Mittwoch, 12. März 2014

კ.ფ.ე.ბახის დაბადების 300 წლისთავი და კვლავ კულტურის პოლიტიკის შესახებ

დაიბეჭდა გაზეთ "კახეთის ხმა"-ში 
http://kakhetinews.ge/ge/voice-of-kakheti/news/kvlav-kulturis-politikis-sesaxeb

8 მარტს ჰამბურგში გამართული ღონისძიებები კარლ ფილიპ ემანუელ ბახის დაბადებიდან 300 წლისთავს მიეძღვნება. პირველი კონცერტი გაიმართება ჰამბურგის ცენტრალურ კათედრალურ წმინდა მიხეილის ტაძარში. კონცერტი საქველმოქმედოა, რომელიც ამ საიუბილეო პროექტების დაფინანსებას დაეხმარება.
კარლ ფილიპ ემანუელ  ბახი იოჰან სებასტიან ბახის მეორე შვილია და ბახის მუსიკალური დინასტიის ერთჶერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რომელიც ჰამბურგში მოღვაწეობდა. მისი ნათლია თავის დროის მეორე მნიშვნელოვანი კომპოზიტორი, ასევე ჰამბურგელი გეორგ ფილიპ ტელემანი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ კარლ ფილიპ ემანუელმა ქალაქი კანტორის მოვალეობა გადაიბარა და საბოლოოდ ჰამბურგში დამკვიდრდა.კარლ ფილიპ ემანუელ  ბახის ისტორიული და ესთეტიკური როლი ეპოქების მიჯნაზე, ბაროკოდან კლასიციზმისაკენ, მნიშვნელოვანია. მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული იყვნენ ახალგაზრდა მოცარტი, დაჰაიდნი. გერმანიის სახელმწიფო სტრატეგია კულტურის პოლიტიკის მხრივ სწორედ ის ევროპული ტრადიცია და ხედვაა, რომელზეც სახელმწიფოს ფუნდამენტი ყოველდღიური ყურადღების ქვეშაა.

მიუხედავად სხვადასხვა ეკონომიკური და ჰუმანური კრიზისებისა, სახელმწიფო ხანგრძლივად სწორედ კულტურის პოლიტიკის არსებობით არის განპირობებული და გააზრებული. ეს კარგად ჩანს კარლ ფილიპ ემანუელ ბახის იუბილეს დაგეგმვისა და პროგრამის გადახედვისას. კონცეფცია ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ იქნა ჩამოყალიბებული სხვადასხვა პროექტების, აკადემიური კვლევებისა და გამოცემების, საფესტივალო პროგრამების სახით. ეს ყველაფერი საბოლოოდ სპეციალურად მუზეუმის აშენებით და მისი გახსნით დასრულდება.
 
საქართველოში ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაა. სტატიებში არაერთხელ მივუთითებდით, რომ ისტორიული თარიღები, იუბილეები  სხვადასხვა საჯარო ღონისძიებებით ყველა ძალისხმევით გამოყენებული უნდა იქნეს სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კვლევებისათვის. ეს უნდა იყოს საქართველოს კულტურის პოლიტიკის ერთჶერთი მთავარი სამუშაო. რომლის კონციპირება წესით არც რაიმე დიდ პრობლემას უნდა წარმოადგენდეს. სამწუხაროა, რომ ჩვენ რომელიმე მემორიალურ დაფასთან მდგომნი (თუ ასეთი საერთოდ არსებობს) შესაძლოა, ვერც ვხვდებოდეთ, თუ რასთან შეიძლება იყოს ამა თუ იმ მოღვაწის სახელი დაკავშირებული.
 
სწორედ კულტურის პოლიტიკა იყო ის ერთ-ერთი დამამძიმებელი პროცესი, რის შედეგადაც წინა ხელისუფლებამ ასეთი მწარე დამარცხება განიცადა. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე განაცხადა, რომ „დღევანდელ საქართველოში პრიორიტეტული ვერ იქნება კულტურა“ და მას მერე კულტურის სამინისტროს გარშემო ხმაური არ წყდება. საქართველოში კულტურა დღევანდელ დისკუსიებში „პროდუქტად“ მოიხსენიება. კულტურა არის ერთადერთი საფუძველი, რასაც უნდა დაეყრდნოს ქართული სახელმწიფოს განვითარება. მხოლოდ ამითაა შესაძლებელი საზოგადოების ჩამოყალიბების, ბანაკებად დანაწევრებული ადამიანების ცნობიერების გამაერთიანებელი იმპულსების მოძიებისათვის საჭირო ველის შექმნა. თუ ჩვენ არ გვსურს ამა თუ იმ მოვლენაზე ქართული მედიის მიერ შემოთავაზებული მდარე „სკანდალიდან სკანდალამდე“  ცხოვრება.

 
მარიკა ლაფაური
06.03.14 ჰამბურგი 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen