Samstag, 11. Januar 2014

ევრაზიული ფანტაზმები ანუ სივრცის დაბრუნება


დოქტ. ფრანკ ტრემელი
ევრაზიული ფანტაზმები ანუ სივრცის დაბრუნება

წინასწარი ტუდიები საქართველოს ჰერმენევტიკული ტოპოგრაფიისათვის

თარგმანი: ლევან ბრეგაძე

`რუსეთი, რომელიც თავის პირველ, უპირატესად ფეოდალურ, ნაწილობრივ კი -ნოვგოროდში - ქალაქ-რესპუბლიკური სტადიის ხანაში თავის თავში თავისუფლების ტენდენციებს ატარებდა და ბიზანტიისგან მხოლოდ რწმენა და ეკლესია ჰქონდა გადმოღებული, „მოსკოვის გარშემო შეკავშირების“  შემდეგ კი, რაც რომ ბიზანტიური ბიუროკრატიული მმართველობა და სახელმწიფო იერარქია, ვითარცა სახელმწიფოს განმამტკიცებელი ფერმენტი, ისესხა, ევროპის უდიდესი იერარქიულ-ბიუროკრატიული მონოლითი გახდა, რომელიც ტყუილად როდი აცხადებდა თავს ბიზანტიის მემკვიდრედ ამ უკანასკნელის დაცემის შემდეგ. ყველა ძველი აღმოსავლურ-ბიუროკრატიული ტენდენცია გაგრძელდა იქ, ხოლო იქიდან გვერდით მდებარე ევროპაზეც ახდენდა ზეგავლენას“.

„ევროპა-აზია ერთიანი სხეული როდია, მონათესავე საზოგადოებრივი, ეკონომიკური და სულიერი ფორმების მქონე, არამედ უდიდესი მრავალფეროვნების შემცველი სამყაროა, სადაც არ არის აზროვნების, ენის ან ფორმის რამენაირი ერთობა; ის კი არა, აქ გვაქვს უღრმესი განსხვავებანი სულიერი გამოხატვის მიმართულების, საგანთა გონითი ფორმირებისა და პრაქტიკული სურვილის თვალსაზრისით; - ეს არის სამყარო ისტორიული კულტურის სხვადასხვაგვარი ქმნილებებისა, ნაწილობრივ გოლიათური ფორმისა და უძველესი წარმოშობის, ნაწილობრივ კი - სწრაფწარმავალი  სიცარიელისა და ცვალებადი სიახალგაზრდავის მქონენი რომ არიან“.

„ეს ხალხებიც ჭეშმარიტების გზას ადგანან, იქნებიან ისინი ჩვენსავით ძველი ფორმებიდან გამოსულნი და ახლის მაძიებელნი თუ სულაც დღეს გამოჩენილნი სცენაზე, საწყის სტადიაში მყოფნი. ისინიც ჭეშმარიტებაში იმყოფებიან, ვისაც თავისი სულიერი სათავის გახსენება ხელეწიფებათ, საიდანაც შეუძლიათ შენება განაგრძონ ძველ საერთო მშობლიურ ნიადაგზე, ევროპულ ანტიკურობაში რომ აქვს საწყისი. იქნებ მათაც ვერ მოახერხონ, თუკი სურთ ნაყოფიერნი იყვნენ, თვითგამოხატვა, რაც ლათინურობამ და ანგლოსაქსურობამ ევროპულ ნიადაგზე შეძლეს, როგორც, მეორე მხრივ, მათ, ვისი ადგილიც ჯერ კიდევ სავსებით ბუნდოვან, ბიზანტიური და აზიური ელემენტების შერევით მიღებულ რუსულ ნისლში არ არის. თუ სწორად დაიწყებენ, ისინიც შეეცდებიან, ახალგაზრდა ახალი ევროპულობა გამოჭედონ“.

„მთვარეზე მყოფნი ჩვენ ვერაფერს შევიტყობთ. ვერაფერს შევიტყობთ იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. უნდა მივხვდეთ რა არის მართლა მნიშვნელოვანი, სხვაგვარად დაღუპულნი ვართ“.
                                                                                                                                                         ალფრედ ვებერი

საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორ ათეულ წელიწადში სივრცითმა განზომილებამ არამარტო ხელახლა აღმოჩენილი გეოპოლიტიკის ჩარჩოებში, არამედ კულტურის შემსწავლელ მეცნიერებებშიც წარმოუდგენელი აღორძინება განიცადა. ახლო წარსულის სპეციალური თეორიების გვერდით ხნიერი ავტორების ხელახალი აღმოჩენაც მოხდა. ფრიდრიხ რაცელი, კარლ ჰაუსჰოფერი, კარლ შმიტი და ოსვალდ შპენგლერი - მეტ-ნაკლები დოზით - იმ ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური შეხედულების აჩრდილები აღმოჩნდნენ, რომელიც სამუელ ფ. ჰანტინგტონისა და ალექსანდრ დუგინის კონცეფციებში კვლავ აღორძინდნენ. ამ წამოწყებების სათუოობა აშკარაა და მათ დიდი დისკუსიებიც გამოიწვიეს. ნაკლებ მკაფიოა მეთოდოლოგიური და პოლიტიკური ალტერნატივების საკითხი. იმ კულტურათა უხეშად ემპირიული კარტოგრაფიის გვერდით, რომლებიც მათი საზღვრების იდენტიფიცირებას ძველი და ახალი იმპერიების საზღვრებთან დიდი სიამოვნებით ახდენენ, ვაწყდებით სივრცის ყველგანარსებულ დეკონსტრუქციებსაც, რომლებმაც უწინარეს ყოვლისა თავდაპირველი მითების კრიტიკულ ვივისექციასა და ჰიბრიდულობის აპოლოგიას მიუძღვნეს თავი. ტოპოგრაფიული ჰერმენევტიკის ნამდვილად გამძლე კონცეპტები, რომლებიც ამავდროულად პოლიტოლოგიას ვითარცა დემოკრატიის თეორიას ახალ იმპულსებს მიანიჭებდნენ, იშვიათია. საქართველოსთვის, რომელიც მუდამ ამდენ სივრცეთა გადაკვეთის ადგილას იმყოფებოდა, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის საზღვარზე თავისუფლებისთვის ბრძოლისას გამუდმებით ამდენი დესპოტური და იმპერიული სწრაფვების პირისპირ იდგა, ამგვარი კვლევა სწორედ რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია. კავკასიის რეგიონიდან არც ისე შორს მდებარე სირიის დრამა ააშკარავებს იმის საჭიროებას, რომ ცივილიზაციის თეორია სივრცის ჰერმენევტიკის დამატებით გაფართოვდეს. საქართველოს კულტურული სემანტიკა მისი სიღრმისეული ტოპოლოგიური განზომილებებითა და პოლიტიკური მიმართებებით შესაძლებელია უმალ კულტურულ-სოციოლოგიური ვითარების ანალიზით წარმოჩნდეს, რომლის საფუძვლები იმ დროს წარმოიშვა, როდესაც ევრაზიული მოძრაობა დაიბადა. ალფრედ ვებერი, ჩინებული მცოდნე ოსვალდ შპენგლერის ნაშრომისა, ჯიუტად არ ჩასჭიდებია კულტურულ მონადათა მოძღვრების სოლიფსიზმს და ამგვარად შეძლო კრიტიკულად აეთვისებინა ის, რაც შპენგლერის სიმბოლოს თეორიაში ძვირფასი იყო. ვებერმა, რომელიც 1919 წელს მიუნხენში პირისპირ ეკამათებოდა შპენგლერს, ძვირფასი ნაშრომები შექმნა კულტურის ჰუმანიტარული ტოპოლოგიის სფეროში და ამავდროულად კარლ შმიტთან და სხვებთან პოლემიკაში იდიოკრატიისა და დემოკრატიის სიძულვილის ყოველგვარი ფორმის წინააღმდეგ გაილაშქრა.

მოსალოდნელი იყო, რომ „თანამედროვე სახელმწიფო იდეის კრიზისი ევროპაში“, რაც ალფრედ ვებერმა ჯერ კიდევ 1925 წელს შენიშნა და რომელიც დღეს კვლავაც თან სდევს ევროპული გაერთიანების პროცესს, საქართველოში სახელმწიფო იდეის ძიებაზეც იქონიებდა ზემოქმედებას. საქართველოს ინტელექტუალური ელიტის უუნარობამ, ჩამოეყალიბებინა სახელმწიფოებრიობის რამდენადმე კოჰერენტული კონცეპტი, დააჩქარა ევროპისათვის ეს შინაგანი ზურგშექცევა და სავარაუდო ალტერნატივების ძიება. ქალაქელი ინტელექტუალების ახალი თაობის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში მეტი ხალისით სექსუალური რევოლუციის საკითხებზე და მოდერნიზების იმ თეორიებზე მსჯელობდა, რომლებიც ადგილობრივ ვითარებას არ შეესატყვისებოდა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოსთვის შესაფერისი ტოპოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაზე ეზრუნა. ამავდროულად გაჩნდა აგრესიული რელიგიურ-ეთნიკური ნაციონალიზმის გამომხატველი დაჯგუფებები, რომლებიც საქართველოს მომავალს ორთოდოქსული თანამეგობრობის სივრცეში ხედავენ. ქართული ცხოვრების გახანგრძლივებული აგონია, სოფლების განადგურება, განათლებული საშუალო ფენების მოსპობა, ყველა კულტურულ სფეროში სულ უფრო და უფრო გაძლიერებული ფსევდომოდერნული ნიჰილიზმი, - ეს ყოველივე წარმოქმნის სულიერ ატმოსფეროს, რომელშიც „ევრაზიული“ არჩევანი ბევრს შესაძლებელი ეჩვენება. ამისი რწმენა უწინარეს ყოვლისა მოჩვენებით სიცხადეთა ამალგამას ეფუძნება: საბჭოეთის დროინდელი არაპროდუქტიული ეკონომიკური დამოკიდებულება და თითქმის გამქრალი კულტურული მსგავსებანი ნაკლებადგამძლე შენაერთად ერწყმიან მოჩვენებითად ვარგის იდეურ კონცეპტებს, 1920-იანი/1930-იანი წლების დროინდელი რუსული ემიგრაციის აზრთა სალაროდან წამოღებულთ. მაგრამ ამ არასტაბილურ ალიანსს მომხიბვლელობის ძალა აქვს, რომლის სათანადოდ შეუფასებლობა არ ეგების: იგი (ეს ძალა) უწინარეს ყოვლისა დემოკრატული ძალების უუნარობის გამო გამძლე სახელმწიფოებრივი აზრის ფორმულირებას ცდილობს. ცივილიზაციის თეორია, რომელმაც დაკარგა თავისი კულტურულ-სივრცობრივი სიღრმითი განზომილებები, დაპირისპირებული აღმოჩნდა ოსვალდ შპენგლერისა თუ კარლ შმიტის კვლავ აღორძინებულ კულტურულ-მორფოლოგიურ და სივრცობრივ-პოლიტიკურ თვალსაზრისებთან. დაველოდოთ და ვნახოთ, თვალმისაწვდომ მომავალში აქედან გეოპოლიტიკური ხასიათის დასკვნებსაც თუ გამოიტანენ საქართველოში. რას შეიძლება ნიშნავდეს სიმბოლური ტექტონიკის ეს ძვრები ქართული Genius loci-ისათვის (1), ამას ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით დღესვე შეიძლება გაეცეს პასუხი.

სულიერი თვალსაზრისით ევრაზიული მოძრაობა რუსული ემიგრაციის პროდუქტია. მას არა აქვს ქართული ფესვები. ნიკოლაი ალექსეევმა, იაკობ სადოვსკიმ, პიოტრ სუვჩინსკიმ, ნიკოლაი ტრუბეცკოიმ, გეორგი ფლოროვსკიმ, პიოტრ სავიცკიმ, ლევ კარსავინმა და სხვებმა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შექმნეს ახალი ნაციონალ-პოლიტიკური კონცეფცია, რომელიც გადასახლებულ რუს ლიბერალთა, მემარცხენე დემოკრატთა და მონარქისტთა იდეების საპირისპიროდ რამდენადმე ანგარიშს უწევდა რევოლუციის შემდგომი სინამდვილის ზოგიერთ რეალობას, ტრადიციულ პანსლავიზმს ავითარებდა და რუსეთს კულტურულ-პოლიტიკურად შუა ან აღმოსავლეთ აზიურ სივრცეში მოიაზრებდა. ამით განსხვავდებოდნენ ევრაზიის მომხრენი რუსული რევოლუციის ანტიბოლშევიკი ოპონენტებისგან. ეს არსებითად ის მოძრაობა იყო, რომელსაც ინტელექტუალური ელიტები რუსეთის სულიერი განახლების მამოძრავებელ ძალად მიიჩნევდნენ. ამ მხრივ ისინი ემიჯნებოდნენ „ნაროდნიკებს“ (ხალხოსნებს), რომლებიც „ობშჩინის“ (სასოფლო თემის) აგრარულ-სიციალისტური აღორძინების ისტორიულ სუბიექტად უწინარეს ყოვლისა გლეხობას მიიჩნევდნენ. ევრაზიის მომხრეთა პოლიტიკური მიზანი უფრო ორთოდოქსული „იდეოკრატიის“ შექმნა იყო, რაც ერთიანი პარტიის ბატონობას გულისხმობდა, რომელსაც საზოგადოება მათი იდეების შესატყვისად უნდა გარდაექმნა. ბოლშევიკების მსგავსად, არც მათ ჰქონდათ სოციალური ფესვები გადგმული რევოლუციამდელ კლასებში, ფენებსა და გარემოში, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხოვრების ტრადიციული ფორმების საკრალიზაციას ეწეოდნენ. გარკვეული აზრით, ისინი კომუნისტური და მარქსისტული ელემენტებისაგან გაწმენდილ-გათავისუფლებულ, ეთნო-რელიგიურ ნიადაგზე დაფუძნებულ ბოლშევიზმს წარმოადგენდნენ. რუსული მესიანიზმისა და ნაციონალ-რევოლუციური მისწრაფებების ამ კავშირს ნაწილობრივ კვლავაც მოეპოვებოდა საყრდენები ისტორიულ რეალობაში. ადრეული ევრაზიული მოძრაობა სტალინიზმის აღზევების გარეშე ისეთივე ძნელად გასაგები რამ არის, როგორიც - ნეო-ევრაზიული მოძრაობა პოსტსაბჭოური კრიზისის გარეშე.

უკვე 1920 წლის სექტემბერში, იმ წელიწადს, როდესაც აზერბაიჯანის მეშვეობით საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ ზეწოლა გაძლიერდა, ბაქოში სხვადასხვა აზიური ქვეყნიდან ჩამოსული 1800 დელეგატის მონაწილეობით ჩატარდა ეგრეთ წოდებული „აღმოსავლეთის ხალხთა კონგრესი“, რომელზედაც სრულად გამოაშკარავდა რუსულ რევოლუციაში არსებული განხეთქილება. ძალიან სწრაფად გამოვლინდა, რომ არაევროპული მსოფლიოს ეს წარმომადგენლები, ყაზახები, უზბეკები და სხვ., ევროპული რევოლუციის მორჩილ ინსტრუმენტებად არ მიიჩნევდნენ თავს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი რევოლუცია და მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია შეიძლებოდა მხოლოდ მყიფე კომპრომისული ფორმულებით დაკავშირებოდა ერთმანეთს. დასავლეთის არშემდგარი რევოლუციები როგორც პრაქტიკულ, ასევე იდეოლოგიურ პრობლემას ქმნიდნენ. რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკა დაცული ზონებისა და ნედლეულის მიმწოდებლების გარეშე სიცოცხლის უუნარო იყო. აუცილებელი იყო უკრაინული ხორბალი და რკინა, კავკასიური ნავთობი და ცენტრალური აზიის ბამბა. თვითონ ლენინი ახალი ხელისუფლების ცენტრალურ ამოცანად „გოელროს“ ელექტროფიკაციის გეგმის განხორციელებასა და ამხანაგობების შექმნასთან ერთად უწინარეს ყოვლისა ნაციონალურ პოლიტიკას მიიჩნევდა. ნეპის (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის) ფარგლებში მისი მზარდი ფოკუსირება კულტურულ მუშაობაზე, ნაცვლად ფორსირებული კლასობრივი ბრძოლისა, ბოლშევიკური სისტემის პირობებში განუხორციელებლი იყო. და ეს წამოწყება ჩაიშლა მის მიერვე დამყარებული რეპრესიული პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო. ის ზუსტად ჭვრეტდა, რა საჩოთირო იყო ეროვნული საკითხი და რაოდენ ფაქიზ ალღოს მოითხოვდა იგი. მაგრამ ორივე რევოლუციის მისეული ბალანსი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული დაძაბულობის ველის პირობებში მის სიცოცხლეშივე მოიშალა. მსოფლიო რევოლუციისა და ეროვნული თავისუფლების მორიგება ბოლშევიკური სისტემის ფარგლებში შეუძლებელი იყო. ამიტომ „აზიური რესტავრაცია“, რის თაობაზეც მას გეორგ პლეხანოვი და მენშევიკები ჯერ კიდევ 1905 წელს აფრთხილებდნენ, გარდუვალი იყო. უკვე 1921 წელს ლევ ტროცკის ხელმძღვანელობით ჩახშობილ იქნა კრონშტადტელ მეზღვაურთა ამბოხი სანკტ-პეტერბურგთან და განადგურდა „მახნოვშჩინა“ უკრაინაში. იმავე წელს წითელმა არმიამ დაიპყრო საქართველო და ბოლო მოუღო სოციალ-დემოკრატების მიერ მართულ დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკას.

ისტორიულმა მარქსიზმმა თავისი მოძღვრებით ევოლუციური და რევოლუციური განვითარების შესახებ ისტორიის კულტურულ-ტოპოლოგიური განზომილება უაღრესად დააბნელა. განვითარების საფეხურები - ფეოდალიზმი-კაპიტალიზმი-სოციალიზმი/კომუნიზმი - უგულებელყოფდა სივრცობრივ და კულტურულ განსხვავებულობებს ერთიან პროცესში. ჯერ კიდევ მარქსთან, მის სახელგანთქმულ ნაშრომში „პოლიტიკური ეკონომიკის კრიტიკისათვის“ (1857-58) მოცემული განსხვავება იმ „ფორმებისა, რომლებიც წინ უსწრებენ კაპიტალისტური წარმოების წესს“, რომელთაც წარმოების „აზიური წესიც“ მიეკუთვნება, მისი ფრთხილი ვარაუდები მომავალი რუსული რევოლუციის განვითარების ალტერნატივათა თაობაზე, რომლებიც სოციალ-რევოლუციონერ ვერა ზასულიჩისადმი წერილის მონასახებში (1881) გვხვდება, უკვე მეორე ინტერნაციონალის დროისათვის სულ უფრო და უფრო უთმობენ ადგილს განვითარების ევროპოცენტრისტულ, მეტერიალისტურ-დეტერმინისტულ თეორიას იმ სახით, რა სახითაც იგი წარმოდგენილია, მაგალითად, გეორგ პლეხანოვის თხზულებაში „ისტორიის მატერიალისტური გაგების შესახებ“ (1898) ხოლო შემდეგ კარლ კაუცკის ნაშრომში „ისტორიის მატერიალისტური გაგება“ (1927). როცა მარქსი ნაშრომში „ინდოეთში ბრიტანული ბატონობის სამომავლო შედეგები“ (1853) მკაცრად აკრიტიკებდა კოლონიალიზმს და კიდევ მისი ამოსავალი თვალსაზრისი ის იყო, რომ მხოლოდ მაშინ, „როდესაც დიდი სოციალური რევოლუცია ბურჟუაზიული ეპოქის შედეგებს, მსოფლიო ბაზარსა და თანამედროვე საწარმოო ძალებს დაიმორჩილებს და მათ ყველაზე განვითარებულ ხალხთა ერთობლივ კონტროლს დაუქვემდებარებს, [...] ადამიანური პროგრესი აღარ იქნება იმ ამაზრზენი წარმართული კერპის მაგვარი, რომელსაც სურს ნექტარი მხოლოდ დამარცხებულთა თავის ქალებით შესვას“, - მისმა ამ თვალსაზრისმა მოგვიანებით დასავლეთევროპულ მუშათა მოძრაობაში ერთობ უკრიტიკოდ წარმოშვა პროგრესულ-სწორხაზოვანი ილუზიები. მაგრამ არც მარქსს უმტვრევია თავი იმაზე ფიქრით, რა უნდა გვეღონა, თუკი „ყველაზე განვითარებული ხალხები“ მის მიერ პროგნოზირებული მიმართულებით არაფერს მოიმოქმედებდნენ. და სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ რუსი რევოლუციონერები არაუგვიანეს 1920 წლისა. კულტურულ-ტოპოლოგიური პერსპექტივის უქონლობა, რაც დამახასიათებელია ცივილიზატორული სინქრონიზაციის მარქსისტული წინასწარჭვრეტისათვის, მათთვის ბოლოს და ბოლოს საბედისწერო აღმოჩნდა. ეს ნაკლი ახასიათებს დასავლეთ ევროპის მთელ ლიბერალურ-პროგრესულ ისტორიის ფილოსოფიას, რაც დღემდე თავის დაღს ასვამს მოდერნიზების მისგან გამომდინარე თეორიებს. სწორედ აქ იყო ევრაზიის მომხრეთა აქტივობის ისტორიული ადგილი.

ერთ ცალკე აღებულ ქვეყანაში სოციალიზმის აშენება“, რომლის წინაპირობებსაც ნიკოლაი ბუხარინი 1925 წელს ერთ ბროშურაში კრიტიკულად განიხილავდა, დაუძლეველი გამოცდა აღმოჩნდა. „სამხედრო კომუნიზმის“ წარუმატებლობა და განვითარების კონცეფციის არქონით გამოწვეული პრობლემები, რომლებიც სულ უფრო თვალსაჩინოდ იკვეთებოდა, ცხადყოფდნენ მთელ ამ დილემას. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მალე თვალსაჩინო გახდა თითქოსდა ერთიანი რევოლუციური ტრაექტორიის საბოლოო იდეური და პრაქტიკული კრახი. უწინარეს ყოვლისა ბუხარინის მიერ მხარდაჭერილმა ნეპმა, რომელსაც გაბატონებული პარტია ეჭვის თვალით უყურებდა, ახალი პერსპექტივები გაუხსნა რევოლუციის შემდგომდროინდელ მენშევიზმსა და მისთანათ. „გენეტიკურმა თვალთახედვამ“ (კონდრატიევი და სხვ.), რომელიც პოსტრევოლუციური ერთიანი ეკონომიკის ობიექტურ პირობებზე ორიენტირებული ინდუსტრიალიზაციის გეგმას ანიჭებდა უპირატესობას, კვალიფიციურ არაბოლშევიკ სპეციალისტებს ასპარეზი შესთავაზა კონსტრუქციული აღმშენებლობითი პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილების მისაღებად. ინდუსტრიული და სასოფლო-სამეურნეო განვითარება თანაბრად უნდა განხორციელებულიყო. ალექსანდრ ვ. ჩაიანოვმა განავითარა თავისი ნოვატორული იდეა, რომელიც გლეხური საოჯახო მეურნეობის, ანხანაგობებისა და საბაზრო ეკონომიკის ურთიერთდაკავშირებას გულისხმობდა. ხოლო „ფუნდამენტური დემოკრატიზაციის“ (კარლ მანჰაიმი), ჭეშმარიტი ფედერაციულობის ან სულაც ერთა თვითგამორკვევის საკითხები კარგა ხანი იყო, რაც აღარ ისმებოდა. ეროვნული და რელიგიური ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლა კი კვლავაც უმოწყალო სიმკაცრით გრძელდებოდა. იმავდროულად ჩამოყალიბდა საერთაშორისო ულტრაბოლშევიზმი, რომელიც ტროცკის ხელმძღვანელობით პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის, ვითარცა ყოველგვარი სოციალისტური პერსპექტივის წინაპირობის, პოზიციაზე იდგა. ეს მიმართულება სწრაფ შეუპოვარ ინდუსტრიალიზაციას მოითხოვდა. „თავდაპირველი სოციალისტური დაგროვება“ (ევგენი ა. პრეობრაჟენსკი) უწინარეს ყოვლისა აგრარული სექტორის ხარჯზე უნდა განხორციელებულიყო. იგი სოფლის მოსახლეობის სწრაფ პროლეტარიზაციასა და ურბანიზაციას ითვალისწინებდა. ეკონომიკური დაგეგმვის დარგში „ტელეოლოგიური ხედვის“ წარმომადგენლები მოითხოვდნენ, რომ ყველა რესურსი ცენტრალიზებულად დაექვემდებარებინათ ამ მიზანდასახულობებისათვის. პრეობრაჟენსკიმ, ურალის მხარის რეგიონული კომიტეტის პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა მეფის ოჯახის განადგურებაში, მართალია, 1929 წელს კავშირი გაწყვიტა ტროცკიზმთან, მაგრამ 1932 წლიდან ეკონომიკის სფეროში ხელმძღვანელი ფუნქციებით აღჭურვილმა შეძლო თავისი კონცეფციების ხორცშესხმა. 1937 წელს ისიც დიდ ტეროროს ემსხვერპლა.

გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, მიზანსწრაფულ ძალად ჩამოყალიბდა ტერორისტულ ფუნქციონერთა ბიუროკრატია რუსეთის ნახევრადაზიურ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული. ამ ალიანსის საფუძველზე მოახდინა სტალინმა თავისი „მეორე რევოლუცია“. ეროვნულ პოლიტიკას, რომელზედაც პასუხისმგებელი იყო სტალინი 1917 წლიდან, ვითარცა სახალხო კომისარი, ამ საქმეში მთავარი როლი ერგო. სოფლის მეურნეობის ძალდატანებით კოლექტივიზაციას და მძიმე მრეწველობის აღმავლობისთვის ძალთა უმკაცრეს კონცენტრაციას დაემატა ანთროპოლოგიური ტრანსფორმაცია, რომელსაც ახალი საბჭოთა ხალხი და „ჰომო სოვიეტიკუსი“ უნდა წარმოეშვა. არაუგვიანეს 1930-იანი წლების დამდეგისა ნათელი შეიქნა, რომ ნეპის პოლიტიკის წარმატებებმა ახალი ნაციონალური ელიტები წარმოშო, რომლებსაც ბელორუსიაში, შუა აზიასა და კავკასიაში სავსებით სულაც არ გაეწყვიტათ კავშირი ტრადიციულ ღირებულებებთან და „ეროვნული კომუნიზმის“ ახალი ფორმების შემუშავების გზაზე იდგნენ. სტალინმა, რომელიც ბოლშევიკთა ინტერნაციონალისტურ ილუზიებს არასოდეს იზიარებდა, იმ დროს - მას შემდეგ, რაც შიდაპარტიულ ბრძოლებში გამარჯვებული გამოვიდა - ცხოვრების ყველა ტრადიციული ფორმის ნგრევას მიჰყო ხელი. ძალდატანებითი კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია უწინარეს ყოვლისა ევრაზიულ გლეხურ საზოგადოებებში იმპერიული დისციპლინის დამყარებას ემსახურებოდა. ეროვნულ კულტურათა შემდგომი დიფერენციაცია, რაც ცივილიზაციის პროცესის თანმხლებია, ყოველმიზეზგარეშე უნდა შეჩერებულიყო. ძალადობრივი რეკვიზიციის (ქონების ჩამორთმევის) მეოხებით ხდებოდა საკვები პროდუქტების შემცირებისა და შიმშილობის გამოწვევა. მარტო უკრაინაში ამის შედეგად თითქმის 3,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. საამისოდ სტალინი ნაწილობრივ ჯერ კიდევ ცარიზმის დროიდან ცნობილ ხერხებს მიმართავდა, ნაწილობრივ კი ახალ საშუალებებსაც იყენებდა. გადასახლებებს, ეთნიკურ და ნაციონალურ სივრცეთა თვითნებურ რეორგანიზაციებს და რეპრესიულ ენობრივ პოლიტიკას დაემატა იდეოლოგიური ტერორი და ცენტრალიზებული ინდუსტრიული გეგმიური სახელმწიფოს მშენებლობა. სტალინმა შექმნა ევრაზიული იდეოკრატია, ბატონობის ბიზანტიურ-თეოკრატიული პრაქტიკა, რომელიც მესიანურ სოციალურ რელიგიასა და ინდუსტრიულ ულტრამოდერნიზმს აერთიანებდა.

ბატონობის ამ ახალი ფორმის ჩამოყალიბების საწყის ეტაბზევე საქართველო ცენტრალურ როლს თამაშობდა. საწინააღმდეგოდ კვლავ და კვლავ განმეორებული მტკიცებისა, თითქოს სტალინი თავის სამშობლოს პრივილეგირებულად ექცეოდა, ისტორიული ფაქტები სხვა სურათს წარმოგვიდგენს. პირიქით, საქართველო იქცა ახალი იმპერიის საცდელ ლაბორატორიად. მას შემდეგ, რაც 1921 წელს საქართველო წითელმა არმიამ დაიპყრო, ლენინის ინიციატივით დაიწყო სამი კავკასიური რესპუბლიკის ეკონომიკური გაერთიანების მცდელობა. გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძე, რომელიც ჯერ კიდევ 1907 წელს სტალინთან ერთად ბაქოს იატაკქვეშეთში მუშაობდა, ხოლო 1917 წლიდან უკრაინაში, ყირიმსა და ჩრდილო კავკასიაში სახელმწიფოებრიობის რეორგანიზაციისთვის ირჯებოდა, ლენინის დირექტივების განხორციელების მცდელობისას საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მხრიდან მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდა. დამოუკიდებელი მენშევიკური გლეხური რესპუბლიკის გამოცდილებები ჯერ გახუნებული არ იყო და ქართველ კომუნისტთა შედარებით მარჯვედ მოქმედი მეთაურები (ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, მიხეილ ოკუჯავა, კოტე ცინცაძე, ლადო დუმბაძე) საბჭოთა სისტემის შიგნით სუვერენიტეტის პრინციპის გაძლიერების მომხრენი იყვნენ. ამიტომ 1921 წლის ბოლოს ლენინმა ხელი აიღო თავის მიზანზე. სტალინი, რომლის გავლენა, ვითარცა გენერალური მდივნისა, სულ უფრო მატულობდა, ამ შეხლა-შემოხლაში რაც კი შეეძლო მოსკოვის ცენტრალურ კომიტეტს უჭერდა მხარს. კონფლიქტი შესამჩნევად გამწვავდა და მთელი 1922 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. რაკი ეს ამ სახის არა ერთადერთი, თუმცა კი უმძიმესი, კონფლიქტი იყო, პოლიტბიუროს თხოვნით შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა სხვა რესპუბლიკებთან რუსეთის ფედერაციის ურთიერთობათა ახლებურად რეგულირების გეგმა. კომისიას სათავეში უდგა სტალინი, ვითარცა ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი. მისი ახალი ფუნქცია - გენერალური მდივნობა - იმის შესაძლებლობასაც აძლევდა, რომ განესაზღვრა ასეთი კომისების შემადგენლობა. და მან ამ შემთხვევაშიც მოახდინა თავისი პოლიტიკური მეგობრების კოოპტაცია და თვითონ დაწერა ეგრეთ წოდებული „ავტონომიზაციის პროექტის“ რეზოლუციის ტექსტი. ეს პროექტი „დამოუკიდებელი რესპუბლიკების“ რუსეთის ფედერაციაში „ავტონომიური რესპუბლიკების“ სახით გაერთიანებას გულისხმობდა. აქ არის პრაქტიკულ-პოლიტიკური საწყისები რუსული სახელმწიფო იდეის გარდაქმნისა, რასაც შეიძლება „აზიური რესტავრაცია“ ეწოდოს. ამ იდეის განხორციელების ახალ-ახალ მცდელობებს ბოლო დრომდე ჰქონდა ადგილი.

აზერბაიჯანისა და სომხეთის ცენტრალურმა კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, ქართველები და ბელორუსები გაჯიუტდნენ. ორჯონიკიძემ ამიერკავკასიის რეგიონულ კომიტეტებზე (ზაკკრაიკომებზე) ზეწოლა გააძლიერა და პარტიაში თავისი დაწინაურება გამოიყენა, რათა საქართველოს ცენტრალური კომიტეტისთვის ბრძანებები მიეცა, რომლებიც სტალინური გეგმის განხორციელებას ისახავდნენ მიზნად. სტალინმა ბუდუ მდივანს 1922 წლის აგვისტოში დეპეშით აცნობა, რომ ამიერიდან რსფსრ უმაღლესი სამთავრობო ორგანოების გადაწყვეტილებები ყველა რესპუბლიკისთვის სავალდებულო იყო შესასრულებლად. წინააღმდეგობა ხელახლა გამძაფრდა და ლენინმა, რომელიც უკვე მძიმე ავადმყოფი იყო, ეტყობა, გაიგო ამის შესახებ. თუმცა ის იმ დროს ჯერ კიდევ ენდობოდა სტალინის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს და საქართველოს კონფლიქტი, როგორც ასეთი, არ აინტერესებდა, უარყო „ავტონომიზაციის პროექტი“ და ახალი ძალაუფლებრივი დამოკიდებულებების ჩარჩოებში „თანაწორუფლებიან რესპუბლიკათა ფედერაციის“ შექმნა მოითხოვა, რომელსაც საერთო აღმასრულებელი კომიტეტი ეყოლებოდა. აქედან მოკიდებული ლენინი გორკიში მდებარე თავისი აგარაკიდან შექმნილ ვითარებას დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს და სექტემბრის ბოლოს მარტო ორჯონიკიძე კი არა, ოკუჯავა, დუმბაძე და მინაძეც მიიღო. სტალინი დიდად არ შეუშფოთებია ლენინის კრიტიკას, თავის მხრივ მას „ნაციონალური ლიბერალიზმის“ გამო უსაყვედურა და ამავდროულად „ცენტრალიზმში“ დაადანაშაულა იგი. ლენინი აშკარად თავისივე იდეოლოგიის მსხვერპლი ხდებოდა. ბოლშევიკური სახელმწიფოს ფარგლებში ინტერნაციონალიზმის დამკვიდრება მხოლოდ ცენტრალიზებულად იყო შესაძლებელი. ამიტომ ქართველებმა ბუხარინისა და ლენინისაგან დიდი ვერაფერი დახმარება მიიღეს. ველიკორუსული შოვინიზმის გაკრიტიკება მხოლოდ იმ პირობით შეიძლებოდა, თუკი ამავდროულად სხვა ხალხების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ დაგმობილი იქნებოდა როგორც წვრილბურჟუაზიული ნაციონალიზმი. ეს დილემა სტალინმა მარჯვედ გამოიყენა თავისი პოზიციის განსამტკიცებლად. ორჯონიკიძემ საქართველოს ცენტრალურ კომიტეტს ისიც კი უბრძანა, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ და მოსკოვის განკარგულებაში გადასულიყვნენ. ამის საპასუხოდ ქართველებმა მანამდე გაუგონარ ჟესტს მიმართეს და კოლექტიურად გადადგნენ. ორჯონიკიძემ მაშინვე დანიშნა ახალი ცენტრალური კომიტეტი, ახალგაზრდა და დამყოლი, მაგრამ გამოუცდელი ხალხით დააკომპლექტა იგი. გადამწყვეტი მნიშვნელობისა კი ის იყო, რომ სკანდალურმა ქართულმა ინიციატივამ ბატონობის საბჭოთა სისტემის შიგნით არსებული ფარული კონფლიქტი წარმოაჩინა. ამ კონფლიქტის გამჟღავნება ემუქრებოდა ანტიკოლონიალიზმზე პრეტენზიების მქონე მოდერნიზებული დიქტატურის მთელ მყიფე სტრუქტურას და ამიტომ ლენინის ყურადღება კვლავაც მიიპყრო კავკასიის რესპუბლიკებმა.

ამასთან ორჯონიკიძეს თავის თანამემამულეებთან კამათისას ნერვებმა უმტყუნა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მან ალექსეი რიკოვის, ლენინის მოადგილის, თანდასწრებით პარტიის ერთ წევრს, ბუდუ მდივანის მომხრეს, სახეში გაარტყა. თანაც უკვე საქმე მარტო მიზნებსა და მეთოდებს შორის კონფლიქტს როდი ეხებოდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლენინი თავისივე საკუთარ პარტიაში ახალი ძალაუფლების არსებას დაუპირისპირდა, ძალაუფლებისა, რომელიც თვითონ დაამყარა. მის ცხარე კრიტიკას ბურჟუაზიული დემოკრატიისას, რომელსაც იგი განუყრელად აკავშირებდა კაპიტალიზმთან, მის მიერ დიქტატორულ-ტერორისტული საშუალებების უყოყმანოდ გამოყენებას, არ მოჰყოლია არც ახალი „პროლეტარული დემოკრატია“ და არც ახალი ნამდვილი ფედერაცია, რომელიც ცარისტული „ხალხთა საპყრობილის“ კარს საბოლოოდ გააღებდა. ლენინი ორჯონიკიძესა და სტალინს, ვითარცა მისი პოლიტიკის ენერგიულ წარმომადგენლებს, წლების განმავლობაში მფარველობდა. მათ მისთვის დაიპყრეს კავკასია. ლუნაჩარსკისა და ბუხარინის მსგავსი იდეალისტებისაგან განსხვავებით, ისინი ბოლშევიზმის ჭეშმარიტი პროტაგონისტები იყვნენ. მათი უხეშობა და ადმინისტრაციული დაუფიქრებლობა იმ ძალმომრეობისა და ტერორის პროდუქტი იყო, რომელსაც მანამდე ლენინი თვითონ იყენებდა. ის, რასაც ერთობ უწყინარ სახელს - შიდაპარტიულ კონფლიქტს უწოდებდნენ, 1921 და 1924 წლებს შორის მარტო საქართველოში 30 000 ადამიანის სიცოცხლე დაჯდა. მარტო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ 7 000 კაცი დაიხვრიტა, ათეულათასობით ადამიანი კი ციმბირსა და ცენტრალურ აზიაში გადაასახლეს. ამასთან ეს მხოლოდ დასაწყისი იყო ტერორისა, რომელიც ჯერ პირველ ყოვლისა ძველ ელიტებსა და ქართული სოციალ-დემოკრატიის მომხრეებს შეეხო. თვით სტალინის მმართველობის ხანაში კი თითქმის 50 000 ქართველი, მათ შორის დიდი ნაწილი ახალი ინტელექტუალური ელიტისა, სისტემატურად ნადგურდებოდა. ლენინისეული „ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირი“ ერთობ მალე საბოლოოდ განიძარცვა ანტიკოლონიალური და ანტიიმპერიალისტური ლეგიტიმაციებისაგან. მისი ნაშრომი, რომელიც მან სიცოცხლის ბოლო თვეებში შექმნა იმ ადამიანის წინააღმდეგ, თვითოვე რომ მიიყვანა ძალაუფლების სათავეში და თავისი საკუთარი პარტიის დიდი ნაწილის შემოტევებისაგან იცავდა, დაუმთავრებელ ტორსად დარჩა. როგორც რომ ლენინის მმართველობისას საბჭოების დემოკრატია ფარსად იქცა, ასევე ახალი ხელისუფლება 1930-იანი წლების მიწურულიდან იმპერიული წარსულის რეაბილატაციით ინტერნაციონალიზმის დასამარებასაც იწყებს. სტალინის მმართველობისას ივანე მრისხანეს ადიდებდნენ როგორც „რუსული მიწების გამაერთიანებელს“. მართლმადიდებელი ეკლესიისა და ბერ-მონაზვნობის, ვითარცა ბიზანტიური ცივილიზაციის მატარებელთა, როლი თავიდან შეფასდა. რუსული ისტორიის რეაბილიტაციაც, დემოკრატიული მისწრაფებების გამოკლებით, ცარისტული კოლონიური პოლიტიკის რელატივიზაციისკენ მიმავალი გზა იყო. განა ამას არ უნდა ვუმადლოდეთ, რომ დამორჩილებული ხალხები კაპიტალიზმის ეტაპს გადაახტნენ, რათა რუსებთან ერთად ზიარებოდნენ რევოლუციური ეპოქის სიკეთეებს?

მძიმე „გზა ღვთის სამეფოდან ეროვნულ სახელმწიფომდე“, რომელიც სირიული წარმოშობის პოლიტოლოგმა ბასამ ტიბიმ აღწერა არაბული აღმოსავლეთის მაგალითზე, ვერც რუსეთის იმპერიის სივრცეში იქნებოდა ბოლომდე გავლილი. ამაში ამ რეგიონის ხალხებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა - გარდა კაპიტალისტური მსოფლიო ეკონომიკის გარემოცვაში მათი მყოფობისა და საერთაშორისო პოლიტიკური წესრიგისა - უწინარეს ყოვლისა ეროვნული და დემოკრატიული იდეების არასაკმარისად განხორციელებული კავშირი, ანუ იმ კლასებისა და დაჯგუფებების სოციო-კულტურული უძლურება, რომელთაც ამგვარი სინთეზი უნდა განეხორციელებინათ. აფრიკის და წინა აზიის მსგავსად, რუსეთშიც დემოკრატიული ეროვნული მოძრაობის სისუსტის კომპენსირება პან-იდეოლოგიის მეშვეობით ხდებოდა, რომელიც ხშირად რეალისტურად აღქმულ კულტურ-სივრცობრივ მომენტებს საკუთარი ჩამორჩენილობის არაპროდუქტიულ და ხელოვნურ იდეალიზებასთან აკავშირებდა. კულტურული დეფორმაციები, რაც ნახევრადპერიფერიული დამოკიდებულებისა და ადგილობრივი დესპოტიზმის შედეგი იყო, კულტურულ იდენტობად მიიჩნეოდა. ამავდროულად ამ მოძრაობებმა ვერ შეძლეს გადაეჭრათ ერთობ რეალური პრობლემა - სიცოცხლისუნარიანი სიღრმისეული განზომილება, „კულტურის ეთიკურ-მისტიკური გულისგული“ (პოლ რიკიორი) თანამედროვე მსოფლიო ცივილიზაციასთან დაეკავშირებინათ. ისტორიის სიცოცხლისუნარიან რეგიონალურ წარმონაქმნთა ფორმირება ფრაგმენტული დარჩა და დესპოტური ძალმომრეობა განიცადა. კლასიკური პანსლავიზმის კრახი, რაც მე-20 საუკუნის ბოლოს ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის დაშლით საბოლოოდ გაცხადდა, რუსეთის მიერ ახალი ნაციონალურ-კულტურული იდენტობის ძიებას არ შეხებია. რუს სლავოფილებს ამ, უწინარეს ყოვლისა, დასავლურ-სლავურ მოძრაობაში თითქმის არ ედოთ წილი, ვინაიდან ცარისტული რუსეთი ბევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყანაში დამპყრობელ ძალას წარმოადგენდა და ჰაბსბურგების სამეფოსთან იყო დაკავშირებული. მხოლოდ დიდმა გეოპოლიტიკურმა შეხლა-შემოხლამ ბრიტანეთის მსოფლიო იმპერიასა და რუსეთის იმპერიას შორის, აღმოსავლეთის ანუ ყირიმის ომმა (1853-1856), გააძლიერეს პანსლავიზმის ზეგავლენა რუსულ პოლიტიკაზე. ოსმანთა სამეფოს შინაგანმა დაშლამ გააღვიძა დიდი ქვეყნების სიხარბე აღმოსავლეთშიც და დასავლეთშიც. მაშინ, ისევე როგორც დღეს, წამოჭრილი „აღმოსავლური საკითხი“ აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელ გზებსა და ცენტრალურ აზიაში გაბატონებას ეხებოდა. ევრაზიის მომხრეთა პოლიტიკური იდეოლოგიის ჩანასახი და ამავდროულად გულისგულიც იმ თავისებურ ორმხრივ კავშირში მდგომარეობს, რომელიც ბრიტანულ გეოპოლიტიკასა და რუსულ პანსლავიზმს შორის არსებობს. დიდი „მსოფლიო კუნძულისთვის“ (ჰელფორდ მაკკინდერი) ბრძოლაში იბადება ახალი ადამიანი, ახლო აღმოსავლეთის, ავღანეთისა და ამიერკავკასიის ხალხთა სისხლით ნაკვები.

სახელი კი ამას იმ წელს დაერქვა, როდესაც წითელი არმია თბილისში შევიდა და საქართველოს მთავრობა პარიზის გზას დაადგა. 1921 წელს სოფიაში გამოვიდა კრებული „Исход к Востоку“ („სვლა აღმოსავლეთისკენ“), რომლის წინათქმა ასე მთავრდება: „რუსები და „რუსულ სამყაროში“ მცხოვრები ადამიანები არც ევროპელები არიან და არც აზიელები. რაკი ჩვენ მონათესავე და ჩვენ გარშემო არსებული კულტურული და ცხოვრებისეული ელემენტები გვაერთიანებს, არ გვრცხვენია ჩვენს თავს ევრაზიელები ვუწოდოთ“. ამ კრებულის გამომცემლები სავსებით სოლიდური მეცნიერები არიან: „გეოგრაფი პიოტრ სავიცკი, მუსიკათმცოდნე პიოტრ სუვჩინსკი, სლავისტი და ენათმეცნიერი ნიკოლაი ტრუბეცკოი და თეოლოგი გეორგი ფლოროვსკი. ესენი წერენ ახალი ევრაზიული ადამიანის პირველ ანთროპოლოგიას. ამ მსოფლხედვისა და ადამიანთხედვის ნიუანსებს აქ არ გამოვეკიდებით, მით უფრო, რომ ეს თვალსაზრისი ჩვენ მხოლოდ ქართულ სახელმწოფო იდეასთან მიმართებით გვაინტერესებს. ამ მოძრაობის ორიგინალურობა იმდენად მის „ისტორიოსოფიაში“ კი არ მდგომარეობს, რომელიც წესით ისტორიის ადრინდელი რუსული ფილოსოფიებიდან იღებს სათავეს, რომელთა წარმომადგენლები არიან 1885 წელს თბილისში გარდაცვლილი ბუნებისმეტყველი ნიკოლაი დანილევსკი და მწერალი და რელიგიის ფილოსოფოსი კონსტანტინ ლეონტიევი (1831-1891). ოსვალდ შპენგლერის კულტურის მორფოლოგიის მსგავსად, ამათი ნაშრომებიც ისტორიის ევრაზიული ინტერპრეტაციებისთვის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ. ბევრად საინტერესოა მათი აზრები სივრცის თეორიის სფეროში, რამაც „მესტორაზვიტიეს“ გეოგრაფიული ცნება (დაახლობით: კულტურის ლანშაფტი) სტრუქტურული ენათმეცნიერების იდეებთან და ეთნოლოგიური და ისტორიული კვლევების შედეგებთან დააკავშირა. ევრაზიელი ნიკოლაი ტრუბეცკოი და რომან იაკობსონი ხომ პრაღის სტრუქტურალისტთა სკოლის წამყვანი წარმომადგენლები იყვნენ. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ერთობ კომპლექსური და მრავალი შემადგენლის შემცველი ევრაზიული სივრცობრივი სტრუქტურის ნამდვილი ჰერმენევტიკა შეექმნათ. ამისი საწყისები ძალიან სწრაფად დაიძლია „დიდი მთლიანობისკენ ვნებიანი ლტოლვის“ (ვალტერ ბენიამინი) მიერ. არაობიექტური მეტაფიზიკური ინტერპრეტაციებისა და ნატურალისტური რედუქციების გამო ევრაზიელთა მცდელობები, შპენგლერის მცდელობათა მსგავსად, უშედეგო გამოდგა. ევროპისა და რუსეთის ტრადიციულ დიქოტომიურ ხატებზე, დასავლურ ატომიზმსა და აღმოსავლურ ორგანიციზმს შორის ესენციალისტურ განსხვავებაზე ყურადღების დაფიქსირება გასაგებს ხდის ფედუნის გამონათქვამს ევრაზიული მოძღვრების „სავსებით ფიქტიური“ ხასიათის შესახებ. ახალი ორგანული ეპოქის მესიანისტური მოლოდინიც, რომელიც კრიტიციზმს უგულებელყოფს, უცნაურად აბსტრაქტული რჩება. ბევრი რამ მკრთალ ანარეკლს ჰგავს ბოლშევიზმისას, რომელიც გადასახლებაში მყოფი რუსული ტრადიციონალიზმის სიძველეთსაცავიდან გამოტანილი მყუდრო, შინაურ გარემოს მიმსგავსებული დეკორაციებით მორთულა. ამ აზრს განამტკიცებს იმის გახსენება, რომ აზიაზე ორიენტაციის აღება იმ დროს მოხდა, როდესაც მეიძის ეპოქის იაპონიამ და სუნ-იატსენის მმართველობის დროინდელმა ჩინეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს მოდერნიზაციის გზაზე. როდესაც ვიაჩესლავ ივანოვი რუსეთში ანტიკური საბერძნეთის მემკვიდრეობას მიუბრუნდა და ოსიპ მანდელშტამი 1922 წელს დაწერილ „ადამიანთა ხორბალში“, როცა ჯერ კიდევ ბუხარინის მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა, „ევროპეიზმის ხელახალ აღორძინებას“ იხვეწებოდა, ევროპაში გადასახლებულებმა აზიის თვალუწვდენელ სივრცეებში შეაბიჯეს. ალექსანდრ ბლოკი, რომელმაც 1918 წელს პოემაში „სკვითები“ კიდევ ერთი ოდა უმღერა რუსეთის მორალურ გამარჯვებას დასავლეთზე, 1921 წელს თავის ბინაში შიმშილით გარდაიცვალა.

ევრაზიელებს არ ესმით თავიანთი აღმოჩენის აზრი. მათმა მცდელობამ, დრო ევრაზიულ სირცეში გაეძევებინათ, ხელი შეუშალათ სათანადო ისტორიული ანთროპოლოგიის გამომუშავებაში. მარქსისტების უმეტესობის მსგავსად, მათაც არ ძალუძთ ისტორიის კულტურულ-სივრცობრივი განზომილება ცივილიზაციის პროცესთან კომპლექსურ და ნაწილობრივ წინააღმდეგობრივ მთლიანობაში მოიაზრონ. სრულიად გარკვეული ისტორიული „ურთიერთმიმართება ადამიანისა და დედამიწისა“ (ალფრედ ვებერი) მათთან უბიქვიტერულ (ყველგან გავრცელებულ) ონტოლოგიად განსაგნდა ანუ ჰიპოსტაზირებულ იქნა. კაცობრიობის ისტორიის პირველი პერიოდი (4000 წელი ქრისტემდე - 1500/1600 წელი ქრისტეს შემდეგ), ანუ შინაგანად და გარეგნულად შეკრული ისტორია, მაშასადამე მსოფლიო ისტორია, მართლაც „გეოგრაფიულად ევრაზიით“ (იქვე) იყო შემოფარგლული. ძველი მსოფლიოს ევრაზიული სისტემა (უილიამ ჰ. მაკნეილი) კარგა ხნის განმავლობაში ქმნიდა ისტორიისა და მისი ინტერპრეტაციების დროულ-სივრცობრივ ძირეულ სტრუქტურას, მაგრამ არაუგვიანეს 1600 წლისა ქრისტეს შემდეგ მას „გარდამავალი რევოლუციური პერიოდი“ ჩაენაცვლა, რომელმაც „ადამიანისა და დედამიწის სრულიად ახლებური ურთიერთმიმართება“ (ალფრედ ვებერი) მოიტანა. როგორც სავარაუდოდ აფრიკამ წარმოშო ჩვენი ჯილაგი, რომელიც იქიდან გავრცელდა ჩვენს პლანეტაზე, ასევე ცენტრალური აზიაც კვლავ და კვლავ ამოტყორცნიდა ახალ-ახალ ხალხებს თავისი წიაღიდან. სულ ახალ-ახალი ადგილმონაცველობის შედეგად მეცხოველეობის მიმდევარმა და მწყემსმა ხალხებმა გადაფარეს მიწათმოქმედი ხალხები მეზობელ ნაყოფიერ რეგიონებში. ამ ეთნო-კულტურული სინთეზის შედეგად გაჩნდა დედამიწის პირველი მაღალკულტურული მხარეები: ერთი მხრივ, ინდოეთში, ჩინეთში და მერე იაპონიაშიც ჯერ კიდევ არსებული მაღალი კულტურები, რომელთა სოციალური სტრუქტურა და მენტალიტეტი, მართალია, ხალხთა შემდგომი მოძრაობების შედეგად განაყოფიერდა, მაგრამ სხვაფრივ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდწილად უცვლელი დარჩა, მეორე მხრივ კი, დასავლეთში, სადაც მასობრივი გადასახლება-თავდასხმების შედეგად სხვადასხვა გეოგრაფიული ცენტრის მქონე ახალ-ახალი მაღალი კულტურები, ანუ „პირველადი კულტურები“, ჩნდებოდა ბაბილონში, ეგვიპტეში, კრეტაზე, ჰატიში, ქრისტემდე 1200 წლიდან, შემდეგ კი მეორეული კულტურები პირველი საფეხურისა - სპარსული, ებრაული, ბერძნული, რომაული და ქრისტეს შემდეგ 600-დან 800 წლამდე - ისლამი, რუსეთი და ევროპა - მეორე საფეხურის მეორეული კუოტურები. ეს ერთიანი ევრაზიული კომპლექსი თავის მენტალურ სტრუქტურაში ძველი წელთაღრიცხვის 1200 წლამდე აზროვნების ქტონურ-მაგიური წესით იყო დაღდასმული, რაც შემდგომ ყოფიერების მითოლოგიურ და ინტელექტუალურ აღქმათა ერთობლიობამ ჩაანაცვლა. პირველადი „ღერძულა დროის“ ხანასთან ერთად (იასპერსი 1949, 1983, 28 და შემდ., 76 და შემდ.) ქრისტემდე 800 და 200 წლებს შორის ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ისრაელსა და საბერძნეთში ისტორიული კაცობრიობის დღემდე მოქმედი ძირეული სულიერი კატეგორიები შეიქმნა. დაოიზმმა და კონფუციანიზმმა, ჯაიანიზმმა და ბუდიზმმა, ზოროასტრიზმმა, პროფეტულმა მესიანიზმმა და ანტიკურმა ფილოსოფიამ ადამიანის ახალი თვითცნობიერება წარმოშვეს, რისი მეშვეობითაც ადამიანმა მითოლოგიურ და ბუნებისმიერ ხუნდებს თავი დააღწია. მანიქეველობის, გვიანი ელინიზმისა და უწინარეს ყოვლისა ქრისტიანობის წყალობით ცნობიერებაში საბოლოოდ დამკვიდრდა „უნივერსალური კავშირი, ზოგადადამიანური ურთიერთსიმპათიური დამოკიდებულება“ (ვებერი 1946, 228). რენესანსმა და მე-18 საუკუნემ ეს პროცესი ბოლოს ჰუმანიზმის ცნებასთან მიიყვანეს. სხვადასხვა სულიერი ტრაექტორიების გადაკვეთაზე მდებარე საქართველოს ამ თვალსაზრისითაც ვერ მივუჩენთ ადგილს აღმოსავლურ-დასავლური სივრცობრი წესრიგის ფანტაზმებში. დასავლეთევროპული რენესანსისა და განმანათლებლობისგან მომდინარე ჰუმანიზმი განსხვავდება „ქართული რენესანსიდან“ მომდინარე ანთროპოცენტრიზმისგან იმით, რომ ეს უკანასკნელი ადამიანსა და კოსმოსს ერთმანეთთან დაკავშირებულად წარმოიდგენს. გონი და ბუნება ქართულ ნეოპლატონიზმში, როგორც რომ იგი გელათის აკადემიაში მე-12 საუკუნიდან მოკიდებული ისწავლებოდა, მოურიგებელი ცნებები არ არიან. თეოლოგია და ადამიანის შემეცნება, მაგალითად, იოანე პეტრიწის აზროვნებაში ერთიანია. თეოცენტრიზმისა და ანთროპოცენტრიზმის, „საწყისი ვითარებისა და შესაქმის აქტის“ (მიხაელ ლანდმანი) დაპირისპირება, რაც დასავლეთევროპულ აზროვნებას განსაზღვრავს, საქართველოს სულიერ ცხოვრებას იმავე ზომით არ ახასიათებს. ქართული ანთროპოლოგია ჰომინისტური (მხოლოდ ადამიანზე მიმართული) კი არ არის, არამედ კოსმისტურია (კოსმოსზე მიმართულია). შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ამ კოსმოსურმა ჰუმანიზმმა ყველაზე სრულყოფილი პოეტური გამოხატულება პოვა.

ტრუბეცკოისთვის, ევრაზიული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი თეორეტიკოსისთვის, „კაცობრიობა“ ისტორიული ანალიზისთვის შესაფერისი კატეგორია არ არის. ამ საკითხში ის ოსვალდ შპენგლერს ეთანხმება. ეგრეთ წოდებული „ზოგადადამიანური ცივილიზაცია“ მისთვის მარტოოდენ ევროპის იდეოლოგიური კონსტრუქტია, იმ ევროპისა, რომელიც თავისი მსოფლიო ექსპანსიის დაწყებისთანავე საკუთარი პარტიკულარიზმის უნივერსალიზაციას ეწევა. მას რუსეთი იმ ანტიკოლონიური ალიანსის სათავეში წარმოუდგენია, რომელიც ევროპის გაბატონების წინააღმდეგაა მიმართული. მიუხედავად სავსებით სწორი შეხედულებისა, რომ, ყოველ შემთხვევაში, დღემდე არავითარი მსოფლიო კულტურა არ ჩამოყალიბებულა, პირიქით - აქამომდელ მსოფლიო ისტორიას/ისტორიებს კულტურათა სიმრავლე (პლურალურობა) განსაზღვრავდა, ტრუბეცკოი და სხვანი ვერ აცნობიერებენ იმ ახალს, რაც მე-15-16 საუკუნეების შემდეგ დამდგარმა ისტორიულმა ეპოქამ მოიტანა და რასაც „დედამიწის შეკუმშვას, დაპატარავებას“ ეძახიან (ალფრედ ვებერი). ცივილიზაციის თანამედროვე პროცესი სულაც არ არის ევროპული ექსპანსიის იდენტური. თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერებები შესაძლოა მოსწყდნენ კულტურულ კონტექსტებს და, ვითარცა თანამედროვე ტექნოლოგიები, გლობალური მასშტაბით იქნენ გამოყენებულნი. მართალია, ისინი სოციო-კულტურულადაც არიან დეტერმინირებულნი, მაგრამ ასევე განსაზღვრულნი არიან საგნობრივი მიმართებებითაც, რაც იმაში ვლინდება, რომ ბუნების კანონები კავკასიაში, ჩინეთში და ევროპაში თანაბრად მოქმედებს. ამასთან ისინი ინტრინზულ (შინაგან) ანუ ეპისტემურ დეტერმინაციასაც ექვემდებარებიან. როგორც ფრანგი ფილოსოფოსი პოლ რიკიორი აღნიშნავს, მარტო ტექნიკა როდი ანიჭებს ადამიანურ ცივილიზაციას უნივერსალურ ხასიათს. ამ ერთიანობას უწინარეს ყოვლისა „მეცნიერული გონი“ შეიქმს. ის ზრუნავს იმისთვის, „რომ ყოველმა ადამიანმა, გეომეტრიული თუ ექსპერიმენტული ამოცანის წინაშე მდგარმა, შეძლოს იგივე დასკვნა გამოიტანოს, რაც სხვებს გამოაქვთ, ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ იგი საჭირო ცოდნას უნდა ფლობდეს“ (პოლ რიკიორი). ტრადიციული ხელსაწყოების მოხმარებიდან ტექნოლოგიებზე, ანუ ტექნიკისთვის მეცნიერული შემეცნების მისადაგებაზე, გადასვლა არის მეორე საწყისი უნივერსალობისა. თუკი მეცნიერული გონი კაცობრიობის ნომინალურ ერთობას ქმნის, ტექნოლოგია ანუ მანქანა მას (ერთობას) ფაქტობრივად სრულყოფს (იქვე). თუნდაც ესა თუ ის ტექნიკური გამოგონება ამა თუ იმ კულტურის შიგნით მოხდეს, ბოლოს და ბოლოს ტექნიკური რევოლუციები ახერხებენ გაარღვიონ კულტურათა გარსი და შექმნან ცივილიზაციის უნივერსალური კოსმოსი თავისი ყველანაირი შესაძლებლობებითა და უფსკრულებით. მეტადრე თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ანიჭებს ამ პროცესს სრულყოფილებას. ამ პროცესში ადამიანი თავის ქმნილებებითურთ წარმოჩნდება როგორც დედამიწის ისტორიის ქმედითი ფაქტორი. ჩვენ უფრო ძლიერ განვიცდით „გამოშრობის ტენდენციას“ (ალფრედ ვებერი), „გლობალურ დათბობას“ და ამავდროულად ეკოლოგიური ცნობიერების დაბადებას. ამ მხრივ რუსი კოსმოლოგების შეხედულებები, რა სახითაც ეს, მაგალითად, ვლადიმირ ვერნადსკის გრანდიოზულ სამეცნიერო ნაშრომშია წარმოდგენილი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ევრაზიელთა ზოგიერთი უკიდურესად ცალმხრივი თვალსაზრისი.

ცივილიზაციის პროცესის გაცნობიერებით კულტურათა პლურალიზმი არ უქმდება. პირიქით, მისი აღქმა სწორედ ახლა იწყება. ახალი მსოფლიო ისტორია, (Bruce Mazlish) რომელიც იმპერიალიზმმა წარმოშვა და რომლის გამოჩენის მომსწრენი ჩვენ ახლა ვართ, გადალახავს კულტურათა კლასიკუ მსოფლიო ისტორიოგრაფიას (Arnold Toynbee) და ქმნის წინაპირობებს პარტიკულარიზმის გასაუქმებლად. ევრაზიული პერიოდი არ იცნობდა ნამდვილ პლურალურობას და „მსოფლიოს გახსნილობის“ (ალფრედ ვებერი) რევოლუციური ეპოქაც თავდაპირველად შენაკადად უერთდება ექსპანსიური მძლავრი სახელმწიფოების თანამედროვე მსოფლიო სისტემას. მხოლოდ დღეს ვდგავართ ჩვენ, როგორც პოლ რიკიორი წერს, „ჭეშმარიტი დიალოგის ზღურბლთან დოგმატიზმის ჩასვენების ხანაში“. ისტორიის ჩვენ-ჩვენი ფილოსოფიები ჩაკეტილნი იყვნენ და არიან კულტურებში, საიდანაც თანამედროვე ტექნოლოგიამ დიდი ხანია დაიხსნა თავი. დღემდე „ჩვენ არა გვაქვს შესაძლებლობა ამ მრავალფეროვან სტილთა თანაარსებობა გავიაზროთ; ჩვენ არ გაგვაჩნია ისტორიის ფილოსოფია, რათა თანაარსებობის პრობლემა გადავჭრათ“. ჩვენ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ უძლურნი ვართ თავიდან ავიცილოთ ტოტალურობა. „ის (ტოტალურობა) ადამიანური ისტორიის ნაყოფია, იმ ადამიანთა ისტორიის ნაყოფი, რომლებიც ამ მანკიერ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობენ“ (პოლ რიკიორი). ჩვენს გარდამავალ ეპოქაში, რომელსაც იქნებ უკეთ დავახასიათებდით, თუკი მას მე-16 და მე-17 საუკუნეებს შევადარებდით, ახალი პლანეტარული წერსრიგის სტრუქტურები ყალიბდება. მათი მომდევნო მე-18 საუკუნე შესაძლოა გავიაზროთ როგორც გლობალური ისტორიის თავიდან აცილება სულიერი ფორმით. ვილჰელმ ორანელის მიერ იმპლემენტირებულმა პოლიტიკური წინასწორობის სისტემამ, რაც, უეჭველია, მხოლოდ დროებითი საშუალება იყო, თუმცა მისი მეოხებით მაინც შესაძლებელი გახდა უხეში ძალმომრეობითი პოლიტიკური სწრაფვების რამდენადმე დარეგულირება, ამავდროულად ყოფიერების ახალი შეგრძნებაც გააჩინა, რაც ბაროკოს არქიტექტურამ და მუსიკამ გამოხატა. ქართველი თავადის, ბერის, დიპლომატისა და მწერლის სულხან-საბა ორბელიანის ნაშრომებშიც, ქართული ენის ლექსიკონში, სამოგზაურო ჩანაწერებში და იგავთა მის დიდებულ წიგნშიც, ვგრძნობთ ამ ეპოქის ატმოსფეროს. გერმანელმა კულტურის სოციოლოგმა ალფრედ ვებერმა „საყოველთაო ჰარმონიულობის“ („Allharmonismus“) ეს გონითი და სულიერი ტრაექტორია, რომელიც შორს სცილდება მასთან ხშირად დაკავშირებულ „გონების აპოთეოზს“, შემდეგნაირად აღწერა:  ეს ნიშნავს სივრცის გახსნას არადოგმატური ენისაკენ, რომელიც ყველა სულიერ სიღრმეთა თავის თავში შემკრები და თავისივე თავში მარეალიზებელი სრულყოფილი ენაა. ენა, რომელისკენაც კაცობრიობას, მთელ კაცობრიობასვინაიდან ეს ენა ხანმოკლე გაცნობითი პერიოდოს შემდეგ ყველასათვის გასაგები იქნებაკვლავ და კვლავ შეეძლება დაბრუნება და კიდევაც დაუბრუნდება მას, რადგანაც ის ყველა უზოგადეს საფუძველთან მისასვლელ რაბებს აღებს და ტრანსცენდენტით გაჯერებული გრძნობის ნაკადებად გადმოღვრას უწყობს ხელს“. ეს „ამოუწურავი სიმბოლოკა“, ეს „კაცობრიობის უნივერსალური ენა“ (იქვე) საშუალებას იძლეოდა შეგვენიშნა იმ გამოცდილების კონტურები, რომელიც მე-20 საუკუნის დამლევისთვის დაკონკრეტდა. ადამიანისა და კოსმოსის, ბუნებისა და გონის ურთიერთდამოკიდებულების თემატიზება აქამდე არნახული სიღრმითა და მასშტაბით განხორციელდა. ისევე, როგორც მაშინ, რელიგიური და სამოქალაქო ომებისა და ჰეგემონობისთვის გაჩაღებული ბრძოლების შემდეგ, კოლონიალიზმის საწყის ეტაპზე ახალი ევროპული სახელმწიფო სისტემა გაჩნდა, ასევე ამჟამადაც ჩვენ აშკარად ახალ ვეებერთელა პოლიცენტრისტულ სივრცეთა და რეგიონთა სისტემის დაბადების მომსწრე ვხდებით, რომელიც გლობალური კომუნიკაციური პროცესების შედეგად გაჩენილი ეკოლოგიური საფრთხეების პირისპირ ახლებურ, ერთი საერთო ბედისწერით გაერთიანებულ საზოგადოებად ყალიბდება. ეს პროცესი, რომელიც ქაოტური ჩანს, ტრადიციული ისტორიის ფილოსოფიისმიერი და პოლიტიკური კატეგორიებით ვერ აღიწერება. „უფრო ის არის საჭირო, ამ პროცესის შინაგანი კანონების გაგება ვისწავლოთ, პროცესისა, რომელიც, როგორც ჩანს, სწორხაზოვნად კი არ მიმდინარეობს - როგორც ამას განვითარების ძველი კეთილი მოდელი შთაგვაგონებდა - არამედ მრავალსახოვან-დიაქრონულ-„დიალექტიკურად“ უმაღლესი კომპლექსურობის მქონე დაძაბულობის მორფოგენეტიკურ ველში“ (ნიკოლაუს ზომბარტი). ახალ ინტეგრაციებს, ახალი ვრცელი იმპერიების ოცნებათა საპირისპიროდ, მინიმუმ იმდენივე ახალი დიფერენციაციები შეესატყვისება. ახალი ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სამართლებრივი სივრცეების გაჩენას, რომლებშიც შედარებით ჰომოგენური სამეცნიერო-ტექნიკური სტანდარტები უნდა იქნეს დაცული, თან ახლავს დიფერენციაციის პროცესები, რომლებიც თავიანთ გამოხატულებას „კულტურული იდენტობის“ ცნებაში პოულობენ. „ის „მესამე სამყაროში“ გაჩნდა, და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უნივერსალიზმს დაუპირისპირა ძველი კულტურის ხალხთა პრეტენზია თვითმყოფადობაზე, ხალხთა, რომლებიც დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ მხოლოდ „განვითარებადი ქვეყნები“ კი არ იყვნენ, არამედ რაღაც მეტი“ (იქვე). მიუხედავად მოდური კონოტაციებისა, რომლებიც ამ ცნებას (კულტურულ იდენტობას) მეტროპოლიური მოაზროვნე ელიტების პოსტმოდერნისტულ დისკურსში ზოგჯერ მიეწერება ხოლმე, იმის მიუხედავადაც, რომ მას სხვადასხვა ეთნო-რელიგიური ფუნდამენტალიზმები იყენებენ, იგი რჩება ახალი მსოფლიო წესრიგის გაგებისათვის საჭირო გასაღებად. „აპელირება „კულტურულ იდენტობაზე“ პროტესტია ერთ სამყაროში (in die One World) გაერთიანების იდეოლოგიური მოთხოვნებისადმი დამორჩილების წინააღმდეგ მიმართული. „პროცესის“ მხრიდან დანახული „წინააღმდეგობა“ ხომ განვითარების „ნაკერის“ ნაწიბურებს აღნიშნავს, სადაც დიფერენცირდება „მრავლობა ერთიანობაში“, ურომლისოდაც სამყარო უდაბნოდ გადაიქცეოდა“ (იქვე). აქედან გამომდინარეობს კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს წარმოშობა და მომავალი, რათა გლობალური ეპოქის სასიცოცხლო ფორმები წარმოქმნან. ყოფილი „მესამე სამყაროს“ მიერ წამოჭრილი ეს პრობლემა განსაზღვრავს ჩვენს ეპოქას მას შემდეგ, რაც დასრულდა იდეოლოგიური წინააღმდეგობა თავისუფლებასა და კომუნიზმს შორის.

საბჭოური კომუნიზმის აღსასრულმა ვერ მოაგვარა რუსული რევოლუციის დაწყებისას არსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის პრობლემები. მაშინდელი რევოლუციის მთავარი მიმართულება, აგრარულ-სოციალისტურ-დემოკრატიული „ხალხოსნობა“ („ნაროდნიჩესტვო“), რომელმაც ცარიზმის დამხობის შემდეგ და ბოლშევიკური სახელმწიფო გადატრიალების წინ ერთადერთ საყოველთაო და თავისუფალ არჩევნებში ხმათა სამოცი პროცენტი მიითვალა, უკვე იყო ისეთი პარტია, რომლის იდეოლოგია განმანათლებლურ და რომანტიკულ-კონსევატორულ ელემენტებს აერთიანებდა. მისი ზეგავლენა რუსეთის იმპერიაში შემავალ აღმოსავლეთის ხალხებზე უზარმაზარი იყო. ნაროდნიკმა მწერალმა გლებ უსპენსკიმ მხარი დაუჭირა რუსი გლეხების მიერ ქონებაჩამორთმეულ ბაშკირ ნომადებს, ალექსანდრ გერცენი მიესალმა ყაზახთა ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის ბაი ესეტის მეთაურობით, ეთნოლოგმა და ხალხოსანმა დმიტრი კლემენცმა მოახერხა რუსეთ-იაპონიის ომის დროს ამბოხებული ალტაიურ-თურქული წამოშობის „ბურხანისტების“ გათავისუფლება, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ კოროლენკომ წარმატებით იბრძოლა ვიატკის ოლქის (წინა ურალის ევროპული ნაწილის) უდმურტების დევნის წინააღმდეგ, რაც სახელმწიფო ეკლესიის მიერ იყო წამოწყებული. თუმცაღა ხალხოსნურ მოძრაობას ქართველ გლეხობამდე არ მოუღწევია, ინტელექტუალებზე მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, ხელი შეუწყო ფოლკლორისტიკის განვითარებას და ქართული ეროვნული ცნობიერების ფორმირებას. ამ მიმართულების წარმომადგენელი იყო ნიკო ნიკოლაძე, ალექსანდრ გერცენის მეგობარი. ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, 1918 წელს აშხაბადში თურქმენებმა რუს სოციალ-რევოლუციონერებთან (ხალხოსანთა პარტიასთან) ერთად დაამხეს იქ უკვე არსებული კომუნისტური დიქტატურა და შეძლეს დემოკრატიული კონტრმთავრობის მმართველობა ერთი წლის განმავლობაში შეენარჩუნებინათ. იაკუტების სულიერი ელიტაც ჯერ კიდევ მეფის დროს ციმბირში გადასახლებული ხალხოსნების ზეგავლენით ეწინააღმდეგებოდა ოქტომბრის რევოლუციას. იაკუტიის ეროვნული კომიტეტი ალექსანდრ კერენსკის მთავრობის მხარდამჭერი იყო. მაგრამ თვით „ხალხოსნობაში“ შეუძლებელი იყო არ შეგვემჩნია კონფლიქტი მთელი მიწის ყველა გლეხისთვის განაწილების მოთხოვნის მიღმა თავშეფარებული გლეხთა ველიკორუსული ექსპანსიური კოლონიზაციის ინტერესებსა და დემოკრატიულ-ანტიკოლონიალურ ტენდენციებს შორის. მართალია, ეს პრეტენზიები სოციალ-რევოლუციიონერთა მესამე კონგრესზე უსიტყვოდ გადაიდო გვერდზე, მაგრამ პრობლემის ამგვარმა უგულებელყოფამაც სარგებლობა მოუტანა ბოლშევიკებს, რაკიღა აღმოსავლეთ რუსეთის განაპირა მხარეებში მცხოვრები ხალხები ასეთი გარუკვევლობების გამო ხშირად ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ „თეთრებსა“ და „წითლებს“ შორის. ამას ისიც დაემატა, რომ „თეთრგვარდიელები“ კაზაკებს ეყრდნობოდნენ, რომლებსაც აღმოსავლეთის ხალხთა უამრავი მიწა ჰქონდათ მიტაცებული.

დღემდე ვერ მოხერხდა ევრაზიულ სივრცეში კოჰერენტული (თანმიმდევრული) კავშირის დამყარება გლეხთა ემანსიპაციას, დემოკრატიულ მოძრაობასა და ეროვნულ ან რეგიონულ ინტერგაციას შორის, რასაც წინა აზიაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებენ. ცალკეული ელემენტები კვლავ და კვლავ განიბნეოდა და შემდეგ ძალადობრივად ერთიანდებოდა ავტორიტეტულ იდეოლოგიებად და დიქტატორულ რეჟიმებად. სამი წლით ადრე, ვიდრე სოფიაში ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი ინტელექტუალური დოკუმენტი გამოქვეყნდებოდა, ვუდრო ვილსონმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ხალხთა თვითგამორკვევის უფლება მოითხოვა და ტომაშ გარიგ მასარიკმა, რომელიც ნოემბერში ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტად აირჩიეს, თავისი პოლემიკური „ახალი ევროპა“ გამოაქვეყნა, „ეროვნული პრინციპის“ აპოლოგია. ალფრედ ვებერი, რომელიც 1904-1907 წლებში როგორც პოლიტეკონომიის პროფესორი პრაღაში ასწავლიდა, მასთან დამეგობრებულ მასარიკთან ერთად ცდილობდა გერმანელების, უნგრელებისა და სლავების თანასწორუფლებიანობა ავსტრიულ საკონსტიტუციო სისტემაში განეხორციელებინა და ცარისტულ ექსპანსიონიზმსაც ორივე ეწინააღმდეგებოდა. მაგრამ მასარიკის 1918 წლის შეტყობინებას ვებერი, როგორც თავდაჯერებული „შუაევროპელი“, უარყოფითად შეხვდა. მან ვერაფერი გაუგო ვილსონიზმისა და პანსლავიზმის ამ უცნაურ ნაზავს და შემდგომ სავსებით ვერასოდეს აპატია მას ავსტრიული სახელმწიფოს „მყიფე ქმნილებისთვის“ ზურგის შექცევა. იმ ხანად ვებერმა გერმანიის საომარი პოლიტიკის თაობაზე გაჩაღებული კამათისას, რომელშიც მას ფრიდრიხ ნაუმანის „შუა ევროპის“ კონცეფციასთან ახლო მდგომი პოზიცია ეჭირა, კონტაქტები დაამყარა ლიტვის, ფინეთის, უკრაინისა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოძრაობებთან. ის მხარში ედგა ლიტვის სახელმწიფოს დაფუძნების მომხრეებს, ხელს უწყობს დამოუკიდებელი ფინური მონარქიისა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (1917-1920) დაარსებას, ამავდროულად აკრიტიკებს გერმანელებისა და აღმოსავლეთევროპელი მსხვილი მიწათმფლობელების კავშირს და იღვწის ფართომასშტაბიანი აგრარული რეფორმების გატარებისთვის. 1919 წლის ივნისის დამდეგს იგი ბერლინში ხვდება აკაკი ჩხენკელს, საქართველოს მაშინდელ საგარაო საქმეთა მინისტრს. მენშევიკი პოლიტიკოსის სტუმრობის შემდეგ ვებერი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას. მისი, ვითარცა შუა ევროპის გარკვეული სულიერი და პოლიტიკური მიმდინარეობების წარმომადგენლის, ხელმოცარვა და დამოუკიდებელი საქართველოს მარცხი იმ ერთიანი პროცესის ნაწილებია, რომელიც დღემდე ზეგავლენას ახდენს ჩვენს ისტორიაზე. ვილსონიზმის, ლენინიზმის/ტროცკიზმის, ევრაზიული იდეოლოგიისა და მაკინდერის გეოპოლიტიკის ნაწილაკები ახალ-ახალი ნაზავის შემადგენლობაში დღემდე განსაზღვრავენ მსოფლიო პოლიტიკას. ესენი საეჭვო და კარგა ხნის წინ მოძველებული ძალადობრივი პოლიტიკის სწორედ ის მეზალიანსებია (2), რომლებსაც არამარტო შუა ევროპის ჩაძირვასა და კავკასიის რეგიონის ბოლშევიკური უღლის ქვეშ მოქცევაში უდევთ წილი, არამედ დღემდე შეუძლებლს ხდიან რეგიონული კონფლიქტების გადაჭრასა და ყოველ ჭეშმარიტ განვითარებას ევრაზიულ სივრცეში. სირიელი ხალხის დრამა კიდევ ერთხელ მოწმობს „აქამომდელი ისტორიისგან გამოთხოვების“ სიმძიმეს (ალფრედ ვებერი).

ეს მძიმე გამოთხოვება ქართული ცხოვრების აგონიასაც ასვამს თავის დაღს. ისტორიის ლოდინის ზონიდან გადმოყოლილი პრობლემები, რომლებიც რუსულმა რევოლუციამ ვერ გადაჭრა, კვლავაც განსაზღვრავენ კავკასიის მცირე სახელმწიფოების აწმყოს. ქვეყნის ინტელექტუალური ელიტის ერთი ნაწილი ახალ-ახალი ხრიკებით ცდილობს დაუსხლტეს მათი ყოფიერების აქტუალობას. თუკი გუშინ ქართველი ნეოკონსერვატორები აშშ-ის უნილატერალიზმის (3) გეოსტრატეგიულ გეგმებში თავისი ქვეყნისთვის ადგილის მოძებნას ცდილობდნენ, დღეს მისთვის ევრაზიულ სივრცეში ადგილის მიჩენით სპეკულირებენ. ეგრეთ წოდებული „მემარცხენე“ მემკვიდრეობად იღებს პერმანენტული მსოფლიო რევოლუციის ტროცკისტულ ფანტაზიებს და თავმომწონეობს მოჩვენებითი თუ ნამდვილი ქართული ტრადიციების თავისივე ელიტარული დეკონსტრუქციებით. დებატებს თვალსაზრისების გარეშე დარჩენილი ცნებები განსაზღვრავენ. ამჟამად, როგორც ჩანს, დიდ რუს პოეტთა წყვილის მკვდარი შთამომავალი, ლევ გუმილიოვი, საფლავიდან ჰკარნახობს მათ პოლიტიკური დისკურსის ახალ სლოგანებს. ვერცხლის საუკუნე, რომელიც აკმეისტური „მსოფლიო კულტურისკენ ლტოლვით“ (ოსიპ მანდელშტამი) დამთავრდა, ხელახლა გამოსამშვიდობებელი ხდება. თუკი ნიკოლაი გუმილიოვი გილგამეშის ეპოსს, ჰაინრიხ ჰაინესა და სამუელ კოლრიჯს თარგმნიდა რუსულად და აბისინიურ სიმღერებს გვჩუქნიდა, თუკი ანა ახმატოვა თავისი ნათელი და ღრმად ჰუმანური პოეზიის სიმართლეს გვიზირებდა, დღეს მათი ვაჟის ბნელი ეთნოიდეოლოგიაა ზრუნვის საგანი. „კულტურული პროტუბერანცები (4)“ (ალფრედ ვებერი), ნოოსფეროს თუ სემიოსფეროს კრეატიული „აფეთქებები“ (იური ლოტმანი) ევრაზიული სივრცის ბიოქიმიურ „პასიონარობამდე (5)“ ჩამოქვეითდა. საქართველო, რომელმაც ესოდენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ვითარცა რუსი სიმბოლისტებისა და აკმეისტების შთაგონების წყარომ, როგორც სულიერი ტოპოსი, ქრება აბსტრაქტულ-უსასრულო სფეროებში მოდერნისტულ ფრენასა და ნაციონალურ-შეზღუდულ სიმყუდროვეს შორის. კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულება ცივილიზაციის პროცესსა და კულტურულ ტოპოგრაფიას შორის, რაც კავკასიური სივრცის სულიერ ეკოლოგიას განსაზღვრავს, მოიშლება და უნაყოფო ლანდშფტი გაჩნდება. უცხო სივრცეებისა და ამ სივრცეთა ჯერ კიდევ მფლობელი მძლავრი ექსპანსიური სახელმწიფოებისთვის თავის შეფარება მოსპობს ფაქიზ კულტურულ განსხვავებულობებს და კავკასიის რეგიონის მომხიბლავ პოლიფონიას. კულტურის ეს განადგურება არსებითად ესთეზისის (6) განადგურებაა. „ფიზიონომიკურ ტაქტს“ (ოსვალდ შპენგლერი), რაც საშუალებას გვაძლევს „ფენომენი როგორც ხატი და გეშტალტი in situ (7)“ (ნიკოლაუს ზომბერტი) აღვიქვათ და რაც საფუძვლად უდევს ყოველგვარ ტოპოგრაფიულ ჰერმენევტიკას, ყურადღება აღარ ექცევა. სულის (Geist) აქტუალობისთვის თავის არიდება, უნაყოფობის უღრმესი შიშით გამოწვეული, სპობს გეშტალტის აღქმის უნარს, რომელიც შემოქმედებითი აქტის, სიმბოლოსა და სივრცის ურთიერთდამოკიდებულებას ააშკარავებს. ამიტომ კარლ შმიტთან დაბრუნებას, რასაც საქართველოშიც ცდილობენ, არაფერი აქვს საერთო არც პრაქტიკულ-პოლიტიკური და არც კულტურულ-სოციოლოგიური პრეტენზიის მქონე ამოცანასთან, რაც „დედამიწის ახალი კანონის“, „ადგილის განსაზღვრასა და მოწესრიგებას“ შორის მსოფლიოისტორიული ურთიერთდამოკიდებულების შეცნობაში მდგომარეობს. სწორედ აქ წარმოიშობა აუცილებლობა დროში გავიაროთ კაცობრიობის ორი სხვადასხვა შესაძლებლობა, ისინი მათ კოპლექსურ ურთიერთდამოკიდებულებაში გამოვიკვლიოთ: „ცივილიზაცია აკუმულაციისა და პროგრესის საფუძველზე ერთგვარ დროის გრძნობას წარმოშობს, მაშინ როცა მანერა, თუ როგორ განავითარებს ხალხი თავის კულტურას, შემოქმედებითი თვითლოიალურობის კანონს ეფუძნება“ (პოლ რიკიორი).

უფორმობის პრობლემა, რუსული რევოლუციის მიერ გადაუჭრელი, ხოლო ევრაზიულ ფანტაზმებში კიდევ უფრო გამძაფრებული, უწინარეს ყოვლისა ძალმომრეობისა და ცივილიზაციის პროცესის წინააღმდეგობრივ კავშირს ეხება. 1920 წელს ნიკოლაი ბუხარინის წიგნის „გარდამავალი პერიოდის ეკონომიკის“ გამოცემამ სათავე დაუდო დებატებს, რომლის საგანი „რევოლუციის ხარჯები“ გახლდათ. იგი ნაწილობრივ ცივილიზაციის კრახს, საგნობრივი და პიროვნული საწარმოო ძალების განადგურებას შეეხებოდა და წინ უსწრებდა ნეპის შემოღებას. ამ დებატების დასაწყისი მის საფუძველში მდებარე მოვლენების ერთობ ზედაპირული განხილვა გამოდგა. მიჩქმალულ იქნა არამარტო დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოსთან, არამედ ევრაზიის კულტურულ-სივრცობრივ მოწყობასა და ადამიანის პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ბუხარინი სიკვდილამდე ემხრობოდა აღმოსავლეთ-დასავლეთის მომცველი „ერთიანი სოციალისტური კულტურის“ იდეას. საპყრობილეში დაწერილი მისი ნაშრომები - „სოციალიზმი და მისი კულტურა“ (1937), რომელიც ავტორმა, უკვე როგორც „აზიური რესტავრაციის“ მსხვერპლმა, შეთხზა, ამ უტოპიურ პერსპექტივას წარმოაჩენს. ამ საკითხში იგი ჰგავს ანატოლი ლუნაჩარსკის, განათლების პირველ სახალხო კომისარს, რომელმაც ბუხარინის ბედი ალბათ იმით აიცილა, რომ საფრანგეთში გარდაიცვალა 1933 წელს. ბუხარინმა შეძლო მაინც კულტურულ-პოლიტიკურად თანამედროვე მეცნიერეული კვლევა დაეფუძვნებინა, რამაც ვლადიმირ ვერნადსიკისა და კონსტანტინე მეგრელიძის შრომებში პირველად მიაღწია უმაღლეს წერტილს. ორივე მათგანი გასცდა მეცნიერული კვლევის ჩარჩოებს და საფუძველი ჩაუყარეს ნოოგენეზის თეორიას, აზროვნების მსოფლიოისტორიულ და განვითარებისისტორიულ თეორიას. ეკონომისტების - ნიკოლაი კონდრატიევისა და ალექსანდრ ჩაიანოვის, ფსიქოლოგების -ლევ ვიგოტსკისა და დიმიტრი უზნაძის და კულტურის გენიალური თეორეტიკოსის მიხაილ ბახტინის ნაშრომებთან ერთად მათმა თხზულებებმაც შექმნეს ჭეშმარიტი ანდერძი იმ რევოლუციისა, რომელიც 1905 წლიდან მოკიდებული დღემდე ყოველი ჩვენგანის ყოფიერებში გადატრიალებას ახდენს. ბახტინმა ესთეტიკისა და დიალოგიკის სფეროებში თავისი კვლევებით სივრცის თეორიის („ქრონოტოპოსის“) საფუძვლები შექმნა, რომლებიც გუმილიოვის ევრაზიულ ფანტაზმებზე ბევრად მაღლა იდგა. აქ აქვს ფესვები გადგმული სულის (Geist) ეკოლოგიას, რომელიც რუსთაველის კოსმოსური ჰუმანიზმის, სულხან-საბა ორბელიანის ენციკლოპედიური აზროვნებისა და ვაჟა-ფშაველას ვიზიონერული მსოფლხედვის ტრადიციებს განაგრძობს. ამ მემკვიდრეობის ათვისება და შენახვა დაასრულებს მსოფლიო სამოქალაქო ომს და არა ახალი ევრაზიული იმპერიის ყალბი თერმიდორი. ალექსანდრ აიხენვალდს, ეკონომიკის მკვლევარს, ლუბიანკაზე (8) ერთ-ერთი დაპირისპირებისას შესაძლებლობა ჰქონდა ბუხარინთან, თავის მასწავლებელთან, მის უკანასკნელ მიზანდასახულებებზე ესაუბრა. იგი გააოცა იმან, რაშიც მისი მასწავლებლი მგზნებარედ ცდილობდა მის დარწმუნებას. ბუხარინი ამტკიცებდა, ახალი მეცნიერული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველგვარი იდეოლოგია, ეკონომიკა და პოლიტიკა დავივიწყოთო. საჭიროა ადამიანური ცხოვრების აზრი და ღირებულება ამოვხსნათო. აიხენვალდმა ვერაფერი გაუგო ამ უცნაურ მსჯელობას. ბუხარინმა ვეღარ შეძლო „ადამიანური ბუნების“ შესახებ წიგნის დაწერა, არც ის ვიცით, რა უნდა ეთქვა ჩვენთვის კონსტანტინე მეგრელიძეს ადამიანური ცნობიერების განვითარების თაობაზე თავის მეორე წიგნში. ბუხარინი 1938 წლის მარტში დახვრიტეს. მეგრელიძე 1944 წლის სექტემბერში გარდაიცვალა კაისკის ბანაკში, ქ. კიროვიდან ჩრდილოეთით. 1953 წელს უკვე ოთხმოცდახუთი წლის ალფრედ ვებერმა, რომელსაც ივან ესენინმა, 1945-დან 1949 წლამდე კულტურის ატაშემ გერმანიაში, არაჩვეულებრივი მოაზროვნე და უნივერსალურ-ისტორიული მეთოდით მომუშავე უკანასკნელი გერმანელი სოციოლოგი უწოდა, დაასრულა თავისი ნაშრომი სათაურით „მესამე თუ მეოთხე ადამიანი. ისტორიული ყოფიერების საზრისის შესახებ“. ეს მისი ბოლო თხზულება იყო და ის წარმოაჩენდა ახალი სამყაროსა და ახალი ამოცანების პერსპექტივებს.



1 Genius loci - ადგილის მფარველი ღვთაება, ადგილის დედა (ლათ.) (მთარგმ.)
2 მეზალიანსი - უთანასწორო ქორწინება (მთარგმ.).
3 უნილატერალიზმი - ცალმხრივ მოქმედებათა მხარდამჭერი დოქტრინა ან პროგრამა (მთარგმ.).
4 პროტუბერანცი - მზიდან ამოტყორცნილი გაზის მანათობელი მასა (მთარგმ.).
5 პასიონარობა (Пассионарность) - ლევ გუმილიოვის ისტორიულ-ეთნოლოგიური თეორია (მთარგმ.).
6 ესთეზისი - სამყაროს გრძნობითი აღქმა (მთარგმ.).
7 in situ - ადგილზე (ლათ.) (მთარგმ.).
8 იგულისხმება მოსკოვში, ლუბიანსკის მოედანზე მდგარი შენობა, რომელშიც განთავსებული იყო რსფსრ-სა და სსრ კავშირის სახელმწიფო უშიშროების ორგანოები.



Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen