-აი ეგაა თუზია...
-აბა, აბა?
- აი, გაიარა, ხეებს მოეფარა.
- ის, აი ახლა, კაბა რომ ეცვა?
- ჰო, ეგა.
- გოგოა? -კითხულობს გაკვირვებული. თავად ცოტა მოგრძო ცხვირი აქვს, პრინციპში
არც დიდი არც პატარა. იმდენად დეტალურადაა აღსაწერი მისი გარეგნობა, რომ აღარ იცი რას
ეცე და ამის დამწერი ეცა ამიტომ ცხვირს. (აწი გაადვილების მიზნით „პატრონად“ ხომ არ
მოვიხსენიო, ეს ე.წ. „ავტორის ხმა“? მაინც ეგ გამოდის აქ სიტყვების მკრებავი, თორემ
სინამდვილეში ავტორი კი არა, მთელი ბუდეა! ყველაზე რთული მთელ ამ ამბავში ალბათ ეს იქნება, ე.წ. მწერლის
ტექსტი. ვინ წერს? ვინ და - მე! კი არ გავგიჟებულვარ. იციან ხოლმე მწერლებმა თავის
მოკატუნება და იმ და ამ პერსონაჟის მიღმა შეყუჟვა, ან რაიმე ამბების აღწერებისას არსებობა. სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მარტონი არ არიან. ავტორი ასეთ დროს გაორებული
კი არაა ან გამრავლებული, არამედ გრძელია! ეს სიგრძეც კი კითხვას ბადებს და გასარკვევია,
ზევიდან ქვევითაა, თუ პირიქით? თუ მაინც
ჰორიზონტალს მიჰყვება? ანდა თავადაა ეს ჰოროზონტალი? ჰა?! ამიტომაა რთული.
ამ ყველაფრისათვის შინაგანი ხმების და გაორებების დარქმევა ეტყობა მხოლოდ გაადვილების
მიზნითაა ასე გავრცელებული.)
- აი ცხვირი სწორედ არაფრით საინტერესო და გამორჩეული არ აქვს. თუმცა
არის ამ ცხვირში რაღაც ეროტიული. - აათვალიერ-ჩაათვალიერა და გადახედა „პატრონს",
- ჰა, აბა საიდან დავიწყოთ? (ეს შემკითხველი
ერთ-ერთი მოსაუბრეა ამ ასოთამკრეფი-მწერლის მხრიდან. ამ დაჯგუფებაზე ხომ ვთქვი უკვე.
იქნებ, ამას უბრალოდ „დამხმარე“ ერქვას, თორემ რაღაც ისე წავიდა საქმე, (საქმე-საქმე -საქმე. ეს ექოა. არ გაიკვირვოთ
ხოლმე, ეგეთი რამე თუ შეგხვდებათ კითხვისას. ზოგ სიტყვებს ასეთი ექო აქვთ. არც „პატრონი“
და არც „დამხმარე“ არაფერ შუაში არ არიან. ვართ.)
შესაძლოა ძალიან გართულდეს ეს პატარა ამბავი. - გააგრძელა „დამხმარემ“.
- ისედაც საკმაოდ დაბნეულობაა. სათაური წაიკითხეთ? ჰმ! დაშლილი ამბავია. რაც შეიძლება
სადად უნდა ავღწეროთ. იფიქრე სულ თუზიაზე. სხვა არაფერზე. - ეუბნება „დამხმარე“ „პატრონს“.
- ჩვენც გამოვტოვოთ რა, - ამბობს “პატრონი”.
- არ უნდა ახლა მაგის ჩავარდნილ ყბებს და ელასტიურ ფიგურას ამდენი აღწერა. ვინც მეტს
ვერაფერს წარმოიდგენს წაკითხვისას, იმათ ისედაც არაფერი ეშველებათ და ხომ არ გავავსებთ
ახლა მთელ გვერდებს ამის აღსაწერად, რომ მერე ვიღაცეებმა კარგად გაიგონ? ვერ გაიგებენ და ნუ გაიგებენ. ოდესმე ხომ უნდა ისწავლონ,
რომ თუ ვერ გაიგებენ, სწორედაც ეგაა კარგი?! კი ბატონო,- ცუდი. მოკლედ, ან კარგია, ან ცუდი, რად უნდა ამას
ბევრი გაგებები?
....დუმილი... მწერლის გარშემო დუმილია. „დამხმარემ“ რამდენიმეჯერმე პირი გააღო და ისევ დამუწა.
შარვალი ოდესღაც თეთრი უნდა ყოფილიყო და მგონი ლურჯი ზოლები უნდა ჰქონოდა.
ამოდენა „სტრეტჩის“ ეპოქაში, ცივილიზაციის განვითარების ამ „ტექსტილურ“ (ეს სიტყვა ტექსტუალურსაც კი ჰგავს, აი! ტყუილად არა,- ტყუილად არა -ტყუილად არა) მწვერვალზე,
ყველაზე თვალში საცემი მაინც ეს გახუნებული შარვალი იყო. თავზე წაკრული თავშალი, სანდლები,
ოდნავ წინ გამოწული ყბა, - ამ ყველაფერზე შეჩერება არ ღირს. – „მაინც, მე მგონი ტექსტილში
ჩანს მთელი კაცობრიობა“- სასწრაფოდ დაწერა „პატრონმა“ ეს წინადადება. „დამხმარემ“ თუმცა
კარგად შეამჩნია „პატრონის“ ეს ცუღლუტობა, მაგრამ არ შეიმჩნია, რომ საქმის (საქმის -საქმის- საქმის) მსვლლობას ხელი არ
შეშლოდა. კარგად გრძნობდა პასუხისმგებლობას
ამ დაშლილი ამბის გამო. უკვე წინასწარ უქროდა თავში სხვადასხვა ვარიანტები, აი ახლა,
თუ როგორ გაეგრძელებინათ თხრობა ისე, რომ ამ
ტილოს შარვლიანის შეკითხვა და მთელი მაგათი შემდგომი ამბების მოყოლა თუზიას გარშემო
გაგრძელებულიყო. აი აქ კი გაეჭედა. „პატრონი“ თითებმომარჯვებული ზის და ელოდება ნიშანს,
რომ გააგრძელოს ასოების დააკაკუნება. რახან მას თავიდანვე „ასოთამკრეფი“ უწოდეს მოხსნილი
აქვს მთელი რიგი პასუხიმგებლობებისა. მერე რა, რომ „პატრონიცაა“ ? ჰაჰა! აი უკვე ჩიხშია
მთელი ამბავი. არადა, მთელი ჩიხის ჩიხობა ისაა, რომ ამ ელასტიური და ტილოსშარვლიანის
სახელის თქმა ჩვენ არ გვსურს! არც „დამხმარეს“
და არც „პატრონს“! დმ დმ დმ დმ .... ჰმმმ... ნუ, გავიდა ახლა დრო... ასე ხომ არ უნდა
ვიჯდეთ?! - იყოს ასო! ერთი ასო დავწეროთ და მორჩა რა! - შესძახა „დამხმარემ“. „პატრონს“
სულაც არ ედარდება. ფიქრობს: (თავს იმართლებს-თავს
იმართლებს-თავს იმართლებს) - მკითხველმა არკვიოს. წარბებსაც ამ დროს ამ აზრის განსამტკიცებლად
ზემოთ სწვევს. - დიახაც, მკითველმა არკვიოს.
სწორედაც, თავშიც ქვა უხლია! - ამ სიტყვებისას გაფიქრებისას იქვე ჭმუხვნა ეწყება. სანამ ამას გაიფიქრებდა
და სიტყვად, (გონებაში- გონებაში-გონებაში) აქცევდა, ეს ჭმუხვნაც მანამდე დაეწყო. ზუსტად იცოდა,
რომ ასე დაეწყებოდა. ძაან ცუდს რომ ფიქრობდა (ფიქრობდა-ფიქრობდა-ფიქრობდა)
უკვე იცოდა. თავის საშველად ყველა საძაგელი მკითხველი წარმოიდგინა, ვინც კი ოდესმე
იცოდა. ამ წარმოდგენამ იქვე შეაშინა, ე მანდ, არ გარღმავდეს ეს წარმოდგენებიო და ფიქრი
არ დამეღუპოსო. (ფიქრი-ფიქრი-ფიქრი) „დამხმარე“
მთელ ამ პროცესებს უსიტყვოდ იგებს. ყველაფერი იცის რა ხდება „პატრონის“ თავს. დუმს.
ნიშანს აძლევს ხელის ოდნავი მოძრაობით, რომ „პატრონმა“ ასოების დაბეჭდვა გააგრძელოს.
- გოგოა? - იკითხა გაკვირვებულმა „ზ“-მ. (მკითხველს: გასაგებია, არა?)
- საიდან დაადგინე რომ გოგოა?
- აი, კაბა რომ ეცვა!
- მერე, კაბა ამ პლანეტაზე აუცილებლად გოგოს უნდა ეცვას? როდის მორჩებით
ამ ტრუსიკში ჭყიტინს და სქესის რკვევას?
„ზ“- ს თანამოსაუბრეს საოცარო უნარი ჰქონდა ყველაფერის ჩვეულებრივად თქმის.
ცუდის, კარგის, საშუალოსი. „ზ“-მ ეს უკვე იცოდა. ადრე თვითონაც უნდოდა ასე შეძლებოდა
და ვარჯიშობდა კიდეც საამისოდ. ერთ დღესაც ხელი
ჩაიქნია. ის კი მაინც მოახერხა, რომ საუბრისას მის თვალებს კარგად უსწორებს თვალს. ეს თვალები კი ასეთია: ძალიან დიდი!
დიდი თვალები! და ამ თვალებში რომ იყურები, სულაც არაა შენი სურვილი ან მიზანი, რომ
შიგ იყურო, მაგრამ ეს თვალები არის ასეთი,- იყურები შიგ! და აი როგორც „თაიმ მაშინეში“
ერთი თითის დაჭერით ხდება (ეს ოღონდ, ვისაც თითი გააჩნია), ხედავ კოსმოსში მოლივლივე
ფურცლებს, ხედავ სიმართლეს, სიმართლეს, სიმართლეს. (ეს ექო არაა!) ხედავ როგორ მიფრინავენ
და განლაგდებიან ერთ ხაზზე სიმართლის ფურცლები! აი ასეთი თვალები აქვს მას!
- როგორ ჩაიქროლა... - თქვა ნელა „ზ“-მ. უფრო იმიტომ რომ რაიმე ეთქვა
და ჩვეულებისამებრ ტუჩების ცმაცუნი დააყოლა ნათქვამს. ტუჩების ცმაცუნის რაღაც ასეთი ჩვევა აქვს. „პატრონის“ შენიშვნა სქესის
შესახებ პირადად არ მიუღია. საკმაოდ კულტივირებული არსებაა.
- აქ დაველოდოთ, არა? - შეეცადა ჩვეულებრივად დაესვა ეს შეკითხვა.
- მე ისედაც აქ ვაპირებ ჯდომას და თუ გინდა იყავი შენც აქ და გამოგვივა
ლოდინი. შეგვიძლია ასე დავარქვათ, სანამ თუზია მიიცუნცულ-მოიცუნცულებს. მაგან ასე იცის, შემოირბენს
ხოლმე მთელ დუნიას, ყველას ესაუბრება, ზოგს ეთამაშება, ჰაჰა! ამას წინად პირდაპირ იმათ
შეკრებაზე შეირბინა და მომხსენებელს ჩაეხუტა. - თქვა დიდთვალებამ.
- ჰო, ეს ვიცი. გავიგე ამის შესახებ. - ჩაილაპარაკა „ზ“-მ.
„სურათი ნელნელა შეშდება“ - დაწერა ეს სამი სიტყვა „პატრონმა“ და მიიღო
სახე, ვითომც აქ არაფერიო. ამჩნევს „დამხმარის“ გაჭირვებას. იცის, რომ მას ამ მომენტის
აღწერა ძალიან უნდა. მაგრამ როგორ?! ტერასა. ბაღის ნაწილი. ის ნაწილი, სადაც სკამი
დგას. ეს ორივენი სხედან და იყურებიან სხვადასხვა მხარეს. წინ ზღვა. ეგრე? ხე. გზის
პირი. ხის ძირას ეს დიდ თვალებიანი ნახევრად წამოწოლილია. „ზ“ იქვე ქვაზე ჩამომჯდარი.
უკან, ჩანს ის ბილიკი, სადაც თუზია ხეებს მიეფარა.
გზა დაღმართზე ჩადის და იქეთ ლანდშაფტი მოჩანს, როგორც რენესანსის მხატვრობაშია ხოლმე. ეგრე? ძაან რთულია. არადა რა მნიშვნელოვანი! რთული
იმიტომაა, რომ ასეთი სურათი არ არსებობს. (არ
არსებობს-არ არსებობს-არ არსებობს) არადა სურათი არსებობს! ასეთ რამეს ადამიანებს
ვერ გააგენიბებ. ეს „პატრონმა“ საუკეთესოზე საუკეთესოდ იცის. „დამხმარემ“ და „პატრონმა
ერთმანეთს უსიტყვოდ გადახედეს. მათ („ჰმ, ჰმ!“ - ჰაჰაჰა!) კი იციან, რომ სულაც არ არის
ასეთი სურათის აღწერა საჭირო. საკმარისია იცოდე, რომ ეს მომენტი არის მნიშვნელოვანი, და მორჩა!
- მოდი არ გვინდა კომპრომისები, - ეუბნება „დამხმარე“ „პატრონს“. გადავახტეთ
ამ მომენტებს. გამოვტოვოთ. - ამ დროს თან სანდომიანად იღიმის, რომ „პატრონის“ მოტივაცია
გააძლიეროს, თორემ თანხმობას არც ელის, ისედაც თანხმობაა მათ შორის.
- არაფერი „თითქოს“! წაშალე ეს სიტყვა! - ეუბნება „დამხმარე“ „პატრონს“
მტკიცედ. ნათქვამი დამთავრებულიც არ აქვს, „პატრონს“ უკვე წაშლილი აქვს ეს სიტყვა. (მკითხველს: თქვენ აღარ წაგიშლით!)
დიდთვალება ამ დროს ამჩნევს, რომ „ზ“-ს ფეხის თითებზე ფრჩხილები
ჭუჭყიანი აქვს.
-„ასეთ დროს, რომ ასეთ რამეს დაინახავ“. - მოასწრო ამ წინადადების დაწერა „პატრონმა“.
„დამხმარემ“ ზუსტად იცოდა, რომ ამ წინადადებას ეტაკებოდა და ჩააკვეხებდა.
„ენ“-რაოდენობის მართალმა ფურცლებმაც (თვალები რომ აქვს ასეთი,
„თაიმ მაშინე“, დიდთვალება..“ჰმ, ჰმ!“ ჰაჰაჰა!) იცის თავის ამბავი, რომ ყველაფერს ერთდროულად
ხედავს, მაგრამ ეს ცეკვა! თუზიასთან ერთად ყოფნა! ამ ყველაფრის განცდა! ერთად განცდა!
- რა მოსატანია აქ „ზ“-ის ძუნძგლიანი ფეხის ფრჩხილები?! მან კარგად იცის „ზ“-ს მთლიანი
და ნამდვილი სახელიც. მართლა მარტო ერთი ასო ხომ არაა? იცის, მისი ადგილიც და ა.შ.
ამის მერე რაღა უნდა გაუკვირდეს?
-ყავა ხომ არ დაგველია?- თითქმის ერთდოულად წამოიძახეს ორივემ ეს შეთავზება.
- შენ ფიქრობ საჭიროა აქ დეტალურად აღწერის გაგრძელება?
- არა, რა საჭიროა... მოკვდა რა... ჩვეულებრივად. სიკვდილის
დეტალურობა რაღაა - ამბობს „დამხმარე“ ღიმილით და თან წამოდგა.
- ხო, უბრალოდ ვიფიქრე, იქნებ რითი მოკვდა, ამის დაწერაა კიდევ
საჭირო-თქო, უფრო გასაგები რომ იყოს.
- გასაგები?! ამაზე ხომ მოვილაპარაკეთ?
-ნეილონი ურევია, - გაიფიქრა მან.
- მაინც გასაოცარია ამ არსების ეს დატეხილი და ელასტიური სხეული, ეს კი
უნდა დაგვეწერა სადმე - გაიფიქრა „ზ“-ს შემყურე „დამხმარემ“, მაგრამ რაიმეს თქმა იქვე გადაიფიქრა.
კაბის გოფრირებული რელიეფი ძალიან ლამაზი იყო. ცოტა შელანძული, მაგრამ
მაინც ძალიან ლამაზი. თუზიას მოკლე ხვეული თმების ნაწილი სახეს უფარავდა და ნაწილი
მიწაზე ერთ მხარეს ეწყო, მოქნეული ინერციით, ასე დარჩა ცალ მხარეს. ერთი ფეხი ამავე
მიმართულებით ოდნავ მოკეცილი ედო. ფეხებზე ბანჯგვლები თითქოს კაბის ტექსტილის (ტექსტუალური-ტექსტუალური-ტექსტუალური) გაგრძელებააო,
აი როგორც რომელიღაცა იაპონური მაქმანი.
„დამხმარე“ ყავის ფინჯნით ხელში „პატრონის“ ზურგთან დგას და ნაწერში იყურება.
- ლანდშაფტი და განწყობის სცენების აღწერა არაა საჭირო. -ეუბნება მას და „იაპონური მაქმანის“ ამბავს აღარც ახსენებს.
- მარტო დაწერე, თუ როგორ ნელდება სურათების მონაცვლეობა, როგორ კლებულობს ციმციმი და ა.შ. - დააბოლოვა „დამხმარემ“.
- ლანდშაფტი და განწყობის სცენების აღწერა არაა საჭირო. -ეუბნება მას და „იაპონური მაქმანის“ ამბავს აღარც ახსენებს.
- მარტო დაწერე, თუ როგორ ნელდება სურათების მონაცვლეობა, როგორ კლებულობს ციმციმი და ა.შ. - დააბოლოვა „დამხმარემ“.
„პატრონმა“ ეშმაკურად ამოჰხედა „დამხმარეს“, ისე რომ თავიც არ შემოუბრუნებია.
- რა სწრაფად მიგიბეჭდია ნათქვამიც არ დამისრულებია, ჰაჰაჰა! კარგი, მაშინ
დავასაფლავოთ თუზია და გავიდეთ მალე! ბატარეა გვაქვს საყიდელი!
სურათების მონაცვლეობის შენელებასთან ერთად საქსაფონის მელოდიების ფრაგმენტები
ისმოდა. ფრაგმენტი - პაუზა, და ისევ... ფრაგმენტი - პაუზა. კანტიკუნტად, აქ და იქ,
სხვადასხვა ადამიანების ჯგუფები ჩნდებოდნენ. ზოგი იქვე ჩაივლიდა, ერთმანეთში საუბრის
ხმებიც მათ ჩავლასთან ერთად საქსაფონის ფრამგმენტების ხმას შეერეოდა და ისევ ქრებოდა.
უცებ „ზ“ სადღაც გაქრა. ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა და ხელში საქსოფონი ეჭირა. დაკვრის
ხმა შეწყდა.
„დამხმარემ“ და „პატრონმა“ერთმანეთს გადახედეს. საოცარი შეთანხმებული
ნდობა აქვთ ერთმანეთის.
...დიდთვალებიანმა „ზ“-ს თავი დაუქნია. ჩვეულებრივად გაიღიმა. მკვდარი
თუზიას პოზა, მართლაც საქსაფონს ჰგავდა. სწორედ ამ დროს, ბორცვს ოთხნი მოუყვებოდნენ.
ერთმანეთში რაღაცას საუბრობდნენ. ერთს ცალ ხელზე ოთხი საათი ეკეთა და სქელი ოთხკუთხედი
სათვალეები. მელოტი იყო. ერთს ზურგჩანთა ეკიდა, რომელსაც ეს საათებიანი რაღაცა ცმუკვით
ელაპარაკებოდა. ერთ-ერთი მათგანი ოთხკუთხედი, ჯმუხი ტანი რომ ჰქონდა, მოკუმული ტუჩებით
საუბრობდა (?!) და შიგადაშიგ ხმაურით ამოისუნთქვადა ხოლმე, თითქოს გადაყლაპულ ჰაერს
ისეთივე ხმაურით უკან უშვებდა, როგორც ჩაყლაპა. მეოთხეს რაღაცა ფურცლები ეჭირა ხელში.
დიდთვალებიანმა მათ მიწის მიყრაში მოხმარება სთხოვა. ოთხივე, ისე რომ ერთმანეთში საუბარი
არ შეუწყვეტიათ, მიწის მიყრა დაიწყეს. დიდთვალებიანმა იქვე ერთი ცალი გვირილა მოწყვიტა
და თუზიას თმაში ჩაურჭო. „ზ“ აბუტბუტდა. დგას და ბუტბუტებს. დიდთვალებიანმა იცის კარგად
ეს ყველაფერი. ახალია თუ რა?! მმმმმზმიმმმმზმიყყმმმმმზმიმმმმზმიყყმმმმმზმიმმმმზმიყყ
მმმმმზმიმმმმზმიყყ..- ასე გაუთავებლად ბუტბუტებს „ზ“. მიწის მიყრას რომ მორჩნენ, „ზ“-მ
საქსაფონი ზედ დაადო, ცოტა მიწა კიდევ მიაყარა, რომ ინსტრუმენტი არ ჩამოცურებულიყო.
ის ოთხეული თავის დაწყებულ საუბარს აგრძელებდა. მთელი ამ ხნის მანძილზე არც შეუწყვეტიათ.
წამოდგენენ, ხელებიდან მიწა ჩამოიბერტყეს და გამომშვიდობების გარეშე გზა გააგრძელეს.
დაიშალნენ.
„პატრონმა“ და „დამხმარემ“ რამოდენიმე არეულ-დარეული დღეები გაატარეს. ხანდახან „ზ“-ს და დიდთვალებას სცენებს უწყობდნენ. საკმაოდ ბანალურს. ყველა სცენა ერთნაირად
სულერთი იყო და მხოლოდ მკითხველისათვის რომელიმეს ამორჩევა, მათთავის საკმაოდ უხალისო
იყო. საერთოდ სძულდათ დაბოლოებები, რომელიც უკვე ყველასათვის ისედაც გასაგებია, რომ
არ არსებობს. მაგრამ რას იზავ, - საქმე თხოულობს ფორმას.
...„ზ“ -ს
უამრავიდან გამოარჩევდი. შორიდანვე საცნობია მისი
რაღაცნაირად დატეხილი კონტური. კარგა ხანს შუბლს და თავს ისრესდა. მუდმივად დაღლილი, ახლა მართლაც გათანგული
გამოიყურებოდა. ხიდის კუთხეში, ჭადრების ჩრდილში ჩამოჯდა. დღის ხუთი საათი იქნებოდა.
უმისამართოდ სადღაც იყურებოდა. ჩვეულებრივი
დღე იყო. გარშემო ადამიანები, როგორც ყოველთვის, ისე მოძრაობდნენ.
ფინალის არ არსებობა ყველამ კარგად იცოდა. მხოლოდ მკითხველი რჩება ბუნდოვანებაში. გაუგებარი დაშლილი
ამბის დაშლილმა მონაწილეებმა, აქ ასე თუ ისე ერთმანეთთან და მკითხველთან ასო-ასო კავშირი
დაამყარეს. (კავშირი დაამყარეს-კავშირი-დაამყარეს-კავშირი
დაამყარეს)
„ზ“ ზლაზვნით წამოდგა ქუჩა გადაკვეთა და მარჯვნივ გადაუხვია“ – დაწერა
„პატრონმა“ წინადადება და თავაუწევლად სწრაფად ბეჭდვა გააგრძელა, - „...მან რამოდენიმე
ვიწრო ქუჩები გაიარა და პარკს მიუახლოვდა, სადაც...“ – „დამხმარე“ ღიმილით უყურებდა
თუ რა სისწრაფოდ კრეფდა ასოებს „პატრონი“. ეს სცენაც და მომენტიც რასაკვირველია ზედმიწევნით
იცოდა: პარკში დაბანაკებული ცირკის კარავი, წარმოდგენა, თუზიას საცირკო ნომერი კლოუნებთან
ერთად, დიდთვალებას ორკესტრში ტუბაზე დაკვრა, „ზ“-ს აღტაცებულ ბავშვებს შორის მაყურებელთა
რიგებში ჯდომა, ნახერხის სუნი...
ღიმილმოფენილი „დამხმარე“ შეჰყურებდა „პატრონს“ და ფიქრობდა: „კარგი,
კარგი...“ (კარგი-კარგი-კარგი) ეს ბოლო
ექოა!
18.იანვარი 2014
Keine Kommentare:
Kommentar veröffentlichen