირებული შვეიცარიაში და 27 ენაზე მაუწყებლობს. შინაარსი ერთი თვალის გადავლებით ქართული “ასავალ-დასავალის” იდენტურია. პრორუსული ქვეტექსტი ადვილად იკითხება. თავად ხსენებული სიუჟეტი, თუ როგორი ამორალური მეთოდითა და დაძალებით ხდება გერმანიის სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილის ამ ნაწილის ჩატარება, რომელსაც დაპატიმრებებიც კი მოჰყვება, - ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუმცა, ჩემი კომპეტენცია არაა, ამ სიუჟეტის ნამდვილობის შეფასება.
საქართველოს უახლესი ისტორიის ჭრილობები და იმედგაცრუებები ვეროპის მიმართ არ უნდა იწვევდეს საქართველოს საზოგადოების იმ ნიჰილიზმსა და დაბნეულობას, რომელიც მას ევროპულობაზე უარს ათქმევინებდეს.
სავალალოა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებადაკარგული აზროვნების მდგომარეობა, რომელიც საბჭოთა “კეთილდღეობის” ჩარჩოებს დღემდე ვერ სცდება. ან, რუსეთის კრიტიკა, რომელსაც ქართველი ინტელექტუალების გარკვეული ნაწილი მისდევს, ხელსაყრელია რა ქართულ სივრცეში ეტაბლირებისათვის, სრულიად ახშობს საქართველოში თანამედროვე ცნობიერებისათვის საჭირო მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობებს. ეს უკანასკნელი გამორიცხავს იმ საინტერესო მიმდინარეობების გააზრებას, რომელიც რუსულ სივრცეში არსებობს. საქართველოს აქაც ინტენსიურად უნდა ეძებნა თავისთვის საარსებო იმპულსები, რომელიც მრავალფეროვანი ცოდნით გამდიდრებული რუსეთისათვის უკან უნდა შეეთავაზებინა. საამისოდ საქართველოს სულიერი რესურსი გააჩნია. საქართველოს მსგავსი მიდგომა ევროპული ჰუმანისტური თვალსაზრისით სერიოზული განაცხადი იქნებოდა.
ეს ორივე დამოკიდებულება წარმოდგენილია რა ე.წ. “ცნობადი სახეებით”, ფარავს საქართველოს მთლიან სადისკუსიო სივრცეს. სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით ძვირფასია ის პატარა ნიშა, რომელსაც თელავის უნივერსიტეტი გვთავაზობს, თავისი ახლად დაარსებული “ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციითა” და მათ მიერ ორგანიზირებული შეხვედრებით. ამ დროს კიდევაც ფიქრობ, რომ იქნებ სჯობს იყოს ეს წამოწყება შეუმჩნეველი გარედან, რომ მან სიჯანსაღის შენარჩუნება შეძლოს.
ამ ვიდეოებით მავანი ვითომ გლობალიზაციას ამოფარებული ცდილობს დაბნეული ქართული საზოგადოების მანიპულირებას. ჩვენი პატარა ფორმატის ფარგლებში მხოლოდ ავღნიშნავ, რომ გლობალიზაცია, საქართველოს ადგილის განსაზღვრა, სრულიად სხვა დისკურსია, ვიდრე პოლიტიკური ევროაზიული პროპაგანდა.
„მთვარეზე მყოფნი ჩვენ ვერაფერს შევიტყობთ. ვერაფერს შევიტყობთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. უნდა მივხვდეთ რა არის მართლა მნიშვნელოვანი, სხვაგვარად დაღუპულნი ვართ“.
ალფრედ ვებერი
მარიკა ლაფაური 16.02.2014
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen