მარიკა ლაფაური
“ნოდარ” - დავუძახებდი და სანამ გამოვიდოდა ნოდარის ძაღლები და ქათმები შემომეგებებოდნენ. ღორიც. თავად გადმომძახებდა,- “ახლავე! წყალს დავადგავ, ახლავე ჩემოვალ”.
“ნოდარ” - დავუძახებდი და სანამ გამოვიდოდა ნოდარის ძაღლები და ქათმები შემომეგებებოდნენ. ღორიც. თავად გადმომძახებდა,- “ახლავე! წყალს დავადგავ, ახლავე ჩემოვალ”.
მდუღარე წყალი მჭირდებოდა, ეს იცოდა.
თბილისის ზღვაზე ბოლოს რამოდენიმე წლის წინ ვიყავი. მანქანით მისული ჩვეულ ადგილას, მეუცხოვა იქაურობა.
ახალი, მყარი ღობე ისეთი ადგილიდან იწყებოდა, რომ ვიფიქრე, ალბათ ახლოსაც ვერ მივალ
იმ დაღმართთან, სადაც ადრე გზა ჩადიოდა. დათვალიერება აღარც მომინდა, რაიმე ახალი შენობაც
თითქოს არ ჩანდა. ახლაც არ ვიცი აქ რაიმე აშენდა თუ არა.

ის პერიოდი მახსენდება, როცა აქ ვოლიკასთან ერთად ამოვდიოდით.
ეს ერთი უცნაური ბიჭი იყო, “ნამდვილი თბილისელი”, რაც იმას გულისხმობს, რომ გაუგებარი
წარმომავლობის იყო. ერთხელ, ჩამოთვალა კიდევაც მისთვის ცნობილი საკუთარი გენების რაოდენობა.
იქ რაიმეს გარკვევა საკმაოდ რთული იყო. ამის
საჭიროებაც არ იყო. ქართული მშვენივრად და სასაცილოდაც იცოდა. მისი ეს გენეტიკური მრავალ-ფეროვნება
საფუძველი იყო იმისა, რომ არა-თბილისურად გვეხალისა: თბილისის ზღვაზე სეირნობა, ყველანაირი
სულელობების მხიარულად ჩადენა, ხრიოკ მიწაზე ყოველი ვეგეტაციისა და ქვის შემჩნევა,
ხვლიკების დევნა, პიკნიკი ჯიბის მიხედვით, ყველაფრის შემჩნევა და ყველაფერზე ხითხითი.
ამ სეირნობების შემდეგ თბილისში- “ბარში ჩასულს”, ჩემი საიდუმლოებების პატარა გუდით,
რომელსაც ვერავინ ხედავდა, ერთგვარ სიამოვნების განცდას მანიჭებდა.
მოგვიანებით, საქართველოში ჩასული, ყოველთვის ვბრუნდებოდი
ამ ადგილას. საბჭოთა დროის პომპეზური რესტორნის ნახევრად ნანგრევებში ნოდარი ცხოვრობდა.
ესეც ერთი “ნამდვილი თბილისელი” იყო. თბილისის ომის ამბებიც კარგად იცოდა და ურთიერთობებიც.
მას მერე აქ ცხოვრობდა. სიგარეტის კოლოფს თუ აუტანდი, უხაროდა. მიყვებოდა, აქ როგორ
მოხვდა, ვისთან ჰქონია საქმე… დელიკატურად მოკლე იყო ეს გასაუბრებები, მე ჩემი სითეთრ-სილურჯის
ინსცენირება მეჩქარებოდა, მას კი ასეთი რამე როგორც სჩანს კარგად ესმოდა. რამოდენიმე
სეზონი გრძელდებოდა ჩვენი ნაცნობობა. დროის ოპტიმირების მიზნით დილით დავდიოდი, რვაზე.
კალათაში ვალაგებდი მთავარ ატრიბუტს- დამასტის თეთრ სუფრას, ინგლისურ ფინჯნებს და ლამბაქებს,
ვერცხლის კოვზს, ესპრესოს და ნატურმორტისათვის საჭირო რომელიმე ფუნთუშას.
ხშირად, ჩემი მეგობრებიდან არავის არ უნდოდა წამოსვლა. მთავარი და მთელი ოსტატობა იყო ძველი მაგიდის დადგმა ჯერ კიდევ შემორჩენილ ტერასაზე, რომელიც საფეხურებად
სანაპირომდე ჩადიოდა, ისე რომ ნაგვით სავსე სანაპირო არ უნდა გამოჩენილიყო; ხედი პირდაპირ
ლურჯ წყალზე უნდა გადასულიყო. რამოდენიმე ვიზიტის შემდეგ მე და ნოდარს უკვე სინქრონიზირებული
გვქონდა ჩემი ბანაობოიდან ამოსვლა და მდუღარე წლის დახვედრება. ესპრესოს პირველი ყლუპის
ტემპერატურაზე ჰკიდია დანარჩენი მთელი დღის ბედიც. ვზივარ მთლიან ტყუილში და მართალში
ერთდროულად. ქათქათა სუფრა, თბილი ჰაერი, გემრიელი ესპრესოს არომატი, ბალახის სუნი,
დილის მზე, ცისფერი ცა, მოგზაური ღრუბლები, ლამაზი ფინჯანი. ამ ტყუილ-მართალში ჯდომის
ეს როლი იმითაა განსაკუთრებული, რომ ადგილს მიჯაჭვულია. აქ თამაშდება მხოლოდ. ამ ტყუილ-მართლის
ერთდროულობა და ერთმანეთში გარდამავლობა, ის მდგომარეობაა, რომლის აღსაწერად ბევრი
ტყუილი უნდ მოჰყვე, რომ სიმართლე გამოვიდეს. ერთი რამ ცხადია, რომ სამხრეთ ევროპის
ვერც ერთი სინამდვილე, ლაჟვარდი ცითა და ნამდვილი ლურჯი ზღვით, ნამდვილი ესპრესოთი,
ამ თვითინსცენირებულ ბუნდოვან ტყუილ-მართალს ვერ შეედრება. სადმე სხვაგან ეს წუთები
არასოდეს არ იქნება. ნამდვილ ლურჯ ზღვაზე, სადმე ტერასაზე იქნებ და იქ თეთრი კი არა,
რაიმე ფერადი სუფრა იყოს გადაფარებული?
აქ კი, თან არაფერი არ ხდება და თან ყველაფერიც ხდება. სხვადასხვა
დაწერილი სტრიქონები, წიგნებიდან, გაზეთებიდან, ჟურნალებიდან აქ, ამ თბილ ჰაერთან ერთად
ჩამოუბერავენ, ნიავს ეს სხვადასხვა ზომის სტრიქონების მწკრივები იქეთ -აქეთ მიაქვს, შენს გარშემო
დაფრინავენ, ფარფატებენ და ცეკვავენ თითქოს, სხვადასხვა ფორმებს ღებულობენ, მზისა და
ცის, ხის ტოტების, მიწისა და ბალახის ფონზე. საითაც არ გაიხედავ. ზოგი ახლოს მოდის,
არც გაწუხებენ. მარტო ცოტათი მოგელამუნებიან. სევდიანები, მხიარულები, ბრაზიანები.
ერთმანეთს ხვდებიან, ზოგი ნიავთან ერთად უხვევს, ზოგი ერთმანეთში გადიან, ერთმანეთს
ხელს არ უშლიან. ამ მოძრაობაში მათი ფონებიც ხომ სულ იცვლება. ეს ძაან საყურებელია, - აი, სტრიქონი ცისა და ტოტების ფონიდან
ხრიოკ ქვებზე რომ გადადის.
დროის უდროობა დამთავრდა. მაშინაც. იქაც, აქაც. ვდგები მივდივარ.
ნოდარს ვემშვიდობები.
დელფინებისთვის
16.მარტი 2014
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen