Freitag, 12. Februar 2016

ჩანაწერები&ლირიკა. მარიკა ლაფაური

ნაწილი I იხ:
http://einblickgeorgien.blogspot.de/2015/12/blog-post.html

----------------------
08.02.2016
ჭიანჭველას ფიქრები ორშაბათ დილას წყნეთიდან თბილისამდე


შენ კაცი ხარ და მე ჭიანჭველა
შენ ღვინოსა სვავ და მე წყალს,
შენ ქუდი გხურავს  კაცობის,
მე კი ანტენით დავდივარ,
შენ ერთად ხედავ ყველაფერს,
მე კი დეტალს და ნაწილებს.
შენ თავს იმართლებ როდესაც-
ტილის ზეაღსვლის ამბებზე
ანდაზებს გვითხზავ ხალხურად.
მე კი რწყილებთან ვმეგობრობ,
თოკსა ვგრეხთ ძმობის მანტრითა.
მე ჩემი ცოდნით დავდივარ
ტექტონურ ბზარების მივყვები,
შენ ქუდი გხურავს (ხანდახან),
თან მუდამ რაღაც გზას ეძებ.
მე ჩემი ტრადიციითა სახლებს ვაშენებ ქალაქურს,
შენ კი სულ მოსპე სოფელი,
ხეებს ჭრი, გინდა რომ გა-ურბანულდე.
თან ტრადიციებს დასცინი,
რაღას ეტაკო არ იცი.
რა დაგარიგო, რა გითხრა,
"კაცური კაცო", (ეს ვინ მოიგონა…)
შენ ჩემი ენა არ გესმის.

……. ეჰ……




12.02.2016


საგაზაფხულო ფხლის დამზადება. "როცა აყვავდება ია"
მე თქვენ გასწავლით ერთ კარგ რეცეპტს:
მწიფე ბროწეულს კანს შემოაცლით, და-
თუ შეეცდებით მის გაფცქვნას ფრთხილად და თანაც ბასრ დანას იხმართ,
ნახავთ, როგორ გავს ტვინის ხვეულებს, - მარცვლების რიგი კრიალა კანით.
დაიწყეთ მისი მარცვალ-მარცვალ დაშლა და გაჰყევით ფიქრებს.
(აბა, ტყუილად ხომ არ იდგები)
წარმოიდგინე, თითო მარცვალი, თითო აზრია შენი.
რაც გიცხოვრია და რაც გინახავს
ეს ყველაფერი - აი, მარცვლებში.
ამ დროს მიხვდები, რომ ბროწეულის მარცვლები
ბევრად მეტია, ვიდრე შენი აზრები.
აქ შეგიძლია შეწყვიტო ის გზა,
სადაც მანამდე ფიქრებს გაჰყევი.
იმედია, რომ ეს გზა, არ იყო გრძელი
და უკან მოსვლისთვის ჯადოქრების ფოკუსნიკობა -
(რომლებიც სხვათაშორის შენს კედლებში, მანდვე მაცივართან,
ყოველი შემთხვევისათვის უჩინმაჩინად დამწკრივებულან)
- არ დაგჭირდება.
გირჩევ კიდევ, ხშირად სველი ტილოთი იწმინდო ხელი,
რადგან გაწებილი თითებით
ბროწეული, ოდნავი ხელის მოჭერით, წითლად წვენს ასხავს.
თავად რეცეპტი კი იის ფხალია, 
ოღონდ სადაც
ორი მესამედი ვარდის ფურცელი უნდა ერიოს.


21.03.2016
ზამბახის ხე
.რაც არის ღამით
არ არის დღისით,
მაგალითად, ზამბახის ტყე.
ღამით ბნელა,
დღისით კი არა.
ლურჯი ზამბახი დილით რომ ჰყვავის
ღამით ის თურმე ანათებს უკუნს.
დღეს თავისი გან-რიგი აქვს,
ღამეს კი არა.
– ისევე როგორც სიკვდილს.
დღისით თუ რამ კმაყოფით გაზომილს
ღამით საზღვარი ეშლება, –
ისევე როგორც სიცოცხლეს?
დღისით მოხურული კარები
ღამით დაგხვდება ღია
და დაინახავ ზამბახის უზარმზარ ხეებს,
ხოლო, მის ძირას მოსაუბრე ვიღაც მომღიმარ სტუმრებს.
დღისით ნანახი სასწაულები
თუ სუნთქვას გიკრავს გან-რიგებს შორის,
(პენი-მარკტის რეკლამები,
რადიოში მოცარტის მუსიკა)
ღამით ისუნთქავ ბლანტ და ნოტიო
ზამბახისა და მთვარის სხივებს.
ამ დროს ივსები ღამით, როგორც ჭურჭელი, თუ დოქი იქნებ,
რომელიც დღისით ღვინით აავსეს.
და მაშინ იცი ერთი რამ:
ეს დიდი, ლამაზი ზამბახის ხე, 
საფლავზე იზრდება თურმე.


23.03.16
დაანონსებული ევენტი „განწირულობა და გამკვრივება“ 
ვირტუალური პასიონები

წირული, წირული, გან-წირული,
წრიული, წრიული, გან და განა,
სტიური, სტიური, ინტენსიური,
ვრება, ვრება, ცხოვრება ძვრება.
ცხოვრებას ძვრება ცხოვრება,
ება, ება, გება, მება,
სიტყვებს სჭირდებათ "გან"
და ამიტომ ვიცეკვოთ გან და გან
მაშინ ებას, გებას და მებას, 
დაემატება გან-ება
გან-გება,
გან-მება,
მკვრ, მკვრ, განას ვთხოვ გან-ს
და განმკვრივდება ცხოვრება,
ცხო, ცხო, - განცხ (რ)ობით 

13.09.2016
კოსმეტოლოგი, რომელიც მგლებს აყმუვლებს. 

დილაა ადრე.
ვზივარ ოთახში კოსმეტოლოგთან.
მესმის მგლის ყმუილის ხმა, 
ჩიტის ჭიკჭიკი და ზღვის ხმაური.
ვათვალიერებ კედლებზე დიპლომებს,
სერთიფიკატებს: სილამაზისთვის,
დერმატოლოგიისა და პედიკურისთვის, -
ჩარჩოში ჩასმულს და ბეჭედ დარტყმულს.
ვუყურებ იქვე ლილიპუტ ფანტანს, 
რომელიც ჩუხჩუხებს, 
ხოლო მისი ჩუხჩუხის მიზეზი
ელექტრო-ენერგიაა,
რახან დენშია შეერთებული.
უეცრად შეწყდა ეს მგლის ყმუილი,
რომელიც თურმე, ისევე როგორც ფანტანი
დენში ყოფილა შეერთებული.
მომიბოდიშა კოსმეტოლოგმა:
„რაღაც გაფითრდით, იქნებ არ მოგწონთ 
აქ ჩემი ჩართული ბუნების ხმები,
გნებავთ, სხვაც კი მაქვს, სადაც მგლის ნაცვლად 
დელფინის ხმები ისმის“.
ეს არის დღე, როცა შენ კვდები,
ეს კი ოთახი კოსმეტოლოგის,
სადღაც  კოსმოსში.

18.09.16
Gif დავით გურამიშვილი და კიდევ სხვა
ფანჯრის შუშა ირეკლავს სანთელს,
ორივეს ციმციმს ვუცქერ.
მე მხოლოდ ეს წუთი მიყვარს
და ვხუჭავ თვალებს.

დაბნელებისას ვბუტბუტებ
ჩემს საზეიმო ლოცვებს,
მე მხოლოდ ეს წუთი მიყვარს,
უჩემოდ ყოფნა ყველგან.
სასაფლაოზე ლეღვის ხე,
როგორ გაზრდილა! ფოთლები უბზინავს მზეზე!
მე მხოლოდ ეს წუთი მიყვარს,
და ვწყვეტ მწიფე ლეღვს.
ჩიტი კიდია თივის,
ღამით დაფრინავს მხოლოდ
მე მხოლოდ ეს წუთი მიყვარს,
მდუმარე ჩიტის ჭიკჭიკზე ფიქრი.
გავაღებ კარებს, იხსნება ღამე
და მას ჰკიდია მთვარე.
მე მხოლოდ ეს წუთი მიყვარს
და არ გადავდგავ ნაბიჯს.
„ვერ იცნეს“ „ვერ დაინახეს“
„მაგრამ ნათლად ჩანს ნათელი“
მე მხოლოდ ეს წუთი მიყვარს,
ბუნდოვანება ირგვლივ,
როცა არ იცი,
რას დაინახავ პირველს.


ართანა 
მე ვნახე კაცი, ადამიანი, წითელი ხელთათმანები,
ვნახე ღიმილი ჩემიც და მისიც, ცელქი ჰაერი, ღრუბლის ნაფლეთი, 
ჩემი და მისი ჩრდილი გზაზე მოძრავი,
აქ ტყე არ არის და არც წითელქუდა, 
რომელსაც მგელი ელის და მზაკვრობს 
ამ გზაზე მხოლოდ აი ეს კაცი, წითელი ხელთათმნით დადის.
აპრილი, 2015

03.12.16
ნისლის კედელზე ვწერდი - "მიყვარხარ" 
მზემ კი ის მიწაზე ბალახს მოჰფინა.
როდესაც ცვარი ბრჭყვინავს მიწაზე, 
ეს ის სიტყვაა, მე რომ დავწერე.

22.12.16
შობის კვირაში მოშუშებული გული
გულში მაქვს ერთი იარა,
რომელიც არ მოშუშულა დროში.
ახლა რახან ყოველ წუთს ველი
შეხვედრას შენთან ჩემო ძვირფასო,
ჩავხედე ჩემს გულს,
ტკივილით სავსეს
და კვლავ ეს იარა არ შემრჩა ხელში?!
-პირდაფჩენილი და დაღრეჯილი
ამ ჩემს ტკივილებს შორის
ჩაჩხერილი!
შიგ ჩაფენილი სალბუნ-სტიქონის
კვალიც არ ჩანდა არსად!
აჰა! რახან ასეა
ავიღე ახლა ხახვი,
გავფცქვენი, დავჭერი,
ჩავყარე ქვაბში
და დაბალ ცეცხლზე დავიწყე მისი შუშვა.
ვშუშე და ვშუშე,
მანამდე სანამ,
ოქროსფერ მასად არ იქცა სრულად.
ხელით ვურევდი,
თავში კი შუშვაზე
უამრავ შეკითხვებს ვსვავდი:
მოშუშვის, შუშის, იარისა და ბუხრის კავშირზე.
მოშუშვას მოვრჩი
ახლა კი ვფიქრობ,
რა ვუყო ამ ხახვს?
გამოდის,-
ლობიოს მოხარშვაც მომიწევს.

27.05.2017
გრიპი

დღეს ავად გავხდი და მომენატრა ლექსი.
მერე მომინდა რომ ყველა ლექსი ერთად შევკრიბო 
და მერე ეს ყველა ერთად ვასხივნო;
ეს სტრიქნები, თუ კუპლეტები ჩავიხუტო და გარს შემოვივლო,
ერთ გალაქსიად გადაქცეული მეც სადმე ამ სამყაროში ადგილი ვპოვო;
აქ დავისვენო, სტრიქონებს შორის,
რომლებიც პოეტების სულთა ფენილად
ვერცხლისფერ ბადეთ ცაში ჰკიდია.
აქ დამეძინა და როცა ძილში გამომეღვიძა,
ვხედავ ფერებად მოლივლივე სხვა გალაქტიკებს;
ყველგან ვიღაცა  იქ მყოფი ვინმე
ჩემსავით ლექსების სტრიქონებს შორის,
სხვადასხვა ფერის ბადეში ცოცხლობს.
აი თურმე, როგორ ყოფილა, ვთქვი ძილში მღვიძარემ გულში,
და ველი იმ ცრემლის დაცემის დროს, რომელიც დაძინებიდან გამოღვიძებულს
უნდა ჩამომყვეს სადმე  ლოყაზე.

28.05.2017
წრფელობითი ბრუნვა

ავიღე ერთი სიტყვა და წავიყვანე ექიმთან;
კი არ ტიროდა ან რამეს ჰკვნესოდა,
მაგრამ ასე რომ მოეკუმა პირი
და სტრიქონში უნდილად  თავისთვის იჯდა,
ვიფიქრე, რომ ამოვსვა და ვცადო ვუწამლო რამე,
იქნებ გახალისდეს და თავად ნირდაკარგული
ჩვენს სტრიქონებსაც არ უკარგავდეს ასრე რიგ ლაზათს. 
თორემ აღარც ღრამატიკა-ი და აღარც სინტაქსი-ი აღარ შველოდა
დაწერილ სტრიქონს.
დავისვი ხელზე, ფრთხილად შევკარი მუჭა, დავეშვი კიბით
და ჩვეული გზით გავწიე ქალბატონ შვარცთან.

როდესაც პარკში გადავუხვიე, სადაც ყოველთვის მე ვხალისდები,
განგებ ნაბიჯიც კი შევანელე,
რომ იქნებ იქვე შაშვის ჭიკჭიკზე
სიტყვას სნეულსა გულზედ ეამოს;
ხელი ავწიე, მზეს შევუშვირე, 
მუჭაში თითებიც ღრიჭოდ დავტოვე.
ასე ვიდექი ერთ თუ ორ წუთას და ვბუტბუტებდი
სხვადასხვა სიტყვებს.
(ამ დროს იქნება ვგავდი ერთერთს, ვინც თავის დროზე
¡Viva Chile! ¡Viva el pueblo! ¡Vivan los trabajadores!
Estas son mis últimas palabras y tengo la certeza de que mi sacrificio no será en vano, tengo la certeza de que, por lo menos, será una lección moral que castigará la felonía, la cobardía y la traición.
ისმენდა? 
ან აი იმ ქურუმს, ვინც ეს ჩემი, მუჭაში პატარა სიტყვა,
გამოიგონა მაშინ, ხელში რომ წყლით სავსე ვერცხლის თასს ღამით მთვარეს უშვერდა.)
ქალბატონ შვარცთან ფრთხილად გადმოვსვი 
უთქმელი სიტყვა  მაგიდის პირზე და 
დავიწყე ახსნა მდგომარეობის, 
სიტყვაზე, რომელსაც ნირი ეცვალა.
ექიმმა ფრთხილად თითი მოუსვა, 
ცალ-ცალკე ასოს ჯირყვლებიც ნახა,
მორფოლოგიაც დააცალკევა და საამისოდ პინცეტის წვერით, 
კარგა ხანს თითოეულ მარცვალს ხელში იყვანდა. 
ცოტა ხნის შემდეგ, მითხრა მან რეცეპტის სახით, 
აბა მოდიო, წაიყვა სახლში 
და ერთი კვირა წრფელობით ბრუნვით 
ჩასვი-ამოსვი სხვადასხვა ტექსტში, ექვსს ეპოქაში, თითოში ოთხჯერ,
ხუთი დღის შემდეგ კი ერთ რომელიმე გადაშლილ წიგნზე 
დასვი ფრთხილადო. 
აი აქა ზის, ჯერ ხმას არ იღებს,
არც მე არ ვიღებ. ეპოქებს ვარჩევ.


13.05.17
გაბუტული „ც“, ანუ დრამა ც-ს გარეშე
- მოდი აქ შენ!
გეყურება? გაბუტვას გიჩვენებთ შენ! უყურე ამ თავხედს?
- ნუ ეჩხუბებით, რამე დაუყვავეთ,
აბა, უთხარით ცავატანემ, ცავატანემ… იქნება მობრუნდეს?
- რა დავუყვავო, რა! დაგვარბია მთელი ლექსიკონი!
- რა მოხდა მერე, დავესესხოთ იმათ, ევროპაში, t და s ხომ არის ეგ?
რას ამბობ! ეგ სახრჩობელასავით ასო და ეს გველივით კლაკნია უთავბოლობა?! ჩვენს გვერდით?
- მაშ აგერ, რას უწუნებთ Z-ს?
- ღმერთო ჩემო, როგორ არ გესმის, ეგ ზორო თუ იქეთ-აქეთობა ჩვენს სიმრგვალესთან?
- მაშინ გავძახოთ იმათ, აი ჩვენს პარტიულებს, სწორედ ახლა მუხლს იჩოქებენ;
არა მგონია დაგვამადლიდეს, როგორც მეზობელს, გვაჩუქოს ერთი ასო!
- და შენ გგონია კირილი - ა სწორედ ამ ადგილიდან ამოიგლიჯავს რამეს საჩვენოდ?
- მოდი აქ, გეყურება? შე, უტიფარო ნამდვილო!
ამდენი ხალხი მაღლა ყურებით დარჩნენ, როგორც გამხმარი ხეები!
- ვერ გამოგია, ვინ უთხრათ, იყურეთ ასე მაღლაო?
იხოხონ, როგორც ყველა ხოხს და სჭამონ მიწა, თუ სხვა საჭმელი გამოელიათ!
უფრო კარგს გეტყვით: სჯობს ყველა სიტყვა გადავაკეთოთ და ლექსიკონი ასე დავტოვოთ! ო-ნება! ო-ნება! სულ არ გჭირდება ეს ერთი ასო! ნახე, რა კარგად გადაიქეცი ნებად, ო ნებავ! ნებელო (თანაც ნობელი!)
- აბა, დაუკართ მარში და თქვენ ყველანი -ვარი, -იბრუტი, -ელქი, -ისკარი, … და ყველა, ვინც ხართ! აბა, მარდად, გადაიბარგეთ!
… იწყო მიმოსვლა ამდენმა სიტყვამ, ამ ერთი ასოს გაჯიუტებით, 
ვინ რა გზას ადგას და რა მოელით?


11.10.2017
სეზონური სეზანი

რა დამრჩენია სხვა ენაჩავარდნილს? - 
კატების პოსტვა ქსელში ბმულებად. 
ქართული სიტყვა ნაბურთავები, 
ან გაჩხერილი სხვადასხვა ქსელში, 
რომ შემომცქერის კვნესის გარეშე, 
სმაილს ვუხატავ, (ზოგჯერ ასეთ დროს კიდევაც ვცეკვავ,) 
და წინ მივდივარ, -  სკროლვა და ქროლვით, 
შენთან მოვდივარ ჩემი ამალით: 
ტყემლის ყვავილის კორიანტელით და  შემოდგომის ფოთლების ცვენით.

21.07.18
ხევში ნანახი

ცისფერი პეპელა ზურგზე აგდია,
ჭრელი პეპელა ჩიტის ხმით გალობს,
საკუთარ თხრილზე მდგარი თხუნელა
თითებს უპარჭყავს მზეს.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი,
ექვსი, შვიდი და რვა.
ცხრა და ათი წავიდნენ სახლში.
სახლი მრგვალია, ეტყობა ნოლია.
ცხრამ დაიძინა, ერთი კი დგას.
რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი და სამი
მიდი-მოდიან, აქედან იქ, იქედან იქ, და იქედან იქ.
ამ ცხრიანს სძინავს, სძინავს და სძინავს.
საკუთარ თხრილზე მჯდარი თხუნელა
მთვარეზე უკრავს დოლს:
სსსსს გნახე შემიყვარდისსსსსსგნახე შემიყვარდისსსს

16.05.21

შაბათს. 

დილას შევცქერი და სტრიქონს ვეძებ,

რომ დავაფინო თეთრ აბრეშუმზე.

დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ 

შენი სიტყვების გამოქვაბულში.

შენ სულ მანდა ხარ და ყოველთვის მელი,

ზამბახისფერი გრძელი ხელებით.

ხან მიწას ვჩიჩქნი, ხან ნიავს ველი

რომ სუნთქვა ჩემი გავუთანაბრო

შენი ფიქრების სამხმოვანებას.

ფეხის აკრეფით გიახლოვდები,

ვიცი რომ მანდ ხარ, ვიცი რომ მელი.

ამ დილის მადლით გაღვივებული,

მიწის ოხშივარს სუნთქვა აღმოხდა,

თეთრი ქსოვილი უცებ შეირხა.

გთხოვ, მომაწვდინო ორიოდ სიტყვა

საღამოს ნისლის ჩამოწოლამდე,

რომ მოვაღწიო იქ სადაც შენ ხარ,

რომ არ ვამტყუნო დღეს ღამის ყოფნა.  


16.05.21

ვისაც მუსიკის ესმის.


მხოლოდ აი ეს დარჩა მუჭაში:

ტ, ლ, გ, და კ.

ეს ოთხი ბგერა და ვფიქრობ რა ვქნა.

ვფიქრობ, ხომ არ დავაწყო სეპტაკორდივით.

-და გადაწყვეტა? - ვუთხარი ჩემს თავს, 

სეპტაკორდს ხომ გადაწყვეტა უნდა ყოველთვის,

ეს სასწრაფოა, თორემ იწვალებს,

დაიჭიმება და კიდეც დასკდება.

ო, ეს არ მინდა! მაშ, სადა ვნახო გამოსავალი?

ასე დავტოვო, იქნება გაქრნენ, 

ან სულ დაკარგონ ყველა თვისება. 

შორს მოვისროლო და გადავყარო, 

შიში დამრჩება, რომ მე გადავყარე. 

ან წავიდე, ვიარო, ვოპოვო ვინმე,

ვთხოვო და იქნებ გამოიმეტოს

ერთი ბგერა, რაც გადაწყვიტავს

ასე დარჩენილ სეპტ-აკორდ წყობას.

მღრღნის კი ფიქრები: შენი ბრალია, 

რატომ დააწყვე აკორდის წესით?

რომ ყოფილიყვნენ თავისთვის ასოდ,

არც მოისმენდი ჟღერად,

და გაქრებოდნენ ჩუმად,

როგორც ქრებიან ხოლმე,

როგორც იტყვიან: - „სადღაც“!

ცოტა ვიფიქრე და მოვიფიქრე,

გულზე მომეშვა შფოთი,

ფერად კენჭების ყუთი,

ხომ ტყუილად მიდევს აქვე,

აი თქვენც, ტ,ლ,გ, და ჩემო კ-ვ,

მაგ ყუთში ჩაგდებთ მათთან.

თითქოს გადაწყდა საქმე, 

თითქოს დალაგდა გული,

არც კი შეკითხვას დავსვავ,

ასე არის და იყოს. 


16.05.21

შაბათის მეორე ლექსი


დღეს ამეტირა მადლობისაგან,

მიზეზად ერთი თეთრი ტილოა, 

თუ გაქვთ ასეთი ტილო,

თუ ის ფარდაა უბრალო, 

თუ მზე ცოტა მაინც ანათებს, 

-გამოჩდებიან სულ პაწაწინა 

კიდევ ფანჯრები, კიდევ ფანჯრები,

ძაფსა და ძაფს შუა.

ოთხკუთხედები, ოთხკუთხედები,

როგორც დაჩხვლეტილი ცა. 

აი როგორც ფიქსელი, ყველამ ხომ ვიცით.

ერთი ფანჯარა გადაიქცევა,

ბევრ, ბევრ ფანჯარად,

და აი ამ ყველა ფანჯრიდან,

შემოდის შუქი,

აი ამ ოთხკუთხედებში!

მერე თუ გინდა ხომ შეგიძლია 

შენ თავად დაყო: სამკუთხედებად, დიაგონალზე.

და თუ გაჰყვები ამ დიაგონალს 

(თან ეს დამრეცი, სულაც არ დაგღლის!)

სულ შეუმჩნევლად გასცდები ქსოვილს-

OTTO-ში ნაყიდ ფარდას! 

კედელს გაივლი და წაიფარფატებ, 

აქვე, აივანს ახლოს.

ჯერ ხომ არ იცი საით წახვიდე,

(მაინც სხვა ფიქრიც გახლავს)

ტირილს მოვრჩი და ახლა ვფიქრობ, 

ხომ არ ავუყვე ჩანჩქერთან ბილიკს.









Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen