Donnerstag, 9. Juli 2015

გრაფიტი ვირტუალური კედლების ლინგვისტურ-სინტაქსურ გეტოში. ან, ახალი ქალაქის ისტორიები

 - თქვენ ხართ  ლექსი? გამარჯობა, მე ვარ - კონტრლექსი   https://www.youtube.com/watch?v=v33yqeDQx5s
საიდანღაც გამოქცეული ლირიული მე, კედელს აკვროდა, ხელები უსუსურად ჩამოეშვა, თითქოს სად წაეღო არ იცოდა და სანამ ტუჩებ ათრთოლებული რაიმეს თქმას მოახერხებდა  ვაიდა უცებ რას ხედავს: ადგილს მოსწყდა მთელი ჯგრო, მივარდნენ წინადადებას, თითო-თითო სიტყვებს უშენენ ქვებს. აურდაურევენ იქეთ -აქეთ, ამოაგლიჯენ წინადადებიდან, ამ მიყრილ-მოყრილი სიტყვების ქაოსში, რაც ხელში მოხვდებათ მიატყეპებენ სადაც მოხვდებათ, ხორხოცით დაარბენინებენ, მტვერში ამოგვანგლულებს სახეები კარგად არ უჩანთ. სიტყვაში ასოები ერთმანეთში იხლართებიან, ერთმანეთს ეხეთქებიან, მთელი ძალით ცდილობენ, რომ არ აირიონ, კოჰორტასავით დგებიან. გარშემო ბუღია და გუგუნი.
წინადადებები ოღრო-ჩოღრო ლაგდებიან. მათ მხოლოდ სტატუსურ-სტატიური სიმწყობრე გააჩნიათ. როდესაც ბუღი ცოტა გაიფანტა, ლირიულმა მემ შეამჩნია, რომ ეს ნასროლი ქვები გაქვავებული ასოები ყოფილან. ეტყობა მანამდე დაგლეჯილი წინადადებებიდან.

"მონა კვდებოდა...
და არ იცოდა ვის უკვდებოდა...
პატრონს?.. თავისთავს?.."

თქვენს წინაშეა სიტყვის ქალაქი!

აქ სიტყვა სიტყვას რეალურად ედება და შენდება, - სივიწროვე- უკიდეგანო. მშენებლობა არსებული გენგეგმით მიმდინარეობს, სტრუქტურა მკაცრადაა განსაზღვრული და რაიმე გადახვევა შეუძლებელია.
კომენტარების ფანჯრები ბეტონის ბლოკებივით ერთიმეორეს ეწყობა. აქაურ საშენ მასალას, სიტყვებს და მათაგნ შემდგარ ბლოკებს სიმკვივესთან ერთად, თავისებური ბლანტი ზედაპირი აქვს და დამატებით რაიმე დუღაბსა და ცემენტის მსგავს ნივთიერებებს არ საჭიროებს.
ადამიანები ძველი ეგვიპტური ნახატებივით პროფილებად არიან განლაგებულნი. განსხვავება ადვილი შესამჩნევია, ეგვიპტურში პროფილზე ფრონტალურად დახატული თვალი, აქ არ შეინიშნება.

„რთულია მარტივი ცხოვრება.“

რახან ქალაქს სიტყვაჭამიები აშენებენ, ის ამიტომაც მუდამ მშენებარეა. ყოველ ცარიელ-სიჩუმის ადგილას ახალ-ახალი შენობები იდგმება და მათ იმავე წამს,- „ჰედლაინებიც“ ზედ ეკვრება, როგორც რომ დიდი უნივერმაღის რეკლამა ყოფილიყოს. უკვე დაწერილი კვლავ და კვლავ იწერება, მაგრამ გამოტოვებულიც უფრო მეტი რჩება. ეს ყველაფერი მალევე ინთქმება ქრონოსში, ან კი საიდუმლოება დაკარგული რომელიმე სინტაქსურ გეტოში სამუდამოდ გამოკეტილი რჩება.

„ვისაც სულს შიგნით არაფერი არ აბადია,
სულს გარეთ დიდი მებადურია...“

ქალაქში მთელი რიგი მონოთემატური უბნებია. ერთიდა იგივე სცენები დამთავრებისთანავე ისევ თავიდან იწყება, როგორც ეს ამ დროის თანამედროვე ხელოვნების ვიდეოინსტალაციებზეა ხოლმე.

საკუთარი არქივი
ასეთი ადგილების გვერდის ავლას ლირიული მე განსაკუთრებით ცდილობს ხოლმე, მაგრამ ყველა მცდელობის მიუხედავად, დღეში ერთხელ მაინც აღმოჩდება ხოლმე ასეთ უბანში.
ჰო მართლა..! დღისა და ღამის ცვალებადობა აქ მაგნიტური ტალღების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული. ამ ქალაქის გარშემო დიდი ტელეეკრანებია აღმართული, რომლებიც გამუდმებით სხვადასხვა ისტორიებს ასხივებენ და თუ ეს გამოსხივება კლებულობს, ესე იგი ღამეა.

"მოგისმენიათ ძაღლის ტირილი
სადღაც ბინიდან?
მკვდარ პატრონს სტირის? ძაღლურ ცხოვრებას?"

ლირიული მეს განსაკუთრებული სიხარულია, თუ მის ჩუმად მიწერილ გრაფიტზე მიხატულ გულებს დაინახავს სადმე. გული აუფანცქალდება და მაშინვე ტირილს იწყებს. ტირის ყველაფერზე ერთდროულად, რაც კი რამ არსებულა და რაც კი რამემ უნდა იარსებოს. რომელიმე ასოზე ჩამომჯდარი უცებ გრძნობს, თუ როგორ იწყებს ჩაძირვას და შეშინებული იძულებულია წამოხტეს და გზა გააგრძელოს. ლინგვისტურ-სინტაქსური ქალაქი ვერტიკალურია, სვეტიქრონოსია. ლირიულ მეს სვეტიცხოველი გაახსენდა მაგრამ ამაზე ტირილი ვეღარ მოასწრო ამასობაში სწორედ მონოთემატურ უბანში ამოუყვია თავი.
აქ ერთი ისვრის. ისვრის და ისვრის დაუღალავად. დაიხრება, რაც ხელში მოხვდება, აიღებს და ისვრის. ისევ და ისევ მხოლოდ ამას აკეთებს. მეორე ექაჩება სიტყვას სრტიქონიდან, უნდა რომ ჩამოგლიჯოს, მესამეს იმოდენა ტომარა აქვს მოთრეული, დიდი ნიჩბისხელა ხელები აქვს, დაიხრება, ჩაჰყოფს მას ტომარაში, იღებს ამ მოჭუჭყნულ-ასოამოვარდნილ სიტყვებს და მიადღლაბებს კედელზე. აქ და იქ, თმადაკულულებული პატარა არსებები მოცვივდებიან ხოლმე უცებ საიდანღაც წვრილ ხმაზე კისკისებენ და ერთმანეთზე ხელჩაკიდებულნი ამ მიდღაბნულების გარშემო „ზილინაა, ზილინაა, ჰოპ ზილინა ზილინა“ -უვლიან გარშემო - სტატუსს. სტატუსი ამ ქალაქის მშენებლობის მთავარი კონსტრუქციული ელემენტია, რომელიც პროფილებიდან იმართება.

"დამღალა ამ მთვარემ,
ნელ-ნელა გავცივდი
და მოვწყდი გარე სამყაროს,
ეს ერთის მხრივ კარგია,
მეორეს მხრივ - ცუდი,
რადგან რა არის დედამიწა უზეცოდ..."

ლირიული მე ჰხედავს გოგონას, მისი გრძელი თმები თითქმის ფეხებამდე აქვს ჩამოშლილი დაშორიდან თითქოს ბურკაში გახვეულაო. ის შეუმჩნევლად, კედლის წინ მდგარი, კითხვის ნიშნად გაშეშებულს ჰგავს და აკანკალებული ხელით ჩუმად გამოჰყავს ასოები თავისებურად:

Foto: Alan Harvay 
„ეს ლექსი არის არც ისე ცუდი,
მაგრამ ის არის არც ისე კარგი
და თუ დახიე თარსი ფურცელი,
გადაიტანე ეს დანაკარგი.
თუკი გაიგე ჩემი სათქმელი,
მაშინ პასუხად მითხარ:..“


სიტყვაჭამიების ქალაქს მომარაგების პერმანენტული წყარო გააჩნია და ის გამართულად მუშაობს. პარალელური ქალაქიდან გამოსროლილი ხელყუმბარები, რომლებიც გარშემო დამონტაჟებული ტელეეკრანებიდან მაგნიტური ტალღებით გადმოიცემა - სიტყვათა მთელი შეთანხმებები, შხუილით ცვივიან  ხოლმე. ზოგი, ვინც ზღვარზე იმყოფება, პირდაპირ ხელებზე ხონჩადადგმული ცეკვა-ცეკვით შემოიტანს ხოლმე სიტყვაჭამიებში სიტყვების მთელ ხონჩას, თითქოს ხურმისა და ლეღვის ჩირებიაო ლამაზად დალაგებული, ყურძნის აკიდოსავით ასხმული. გამაყრუებელი ხმაც კი შემოგესმებათ, მაგალითად ისეთი სიტყვ-აკიდოს დანახვისას, როგორიცაა -“სტერილური არქეოლოგიური ობიექტი”. თუმცა, ეს აფეთქებები სიტყვიერი ბეტონით ნაგებ ქალაქს, რომელიც მკვიდრადაა დაფუძვნებული ლინგვისტურ-სინტაქსურ გეტოებზე - ვერაფერს აკლებს.

„უბედურია შიში ადამიანში
არაადამიანში ბედნიერად გრძნობს თავს
როგორც გაზაფხულზე საკურას ტოტი.“

ზოგჯერ რომელიმე ფანჯრიდან ხალიჩასავით გადმოეფინება ხოლმე ლექსი-სტატუსი. ეს ის მომენტია, - ნიავის ქროლვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა, ძალიან მოკლეა და ამიტომ მხოლოდ ახლო მდგომი თუ შეიგრძნობს მას. ამ ქალაქში ხომ ნიავი არ არსებობს. ჰაერის არსებობა მხოლოდ აკუსტიკურია და საერთოდ მას აქ ჰაერიც არ ჰქვია, არამედ სხვა რამ.

რახან პოეზიის ეს სტატუს-ბლოკები ბლანტ წებოვნებას მოკლებულია, ამიტომ ქრონოსში ვერ მაგრდება. აი ამ დროს იმარჯვებს ხოლმე ლირიული მე, გააფთრებული ჩაეჭიდება ამ პატარა სტრიქონებს, ყველა არსებული მეთოდებით სულმოუთქმელად ცდოლობს მათ კონტრა-პუნქტი შეუქმნას. ჩამოწერს კონტრლექსს, რომ ამ სტიქონებმა სადმე მაინც მოჭიდება შეძლონ. ასეთ მომენტებში ლირიული მე უცებ უკიდეგანო განზომილებებს იღებს, რაღაც კოლო-სალურ ლანდად იქცევა, ქალაქის მთელ თვალსაწიერზე გადაჭიმული. ბინდის რაღაცა ფენაა ქალაქსა და გარე ეკრანებს შორის.


მთლიანობაში ეს მომენტი მაინც სიტყვაჭამიების ქალაქს ერთგვარ სიმწყობრეს უკარგავს ხოლმე, მაგრამ რაიმე სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს. ამიტომაც ამ საკითხის გადასახედად დროსაც არავინ ხარჯავს.
ყველამ იცის, რომ მაქსიმუმ ერთ დღეს გაუძლოს ამ მოვლენამ. სიტყვების ქალაქში მზის ამოსვლა უსხივოა და ის კალენდარულ ინტერესს წარმოადგენს.


"დაღლილ მზეს ვეღარ გაუგია
ამოდის თუ ჩადის...
ვუყურებ სიბრალულით და
მაბრუებს სურნელება
ახლადგამომცხვარი მჭადის..."

თუ ასეთი გრაფიტი საყოველთაო ასო-ქვების სროლას გადაურჩა, გამოჩდება რომელიმე მოქალაქე, (ალბათ სპეცსამსახურებიდან) და სიტყვა „სურნელებას“ უცებ გადაშლის. ან, შეცვლის მას სიტყვა „ოხშივარით“. სუნი, განსაკუთრებით სურნელება, ასევე ბგერების მთელი რიგი - ქალაქის ხსენებულ გენგემაში გათვალისწინებული არაა. აი, ახლაც გაჩენილ გრაფიტის,-

„საკურას ვუმზერ
საკეს ვსვამ
სიყვარულს ვეფერები“ - ფხუკ-ფხუკ.. - სად იყო და სად არა, იმავ წამს იქვე მოქალაქე გაჩდა და სიტყვას თითით ასოებს აფხიკავს და იციცქნება. აყუდებულს, სტრიქონის მოსახვევში ვიწყო მხრები, უკან გადავარცხნილი თხელი თმები მოუჩანს. პატარა, მოძრავ თვალებს მხოლოდ კედლის იქეთ, მეორე მხრიდან ხედავენ, კედლების იქეთა ქალაქიდან. ამაზე სხვა დროს...

"მთელი დღე გაბმით ვითვლიდი წამებს,
ამეკვიატა დროით გართობა,
როგორც სნეული ვესწრაფვი წამლებს,
ვერ შემაშინოს დიდმა ფართობმა.
თუ დაიწყება წვიმა, მე წავალ,
თმას დავისველებ ცხელი წვეთებით,
ნოტიო სუნი შემეჯახება
რაღაც საოცრად უცხო ფეთებით...
და მთვარე, ჩვენი ნაცნობი მნათე,
 ჩაისეირნებს ღვინის დაღმართით,
მიზიდულობის უმკაცრეს წესებს
ვეთაყვანები, როგორც წარმართი."

ლირიული მე ქალაქში ვიწრო თეთრ დარჩენილ ვიწრო ზოლებზე ცდილობს შეუმჩნევლად სიარულს. ესაა ერთადერთი ე.წ. მინდორი. ეს შედარებით უსაფრთხო ადგილებია, მაგრამ სწორედ გუშინ გადაეყარა ერთ აბზაცთან, კუთხეში კედელზე მიწოლილ პირდაღებულ მუცელგაბრეილს, ფეხები რომ ამ მინდორზე დარჩენოდა. თავად ვეღარ ინძრეოდა, ეტყობა გამოსკდა ასოების ჭამით. მის გვერდით მდგომი დაუღალავი თანამოაზრე კი, რომელიც მონდომებული აძრობს კედლიდან სიტყვებს და ამ მუცელგაბერილის ღიად დარჩენილ პირდაპირ პირში ყრის. ხელში რაღაც ბრტყელპირიანი თოხივით იარაღით ატკეპნის კიდეც, რომ კარგად ჩატიოს.
საკუთარი არქივი
ლირიულმა მე-მ შეშინებულმა მთელი ძალ-ღონე მოიკრიფა, მოაჯირიდან პირდაპირ მდინარე დომხალში გადაეშვა, რომ ამ ადგილისათვის როგორმე თავი დაეღწია. კიდევ კარგი ბავშვობაში ცურვაზე დადიოდა. აქოშინებული ძლივს გავიდა მეორე ნაპირას. თავი კი დააღწია, მაგრამ ნაპირზე ასული მწარედ აქვითინდა და იტირა, როგორც იცის ხოლმე, - ყველაფერზე ერთდროულად.

"როცა წარმოვთქვამ სიტყვა მიმავალს,
მისი ბოლო მარცვალიც ხომ უკვე წასულია...
გავიდა შენგან უიმედოდ...
რაღა მოაბრუნებს..."
საკუთარი არქივი
ქალაქის გენგეგმაში ე.წ. „თავისუფალი ზონის“ კედლებიც გათვალისწინებული, რომელიც სხვა უბნებისაგან დაჯავშნული ვიტრინის შუშებითაა გამოყოფილი.
აქ, ელეგანტურად ჩაცმულებს თეატრალური ბინოკლები უჭირავთ ხელში. დრო და დრო გამჭირვალე კედელისკენ აქვთ პროფილ-თავი მიტრიალებული.
აქ ვაკუუმ-უაჰაერო ყაყანი, (ჰაერზე და ბგერების სპეციფიკაზე სხვა დროს) არ ისმის. ჰარმონია უმელოდიოა, - აგებულია მოტივ-წინადადებებზე, რომელსაც ვინმე ლენტით ტანმოვარჯიშესავით შემოალივლივებს და დანარჩენები მსგავს ან იგივენაირ-ორიგინალ სიტყვებს ჩამოაყრიან, ფრიალა ლენტებად სვეტში. თამაშის წესი ყველამ იცის, ამიტომ კარგადაც გამოსდით.

"შენ ხარ ჭკვიანი... შენ ხარ ბრძენი...
და რა სულელი – ამავდროულად, ადამიანო..."

გრაფიტი ვირტუალური კედლების ლინგვისტურ-სინტაქსურ გეტოში.
ან,- ახალქალაქი- ნაქალაქევის ადგილას
საკუთარი არქივი

- თქვენ ხართ ის ლექსი? გამარჯობა, მე ვარ - კონტრლექსი

ამოყენებულია გამოყენებულია ფარნა კორინისა და ნინა ნინო ჭყონიას ლექსები

სახურავზე ასულა კატა...
თავადაც არ იცის, რატომ...
უყურებს მთვარეს გაკვირვებული,
რა მემთვარება ამ უბრალო კატას?..
ჩექმები მაინც მეცვას... მეკიდოს დაშნა...
არ ვენახვებოდი ავ თვალს...
გადვიკიდებდი გიტარას,
ვიმღერებდი სერენადას...
განა უბრალოს, გაცვეთილ სასიყვარულოს, –
სემირამიდას ბაღზე...
იქ მოსეირნე პატარა პრინცზე
და კიდევ უფრო პატარა პრინცესაზე...
ის პრინცი ვიქნებოდი მე...
პატარა ჩექმებიანი... პატარა დაშნით...
მთვარე იქნებოდა მზიანი...
ალერსიანი...
და სახურავზე მჯდომ კატას
ქვას კი არ ვესროდი,
გიტარას მივაწვდიდი პატარას...

სიტყვაჭამიების ქალაქში ერთი დიდი საიდუმლოა. ამის დრო მოვა!

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen