Mittwoch, 2. Dezember 2015

ლირიკა&ჩანაწერები/მარიკა ლაფაური

მეორე ნაწილი: http://einblickgeorgien.blogspot.de/2016/02/blog-post.html
18.01.2015
სელფი
ამ ლექსს წარსული არ აქვს, რადგან "სელფია" შიგ ნახსენები, 
ის მხოლოდ დღევანდელია და არც სამომავლოდ ვარგა. 
მინდოდა მენახა თავი, როცა თვალები მხუჭავს. 
(ეს სიტყვა -"მხუჭავს" ადგილზე მჭმუხავს, მაგრამ მათ ერთმანეთი აღმოაჩინეს) 
ჰოდა დავხუჭე თვალი, ვითომ ვარ მკვდარი და გადავიღე სელფი. 
რაზეც ვიფიქრე ჩამოვწერ, მხოლოდ სიტყვებად ცალკე: 
კვირა, უსაქმურობა, საქმეების სია, ეს თან რომ გალურჯდება, 
არასოდეს, სიღრმე, თვალი, ლამაზი, ლაზო, ეს თაროები, ცა, 
უსასრულობა და სხვა... 
კიდევ ბევრი სხვა..


18.01.2015
აივანი
როცა ვიყავ ახალგაზრდა, გავდიოდი აივანზე, ვუყურებდი აისს და ვუყურებდი დაისს. 
ვიყურებოდი ქვევით, რადგან სახლი გზაჯვარედინზე იდგა. 
ველოდი ვინმეს, (რასაკვირველია) ზღაპრიდან მოსულს, რადგან ვიცოდი: 
ისინი გზაჯვარედინზე მოჰყავს განგებას. 
ვხედავდი ყველას, ზოგს ხილ-ბოსტნის რიგში პირდაპირ, 
ვხედავდი მათაც, ვინც მოსულიყო სპეციალურად, საუკეთესო პრაღის ტორტის საყიდლად. 
ახლა როდესაც ახალგაზრდა აღარ ვარ, 
არ გავდივარ აივანზე, ოღონდ თავს ვიმტვრევ - ვარ გზაჯვარედინზე, თუ ვარ გზაჯვარედინი. 
ჩაის კი ვსვავ და ესე იგი თავის მაგივრად მგონი რაღაც სხვა დამტვრეულა.

18.01.2015
 დაფნა
ვისუნთქავ დაფნის იმ სურნელებას, რომელიც ჩემი თავიდან მომდის, 
არეულს თმაში, ჩახლართულს ტოტებში, ჩემი მეგობარი ყვავი ზედ რომ ისვენებს ხოლმე. 
აღარ მტკენს სახეზე ყვავის ბრჭყალები და აღარც შიში მაქვს თუ გაფრინდება. 
ქვიშის ხორკლები (სინამდვილეში მიწა უბრალო), ქარი,  აშრიალებს დაფნის დარჩენილ ფოთლებს.
(აქ შესაძლოა ვინმეს ლობიოც გაახსენდეს) 
ასე ვიჯდები ჟამად დაფენილ დაფნის სურნელში,  
მოყვარული მისი საიდუმლო შავი თვალების. 

18.01.2015
პლაზმა
ახლა საღამოს, როცა მე ვსტირი და ვუყურებ გამორთული ტელევიზორის ეკრანს, 
ვიცი მხოლოდ რომ მას პლაზმა ჰქვია და ჩემთან ერთად მას ღუნვადი ტორშერიც მისჩერებია.


30.01.2015
ტონიკა
ამ საღამოს, წეღან, როცა ვჭრიდი ხახვს,
შეერია ერთმანეთს ნამდვილი და ხახვის ცრემლი, 
ზუსტად ისე, როგორც ყოველთვის, 
დღეს ღამე, ღიმილს ღიმილი, ოღონდ სხვადასხვა, 
სიზმარს სიზმარი, ორი არა, - ბევრი, 
ფორე ისმოდა სწორედ ამ დროს გრძელი ტონიკით.

26.03.2015
წიწვებიანი პომიდორი
ლექსის დაწერა მინდოდა და პომიდორი მეზმანა,
განზე გავდექი მთვლემარე და დავაკვირდი სამივეს:
პომიდორს, მუზას და ჩემს თავს.
მუზამ მაშინვე დათმო და ხვალისათვის გადადო,
პომიმდორმა კი, იმძლავრა და მასში წიწვები ჩაერჭო, 
ჩემი თავი კი, უკვე თითქმის მძინარე,
თან გახალისდა და ცოტაც გაოცდა, 
დაყნოსა ფიჭვისა და ტომატის სუნი,
მუზას გაჰხედა, რომლის კონტურიც უკვე ქრებოდა
და მიხვდა, რომ წიწვებჩარჭობილ პომიდორზე
სამხიარულოდ გვერდით უკვე არავინ ჰყავდა.
მაშინ მივბრუნდი საკუთარ თავთან, 
ცოტა სიბრაზით, მაგრამ მაინც იმედით
და ჩამეძინა მგონი უსიზმროდ;
მხოლოდ ტომატისა და ფიჭვის სუნი,
გა-დარჩა საგნად, რომელსაც ახლა 
მიხედვა უნდა.

13.06.2015
მეოთხე წერილი მურმანს„grin“-Emoticon 
გთხოვთ მომიტანოთ უკვდავების წყალი, დალევა არა, - მხოლოდ ხელების დაბანა მინდა. 
ონკანის წყალმა მხოლოდ კანი გამიუხეშა. 
ცამეტ ლექსს ვეძებ უკვდავებისთვის და რომ მგონია უკვე ვიპოვე, 
ყოველი თვის ცამეტ რიცხვში კენტად თუ წყვილად ზოგს ისევ ვკარგავ. 
და თუ ხელები სუფთა მექნება, 
მაშინ ამ ლექსებს, 
როგორც ყურძნის მტევნებს კარგად დავიჭერ ამ თვის ცამეტში 
და იმ თვის ცამეტში თქვენ უკვე უკვდავებას იხილავთ თქვენს წინ.

17.10. 2015
ორნი
ვარდი, არა ჰაფეზის, - არამედ ალდის,
ჩავდე,- არა პრუდონის, არამედ იკეის ჭურჭელში,
მაგრამ, თაიგულიდან ავიღე ორი, 
მათ ორივეს ორი სიტყვა ვუთხარი მხოლოდ
და გავდგი გარეთ. არა ჩემს სახლში. 
(მე საერთოდ არა მაქვს სახლი)
დანარჩენები ჩავდე ლარნაკში,
იმ თეთრ ლარნაკში, 
რომელიც მადლობის ნიშნად მაჩუქა ოლგამ.
სულ ყველა დაჭკნა, როგორც ჭკნება თავის დროზე 
ალდიში ევრო და ოთხმოცდაცხრამეტად ნაყიდი ვარდი. 
ის ორი კი ისევ ლამაზი დგას და ალბათ ინახავს სიტყვას?
სიტყვას რომელსაც დათქმული დრო აქვს.




17.10. 2015
მოხურულ კარში
მოვგროვდით ერთად ისევ ისე, როგორც ყოველთვის, - მე და ჩემი სიტყვები მოხურულ კარში, 
ვსხედვართ პირისპირ და შევცქერით ისევ ისე ერთმანეთს ჩუმად,
ყველა ვიღიმით.
თანაბრად წრეში, როგორც ყოველთვის, წინადადების და სტიქონის მიღმა.
(ამ დროს ხშირად, გარეთ ქუჩაში ავტობუსი როგორც სტრიქონი ჩაივლის ხოლმე)
ის ერთი სიტყვა, ისევ ისე, როგორც ყოველთვის, დგება და მიდის. მას ყოველთვის აცილებს მეორე სიტყვა. 
ამის შემდეგ ქრებიან ხოლმე, ეს მოგროვილი სიტყვები წრიდან. 
არა ერთბაშად, ხან ასე, ხან ისე… მაგრამ მგონი იმედით.
ამ დროს არ ვიცით, ის ერთი სიტყვა მართლა წავიდა თუ მხოლოდ დროებით გაქრა.
არ ვკითხავთ მას, როცა ხვალ ისევ, როგორც ყოველთვის აქ მოვგროვდებით.
მე მგონი რაინჰოლდ გლიერიც სიტყვებთან ერთად უსიტყვოდ იჯდა.

 












30.10.2015
ჰამლეტი, ოფელია და მე (g.g.)
დავდივარ და დამდევს ეს to be or not to be.
შავი ჩექმები აცვია და ძირს დაყრილ წიგნებს შორის აბიჯებს,
გარშემო დასდევს ფარფატით
love, love, love, რომელსაც
სიჩქარეში ეკვრება სუნთქვა და თავის შიფონის კაბას აბიჯებს.
ცდილობს გაუსწროს წინ to be-ს,
რომ ჩაჰხედოს თვალებში or not to be-ს.
თითქოს ეს lucky მომენტი
შეკითხვას გაჭრის to be-სთან.
განზე გავდექი, მინდა რომ ვნახო,
თუ ჩამივლიან,
ეს ორივენი და სხვა ყველა wishes.
და სწორედ ამ დროს ხმა გავიგონე,
ფეხის დადგმისას Love -ს კაბის კალთას მოეხა.
მათ ჩამიარეს და სხვაც არავინ არ ჩანს გარშემო
ახლა ვდგევარ და მიჭირავს ხელში,
ეს ვარდისფერი ქსოვილი- wishes.



13.11.2015
სიმღერა "13" -ზე ასო "ჭ"-ს გარეშე 
ნანა, ნენა და რანინა
მინდოდა რაღაც მეკითხა
13 რიცხვის შესახებ.
ჩემი მგზავრობა დაიწყო
რომელიც 7 დღეს გაგრძელდა ;
ჩემი შეკითხვის 4 სიტყვას
თან ახლდა 2 რაინდი.
ყველა ის სიტყვა რომელიც
ჩემი შეკითხვით მოგროვდა,
გზის პირებს აყუდებულნი
თვალს გვაყოლებდნენ მდუმარედ,
მე,-ჩემს შეკითხვას
და 2 რაინდს,- შავი სამოსით ცხენებზე.
სიჩუმე იდგა მცხუნვარე,
თუ მზისგან ჩაჩუმებული
თიხა, ქვები და ნიავი.
ჩემი ქალაქი შორს დარჩა და
შენს ქალაქში მოვედი,
ნანა, ნენა და რანინა.
აი აქ ვდგევარ, კარებთან
შეკითხვითა და პასუხით,
ნაბიჯი რჩება, ეს ბოლო,
იქნებ გადავდგა 13 -ში.
 (გ.გ.)













29.11.2015
როცა ვერელი ქუჩის კატა ორშაბათს საღამოს მღერის
თქვენ ხომ არ იცით,
რომ-
-არც ერთი სიტყვა არაა სწორი,
მან მოგატყუათ, როცა გითხრათ,
რომ -
"დასაბამიდან იყო სიტყვა".  
მას მერე სტყუით,
როცა
სიტყვებით რაიმეს გამოთქმას ცდილობთ,
როცა
სიტყვებით ღმერთთან მისვლას ცდილობთ,
როცა
ვითომ გჯერათ, რომ "ღმერთი იყო სიტყვა".
როცა
ჩემს სათქმელს კნავილს ეძახით,
როცა
სიკვდილთან სალმის თქმა გიჭირთ.

03.12.2015
იყო- არ იყო
იყო და არა იყო რა,
იყო თუ არა იყო რა?
რა არის მაშინ, თუ იყო?
და თუ არ იყო, მაშინ რა იყო?
თუ მე ვიყავი და არ ვიყავი,
თუ შენ იყავი და არ იყავი,
თუ
იყო და არა იყო რა?
"ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ.."
უკვე იყო თუ არა იყო რა?
ეს ჩვენი ზღაპარი,
რომელიც ყოველთვის ასე იწყება:
"იყო და არა იყო რა",
მერე მთავრდება.
"ჭირი იქაო და
ლხინი აქაო",
მაშინ სად არის ეს იყო-და- სად არა იყო რა?
"ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ"
იყოს მაშ ლხინი
და არსად ჭირი,
იყოს ზაფხული და შემოდომა,
გაზაფხულსა და ზამთარს შორის,
ქატოც და ფქვილიც,
თესლიც და ყვავილიც,
აქ იყოს და არა იყოს რა!

03.12.2015
Freedom

ოსარ, ოსარ!
-ეძახის იოჰან ვოლფგანგ,
ოსკარ პიტერსონს,
მაგრამ არ ესმის ოსკარს
რახან "კ"-მ ამ სახელიდან ისკუპა და იქვე კუთხეში მიყუდებუბლი მოკაკვული ხითხითებს.

როგორღაც ისე მომხდარა, რომ ჩვენს დიდ გოეთეს
პიტერსონის
Hymn to Freedom
მოუსმენია,
და უნანია, რომ თავის დროზე შუბერტის ნამღერს
ნოტებს მასთან გაგზავნილს
ათას რვაას ტექვსმეტი წლის 17 აპრილს,
მხოლოდ დაჰხედა, დუმილით შეხვდა.
იმის მაგივრად რომ ხმას აუწიოს,
და ოსკარს კარგად ხმა მიაწვდინოს,
"კ"-ს უბრიალებს თვალებს
და მის თავის ადგილზე მიჩენას ცდილობს.
ო სარ, ოსანა!
ოსკარ, ტრემოლო, გლისანდო
Hymn to Freedom,
ოსანა!










17.12.2015
კვანტ კვინტა. იგივე კვატია
ჰმ, აღმოვაჩინე სინქრონულობა.
(ხომ იცით, რომელიც ასე ფასობს წყვილების ფიგურული სრიალის დროს.)
ორი საგანი, თუ ორი წვეთი, ან იქნებ არის ორი ამბავი ერთად,
ორი ხმა, ორი დაცემა.
ეს გავდა (თუ იყო) კვინტას,- ერთდროულ ბგერებს,
ლა და მი,
რომელთა შორის სიცარიელეყველა ამბებით სავსე ქანაობს,
ისე როგორც ეს საერთოდ კვინტას სჩვევია.
(აქ ახლა მთვარის ხსენება,
ჩაახშო ამ საშინელმა-
"მე რა მამღერებს,უძირო ზეცა, ზამბახის ფერიიი.."
-როგორც ხომ გახსოვთ, "გოლოს-ამერიკის" შიშხინის ხმა.)
ერთ-დროულობა თურმე სულ სხვაა
ვიდრე აკორდი ლა დო და მი.


03.01.2016
ღამის რჩევები, ან როგორც ახლა მოდაზე იტყვიან:
"ინდეგრიენტი"

ლურჯი კარიბჭე,
ნარინჯისფერი ცა,
იასამნისფერი გზა
და ვარდისფერი სინათლე,
-აი ეს დახატეთ თავში,
შემდეგ ეს თავი დაფშვენით 
ორივე ხელის მაგრად მოჭერით,
(გაგიწურიათ ფხალი ოდესმე?)
დაიხედეთ ფეხებთან და
თქვენ დაინახავთ ქვიშას, 
პატარა, მინი უდაბნოს,
ახლა შიგ ჩასვით პატარა აქლემების ქარავანი,
და თუ ცოტა გზასაც გააგრძელებთ
მალე ფატა მორგანასაც იხილავთ.
ამ დროს არ ვიცი 
ღირს თუ არა იმაზე ფიქრი,
რომ თქვენ თავი აღარ გაქვთ,
-ის დაფშვნილია და ქვიშად არის ქცეული

11.01.2016
ზოგი რამ ტ-სზედ
ტ-ზე ვიცი ბევრი სიტყვა, თუნდაც "ტორტი სატიტულო",
და თუ "ტვინი" არ მუშაობს, 
- ტ-კლაც და დგლაც!
ტ, - რომელიც წრის დასასრულს
გამობანტეს (თუ დააბეს?) რვიანით,
შემოგვცქერის Tête-à-Tête
წრიულად მრბოლი კითხვებით:
როგორ ხარ?
კარგად?
რატომ?
რომელი?
როდის?
რამდენი?
და კიდევ:
"კაცია-ადამიანი"?
ყველა ამ კითხვას
ერთად გამოკრულს
რვიანით ბანტად,
ბესიკმა ბაღში
(ტანო-ტატანო!)
"ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართოვო",
- შესჩივლა სევდით.

14.01.2016
პრელუდია ფუგის წინ (სუპის ჭამის წინ)
გუშინ გაგვიტყდა თეფში,
ნამსხვრევები ჩავყარეთ ნაგვის ყუთში.
როცა გვიტყდება სიტყვა
მას ვერ ვყრით
ასოების სიჯიუტის გამო.
ისინი თანახმა არიან
კვლავ შეკოწიწდნენ
თუნდაც გაბზარულ სიტყვად
მზად არიან გადაეშვან
ლაყბობის მორევში,
იმედით, რომ
სადმე რომელიმე ასოს მოხერხებით
(მაგალითად ქ)
გამოედონ ხავსს.
სიტყვა "ხავსს"
დაწერენ თავად
და მას შორიდან კარგად დასანახად
ასევე ხასხასა "მწვანედ" აქცევენ.
მე ხანდახან ასო-ასო დაშლილი მდინარეში ვცურავ,
კი არ ვცურავ, - წყალს მივყვები,
ხანდახან ამ დროს დამნათის მთვარე,
ხანდახან დღეა, მაგრამ ბურუსი ორივე ნაპირს ფარავს.
რახან ვარ რატომღაც სიტყვა,
შეკრებილი ასოებით,
რომელიც მუდამ და მუდამ
ახლიდან იწერება.

17.01.2016
ნაწყვეტები სავსე მთვარის ღამის სიზმრიდან
(ცხრათავიანი 

დევის გარდაცვალების შემდეგ)
შემდეგ: ...
შუაგულ მინდორში ჩამომსვეს,
და ხელში დევის ნაქონი ხანჯალი მომცეს.
გარშემო ნისლის ფთილები
სიჩუმის ხმაზე ირხევა.
შემდეგ… :
ამ ხანჯლით გავფატრე ნისლი,
და დადინებული ბლანტი ნაღველი
სადღაც ჩემს უკან დარჩა.
ვხედავ: ლურჯ ცას და თვალისმომჭრელ მზეს.
ჩემს, ცასა და მზეს შორის
მყოფ ბრჭყვიალა ჰაერს
ვისუნთქავ ფრთხილად.
ნაბიჯს კი ვერ ვდგავ,
რახან ახლა ჩემს ქვეშ სქელი თეთრი ღრუბელი
ყველაფერს ფარავს.
შემდეგ…:
ორი მხედარი მახლდა
ნისლს დარაჯობდნენ ჩემს უკან.
მგონი რომ საზღვარს იცავდენენ
ზმანებასა და ზმანებას შორის.
და
ვიხსენებ მოსვლას, მინდორზე დგომას და აი ამ ხანჯლის მოცემის მომენტს.
ამ დროს ვამჩნევ, რომ ეს ხანჯალი ჩემი ხელიდან ნელნელა ქრება.
შემდეგ:…



Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen