Samstag, 17. November 2012

საშინაო და საგარეო კულტურა არ არსებობს


მარიკა ლაფაური-ბურკი
ჰამბურგი   14 ნოემბერი 2012    
                      

12 ნოემბერს როგორც იქნა პერსონალიების მთელი რიგი მძიმე ექცესების შემდეგ გადაწყვეტილება მიღებული იქნა. კულტურის მინისტრმა ბატონმა გურამ ოდიშარიამ საქართველოს საზოგადოებას თავისი როგორც ჩანს დიდი წვალებით შეკრებილი გუნდი გააცნო. ახლა წესით მომდევნო წინადადება უნდა დამეწერა: პირველ რიგში  მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ გადავიფიქრე, რადგან რაც უფრო ფიქრებს მივყვები, უნებურად სულ უფრო ვიჭმუხნები და მიჭირს წარმატების წარმოდგენა. ცარიელ სიტყვებად კი ვერ ვწერ კარგ სურვილებს. რაც მაწუხებს, ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ლიტონ სიტყვებად ვერ დავწერ. სიტყვების კიდევ ერთხელ უშინაარსოდ გამოყენება არ მსურს. ისედაც ძნელია საქართველოში დარჩენილი და გამოსადეგარი სიტყვების მოძიება. ისინი ფაქტიურად აღარ არიან. სიტყვები საზრისისათვის უვარგისი გავხადეთ. დამსხვრეული ქართული კულტურისაგან, ამ ლამაზი აწყობილი სადა და მბზინავი მძივისაგან, რომლის გაბნეული ბურთულები ბოლო წლებამდე ჯერ კიდევ იძებნებოდა საქართველოში, სულ უფრო და უფრო იფარება, სწორედ დარღვეული კომუნიკაციით და დასახიჩრებული სიტყვებით. უპასუხისმგებლო სიტყვებისაგან გამოწვეული სავალალო შედეგები ზემოთ თქმულის თვალსაჩინო მაგალითია  კულტურის სამინისტროსთან ამ დღეებში განმეორებით განვითარებულ სკანდალებთან დაკავშირებით.
კულტურა არის ერთადერთი საფუძველი, რაზედაც უნდა დაეყრდნოს ქართული სახელმწიფოს განვითარება. მხოლოდ აქ არის შესაძლებლობა საზოგადოების ჩამოყალიბების, ბანაკებად დანაწევრებული ადამიანების ცნობიერების გამაერთიანებელი იმპულსების მოძიებისათვის. მიუხედავად მწვავე დაპირისპირებებისა, კულტურის კრიზისი პოლიტიზირებული დაჯგუფებების წარმომადგენლებს ინტუიტიურად მაინც აქვს წარმოდგენილი და ამიტომაც კულტურის სამინისტროსაკენ მიმართული ყურადღება განსაკუთრებულია. სწორედ კულტურის პოლიტიკა იყო ის ერთერთი დამამძიმებელი პროცესი, რითაც შედეგადაც წინა ხელისუფლებამ ასეთი მწარე დამარცხება განიცადა. რამდენადაც ქაოტური და თვითლიკვიდაციის ჟინით არ უნდა იყოს შეპყრობილი  საქართველოს საზოგადოება, ის მაინც ვერ ეგუებოდა, - ვიტყოდი ვფიქრობ გადაუჭარბებლად, - მდაბიო პროპაგანდას, სადაც კულტურის კვდომა ყველას თვალწინ გაუთავებლად გრძელდებოდა.
საქართველოს არ აქვს შეცდომების დაშვების უფლება. ჩვენ კულტურული მეხსიერებისა და სივრცის დიგიტალურ სისწრაფეში მოყვანას უნდა ვცდილობდეთ. ქართული პოლიფონიის ფენომენის გაგებითა და გათვალისწინებით, სხვადასხვა პროექტების სახით, ფორმებს უნდა ვქმნიდეთ. და თუ ეს ყველაფერი გავიგეთ, გვჭირდება დრო. დრო, რომელიც არა გვაქვს. ამიტომ, ვიტყოდი, დროის, დროულობის შეგრძნებაა მთავარი, რაც ჩვენთვის საბედისწერო განზომილებაა. დროის შეგრძნება გარკვეულად ადამიანების სოლი დარობას გულისხმობს, შეკავშირებას, აზრობრივ სივრცეში გაერთიანებას. სხვანაირად ვერ შევიგრძნობთ დროს, რომელიც თავისთვის ცალკე წიკწიკებს. ფილოსოსფოსი ზაზა ფირალიშვილი რადიო თავისუფლებასთან 12.11.12 მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს საქართველო ს საზოგადოების პოზოტიურ ცვლილებას და ხაზს უსვავს, რომ ის მეტად ფრთხილი გახდა, რომ ადამიანები ანალიზისაკენ მომართულნი არიან. სწორედ ასეთი მიდგომით გვინდა ამ წერილის სახით შემჭიდროვებულად ჩვენი მოსაზრებების გაზიარება და იმედს გამოვთქვავთ, რომ ჩვენ ყველანი შევძლებთ სიტყვების პოვნას, რომელიც პირველ რიგში სწორედ კულტურული სივრცის აღდგენას გულისხმობს.
მიუხედავად მრავალრიცხოვანი მსჯელობებისა ქართული იდენტობის შესახებ, ფობიებით დაავადებულ ერზე და სხვ. დღემდე არ მომხდარა ქართული კულტურის სათანადო თემატიზირება.  წარმოებულ დისკუსიებში პირიქით, მისი ხშირად შეუცნობამდე დანაწევრება მოხდა.  რომ იტყვიან, სულ აირია მონასტერი. არმენოფობია ამ ე.წ. დისკუსიების ერთერთ საყვარელ ლაიტმოტივად იქცა თვით ვაჟა ფშაველასთან ამ უკანასკნელის აღმოჩენით, რ. სტურუას გავლით და ახლა ალბათ უკვე თავად კულტურის სამინისტროს კედლებში აღმოჩენილი. უცნაურია, როგორ იქმნება მთელი რიგი ხელოვნური და გამოუსადეგარი მოტივების  საკუთარი ნებით ისეთ ჯაჭვად გამოჭედვა, რომლითაც საკუთარ განვითარებას სალ კლდეებზე ასევე ჩვენივე ნებით მტკიცედ ვაბავთ.
ამ მოტივის მთავარ თემად გადაქცევის საფრთხის წინაშე ვდგევართ. საფრთხეს იმიტომ ვამბობ, რომ მუსიკალური ფორმის კანონებით, მოტივი ნაწარმოებში თემად არ შეიძლება რომ იქცეს.  (აქ რასაკვირველია ვაგნერისეულ ლაიტმოტივებიან სიმფონიზმზე არ ვაპირებ საუბარს)  ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილისეული ხედვით, ყველა ადამიანს აქვს თავისი თემა და როგორც გავიგე, ჩვენი, ადამიანების ძალისხმევა კონტექსტის შექმნისაკენ უნდა იყოს მიმართული. აქედან გამომდინარე, არანაირად არ გვსურს ამ წერილში გამოთქმული მოსაზრებები ვინმეს ინდივიდუალური ნააზრევის თუ გამოცდილებების დაკნინება იყოს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ კომუნიკაცია, თუნდაც მოგვიწიოს საკუთარი თემებით სხვადასხვა კონტექსტების კომბინაციების შექმნაში მონაწილეობის მიღება. საქართველოში გაჩენილი აუტიზმი, რომელიც უკვე მემკვიდრეობითობის ხარისხით არის გავრცელებული ჩვენივე საშუალებებით უნდა იქნეს თერაპირებული. ქართული აუტიზმის შესახებ საუბარს ვაპირებ. დიახ, ეს არის ჩემი ბოლო აღმოჩენა, რომელმაც ერთდროულად ამაღელვა და დამაშვიდა კიდეც. ახლა ხომ ვიცი მაინც რაც გვჭირს!
კულტურის სამინისტროში ბატონი ოდიშარიას მიერ მაგისტრად წარდგენის შემდეგ, იმავე საღამოს ახლად დანიშნული ხათუნა ხუნდაძე მიწვეული იქნა მაესტროს ეთერში, სადაც ის შეეცადა მოკლედ მოეხაზა ქართული კულტურის განვითარების საკუთარი წარმოდგენები  და გზები. მან მალევე ახსენა, რომ მისთვის:  -გასაგებია, რომ დღევანდელ საქართველოში პრიორიტეტული ვერ იქნება კულტურა .. () ამაში აბსოლუტურად ვეთანხმები მთავრობას და ყოველთვის ამ აზრზე ვიყავი.  შეიძლება მეც გერმანიიდან იმედით მომზირალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, გამომრჩა ის მომენეტი, როცა საქართველოს ახალი მთავრობისათვის კულტურა პრიორიტეტული არ იქნება. ეს შემაშფოთებლად ჟღერს. ერთია მიმდინარე დამაბნეველი და დანაწევრებული დისკუსიები ქართულ კულტურაზე, ხოლო მეორეა თუ მისი მნიშვნელობა ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, - კულტურა სახელმწიფოებრივი პრიორიტეტი არ არის.
ხათუნა ხუნდაძემ სუხიშვილების და მსგავსი ანსამბლებით ქართული კულტურის წარდგენის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა და თავისი გამოცდილება, როგორც ერთი კომერციული ტურნეს თანამშრომელიმა გაგვიზიარა. გადაცემის წამყვანთან ერთად განიხილეს თუ რომელი მიმართულების პროდუქტი შეიძლება ამ (ევროპული) ბაზრისთვის საინტერესო იყოს. ამ წერილში ამჯერად არაა ჩვენი სურვილი უფრო დეტალურად განვიხილოთ ინტერვიუში გამოთქმული აზრები, რომლებიც აუცილებლად განმარტებებს საჭიროებენ. მაგრამ სწორედ ეს არის ჩვენს შინაარს დაცლილ სივრცეში არასასურველი, - თუ ვერ ახერხებ თემის შინაარსის კომლექსურად არტიკულირებას, სჯობს ის არც ახსენო.
ამჟამინდელი ფორმატი არ გვაძლევს  საშუალებას, რომ გადაცემაში ნახსენებ თემებს შევეხოთ.  მთელი რიგი მოსაზრებები იქნა ერთბაშად გამოთქმული ფოლკლორის შესახებ, ამიტომ ამ საკითხზე მოკლედ შევრჩერდებით: ქართულ ფოლკლორს აქვს პოტენციალი, მაგრამ რა თქმა უნდა ახალგაზრდა თაობა ფოლკლორით ვეღარ ინტერესდება მე ვამბობ ახალგაზრდა თინეიჯერულ ასაკში. - ამობს რესპონდენტი. ევროპელი თინეიჯერების მოთხოვნილებებს გვერდი რომ ავუაროთ, ასევე ჩვენს მართლაც და ღვთის წყალობითა და ორიოდე ადამიანის საოცარი თავგანწირვით გადარჩენილ ათასობით ქართული მუსიკის ბოლო ჩაწერილ საუნჯეს, რომლიც იქნება და მართლაც ერთადერთი თუ არა, ერთერთი გადარჩენილი მატარებელია ქართული ცნობიერებისა, რომელსაც დღემდე დაფინანსება ვერ გამოეძებნა (ეს მართლაც ცალკე დიდი თემაა და იმედი მაქვს სხვა დროს შევძლებთ მის გაგრძელებას), - განა მართლაც ასეა ევროპაში? სანამ ამ შეკითხვას შევეხებიდით მინდა დაბეჯითებით ვთქვა: კულტურა არაა საბაზრო ეკონომიკა. მართალია, წინა ხელისუფლების იდეოლოგები სწორედ ამას გვასწავლიდნენ და თვით ქართული ენის დაცვის საკითხს საბაზრო მოთხოვნილებების კანონიკით უდგებოდნენ (გია ნოდია), მაგრამ მაშ რის შეცვლას ვაპირებთ? მხოლოდ კუტუნიოს აღარ ჩამოვიყვანთ და ძვირად ღირებულ კონცერტებს არ გავმართავთ, - განა შინაარსი იცვლება ამით? კულტურა პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა გქონდეს აღმოჩენილი, საკუთრივ უნდა იცოდე, რა არის შენთვის ღირებული. თუ ეს იცი, მაშინ მისი გასაღება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს! მეტიც, - იქნებ საკითხი ისე დადგეს, რომ მისი გასაღება და პროდუქტად წარმოდგენა სულაც აღარ იყოს საჭირო. გულდასაწყვეტია, რომ კულტურის სამინისტროს მხრიდან პირველივე განაცხადში ვერ მოვისმინეთ რაიმე ესთეტიკური ხილვა (ერიხ როთაკერი), რომლის დიდი მოლოდინი, მიუხედავად ყველა ავბედითობისა ჯერ კიდევ ბჟუტავს ჩვენს საზოგადოებაში.
ხათუნას ვფიქრობ, გამორჩა ევროპაში ხალხურობისადმი დაბუნების თვალნათელი ტენდენციები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლიბერალიზმის მიერ კულტურების „ფოლკლორული თმენის  მსგავსი ფენომენის ახსნას შეეცადა.ფოლკლორულობას”, რომელსაც მან ხსენებულ ინტერევიუში ხაზი სხვადასხვა ფრაზით გაამყარა, როგორიც მაგალითად იყო: - ფოლკლორსაც ცოტა უვარდება, ცოტა ჩამოდის დაბლა ზოგადად-  შესაძლოა მან გერმანულად Folklöristisch- იდენტიფიცირება მოახდინა, რომელსაც გერმანიში ნეგატიური კონოტაცია გააჩნია. ეს არ გულისხმობს ფოლკლორს. აქ საქმე გვაქვს ტერმინოლოგიის გამოყენებასთან. პირიქით, ევროპაში და სწორედ გერმანიაში ბუმია Weltmusik, -ის, რასაც ჩვენთან ფოლკლორი და ხალხური მუსიკა ჰქვია და თანაც სწორედ ახალგაზრდობაშიც. ეს დაბეჯითებით შემიძლია ჩემი დიდი გამოცდილებებით დავადასტურო. როცა 12 წლის მანძილზე მთელი ევროპის მასშტაბით ყველა აღიარებულ ფესტივალებზე ტურნეები გადაჭედილ დარბაზებში, დიდი წარმატებით გვაქვს ჩატარებული, ასევე საუნივერსიტეტო ლექციების ტურნე, უამრავი სემინარები და სხვ. არა მარტო მუსიკა!  ევროპამ აღმოაჩინა რა, თუ რის ფასად დაუჯდათ მათ კეთილდღეობის სტანდარტი, განსაკუთრებით ბოლო წლებში გაატიურებულია სხვადასხვა პროგრამები, მედია თუ სხვ. ენის კუთხურობის აღორძინების მცდელობებით. მუსიკალური არქივების თუ სხვა ნაციონალური მახასიათებლების  მოძიებით. ხალხური ხელოსნობის და სხვა ხელსაქმის დაცვა კი, აქ ისეთ ხარისხშია, რომ საქართველოში გადასაღებად სწორედ ეს ერთერთი საინტერესო და ჩემთვის სასურველ იდეად წარმომიდგენია. 
სწორედ ესაა ევროპელების ხიბლი საქართველოსთან გაცნობის შემდეგ, სადაც ისინი ევროპულობის საფუძვლებს პოულობენ. კულტუროლოგი და ისტორიკოსი დოქტ. ფრანკ ტრემელი აღნიშნავს: იმ დროს, როცა დასავლეთევროპულ ტრადიციაში აზროვნების ლოგიკურ და პათიკურ ფორმებს შორის ძლიერი განხეთქილება შეიმჩნევა, რაც უწინარეს ყოვლისა ხატისა და ცნების დაპირისპირებულობაში იჩენდა თავს, საქართველოში შემოქმედებითი იმაგინაციიმიერი ანტროპოლოგიის კვალი იძებნება, რომელიც ჩვეული დუალიზმისაგან თავისუფალიაამგვარ აზროვნებაში იმალება შესაძელებლობები, რომლებიც დასავლეთ ევროპაში ნაწილობრივ დაკარგულია.
ევროპელებმა უკვე გააცნობიერეს, რომ ლიბერალურ ეკონომიკაზე დაყრდნობილი საკმაოდ მყიფე კეთილდღეობა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ერთმა ჩვეულებრივმა მწვანე კიტრმა (EHEC -ვირუსის სკანდალი) შეუძლია შეარყიოს არ არის და ვერ იქნება ადამიანისათვის გამოსადეგი საყრდენი.  საქმე მხოლოდ დროშია. გლობალური ცვლილებები დამდგარია, მხოლოდ შენელებულია კონცერნებზე დამოკიდებული ადამიანების მიერ დანარჩენი ადამიანებისათვის. ჯერჯერობით ყრუ  გუგუნის სახით ისმინება. როგორ გაუმკლავდება ადამიანი და ბუნება ამას - დრო გვაჩვენებს.  ჰუმანიზმის ეპოქაში ადამიანები სულ ყფრო იშვიათობა გახდა - ამბობს ერნსტ იუნგი.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით შემაშფოთებლად ისმის საქართველოს მედიით საუბრის თემად „გარეთ გასატან პროდუქტზე ასეთი მძლავრი აქცენტით საუბარი. ამ თემის ნიმუშებად,- კლასიკური მუსიკა, ხოლო კომპონენტებად, - ლიზა ბათიაშვილი და მისი არჩეული ვიოლინოები,  რომანტიულ, მაგრამ აქტუალური ამბავი”- საქართველოს კუთვნილი სტრადივარის რუსეთში ყოფნა, რომელიც ჯერ უნდა გაირკვეს, არის ის მართლა სტრადივარი, თუ არა”, “სარაჯიშვილის მიბაძვა”… და ა.შ. - კომენტირებას ახლა გადავდებ, რომლებსაც დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია სიამოვნებით მივუბრუნდეთ. ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ კონცეპტუალურად გვაინტერესებს თავად პროცესების კომენტირება. მხოლოდ ასე გვეჩვენება შესაძლებელი  რომანტიული, მაგრამ აქტუალური ამბის კეთილი გაგრძელება. ამიტომ, ჩვენს წერილშიც ჯერჯერობით მხოლოდ პირველ საჯარო გამოსვლაში ნახსენებ თემებს მოკლედ ვეხებით.
მე თავად კლასიკური განათლების მქონე მუსიკოსი გახლავართ და ამ სფეროს საკმაოდ ახლოდან ვიცნობ.  ჩემი სურვილი იქნებოდა კლასიკური მუსიკის დიდი პრობლემებისადმი საქართველოში სერიოზული მოდგომა ჩამოყალიბებულიყო.  რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე გასულ მუსიკოსებს, რომლებიც რიცხობრივათაც და წარმატებებითაც საკმაოდ განებუვრებულნი ვართ, მათ ხელოვანის თავისუფლება დავუტოვოთ და ნუ ჩავაყენებთ დუბიოზურ პარტიულ სამსახურში და ჩვენთვის ცნობილი მაგალითების ჩამოთვლისაგან ამჯერად თავს შევიკავებთ. მათ თვით პატრიოტულ სამსახურსაც ნუ მოვთხოვთ... ისინი თავისი არსებობით უკვე არიან საქართველოს სახე. მათ ბევრი საინტერესო საქმის გაკეთება შეუძლიათ ქვეყნის შიგნით და ამის საშუალება „ღონისძიებების მიღმა უნდა მიეცეთ. წარმატებული მუსიკოსების პოტენციალის, ქვეყნის შიგნით სწაველბის ხარისხის გასაუმჯობესებლად გაჟღერებული ახლანდელი ხედვა, მისი განხორციელების შემთხვევაში მხოლოდ მისასალმებელი იქნება.
კულტურა არ არის დარგი და ღონისძიება. კულტურის სამნისტროს პირველ განაცხადებში ჩვენი აზრით მისი  არსებობის მთავარი იდეა უნდა გამოიკვეთოს, - საზოგადოებისა და ქვეყნის ახალი რენესანსისათვის მზადება!   არც მეტი და არც ნაკლები!  ეს მაღალფარდოვნათ ნათქვამი არაა. არა პროდუქტი, არა გასაღებაზე საუბარი, არამედ პირველ რიგში გამთლიანებაზე, კულტურული მოზაიკით საზოგადოების ცნობიერების განვითარებაზე, რომელიც პირველ რიგში ნდობით და შემოქმედებითი გარემოს შექმნით შეიძლება მოხდეს. კლასიკური მუსიკა და მისი განვითარება ამ მთლიანის ნაწილად მიგვაჩნია და ჩვენს დანაწევრებულ ცნობიერებაში სწორედ ერთიან კონცეპტუალურ გააზრებაზე მინდა ვიფიქრო და არა დარგებზე. ეს შეიძლება ამ წუთას კაპრიზად ისმოდეს, მაგრამ რაიმე შიშით, მის უკან წაღებას არ მოვინდომებდი. მხოლოდ ვკითხულობ და ეს არის ჩემი კაპრიზი: ვიცით რა არის ეს მთლიანობა? უფრო სწორედ, ვიცით როგორ შეგვიძლია რაიმეს გამთლიანება, ჩვენს სულებშიც და ჩვენი სულებით?
ამ წერილის წერისას ერთი მეორეს მიყოლებით გავრცელდა სხვადასხვა მასალა, რომელიც ერთი დღის წინ არჩეული კულტურის მინისტრის ორ მოადგილეს საკმაოდ ჩრდილს აყენებს. როგორ მოვექცეთ ამ ფაქტებს?
„ბოდიშს მოვიხდიდი, ალბათ, იმ შემთხვევაში, თუ როგორც საჯარო პირი, ისე დავწერდი ამ ფრაზებს. თუმცა, როგორც საერო პირი, სახლში, ჩემს მეგობრებთან, დასთან, ძმასთან როგორ ვიმეტყველებ, ეს სხვაა.“ (ხ.ხუნდაძე)
საციალური ქსელი საჯარო ადგილია. ამ საჯარო სივრცეს საქართველოში არაჰიგიენურად ვექცევით. ესეც კულტურის კრიზისის მაჩვენებელია საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილმა თავის პირველ ინტერვიუში მეზობელთან ურთიერთობას, ზრდილობას, სიფაქიზეს  ნიჭი უწოდა. მაშინ მე მომეწონა ეს მოხდენილი აზრი, რომელიც ალბათ იმასაც გულისხმობდა, რომ  არ არსებობს საშინაო და საგარეო კულტურა. არც ერში და არც ადამიანში. ის ან გაქვს, ან არა. თუ კულტურის არსებობისათვის რაიმე მოცემულობები არსებობენ, მას ყოველდღიური მოვლა უნდა. მოვლას კი ცოდნა, კეთილგანწყობა და სიყვარული. ჩვენ ჩვენი კულტურით უნდა მოვახერხოთ ამ კატეგორიების პოლიტიკის მიღმა განლაგება და პირველ რიგში კომუნიკაციის აღდგენით დავიწყოთ.
და ბოლოს ალფრედ ვებერის სიტყვით დავამთავრებ: მაგრამ ჩვენ () შეგვიძლია ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ ყოველი ჩვენგანინ რაღაცას წარმოადგენს () არა მხოლოდ თავისი ქცევის, არამედ უწინარეს ყოვლისა თავისი არსებობის ფორმის წყალობით. ბევრ ჩირაღდანს ნათელი მოაქვს, ძალიან ბევრ გამათბობელს - სითბო. თქვენ იყინებით და შიშით ცახცახებთ ამჟამინდელ ყოფაში. თქვენზე, თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული ამ ვითარების შეცვლა.
PS: ჩვენი სურვილი იქნებოდა, ქართულ მედიას ხელი შეეწყო ამ თემებზე თავისუფალი საკომუნიკაციო სივრცის შესაქმნელად.

სტატია მცირედი შემოკლებებით გამოქვეყნდა ჟურნალ ლიბერალში
http://www.liberali.ge/ge/liberali/articles/113228/

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen